როდის და რატომ გადაშენდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი მაიმუნი — #1tvმეცნიერება
როდის და რატომ გადაშენდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი მაიმუნი — #1tvმეცნიერება

უდიდესმა მაიმუნებმა, რომლებსაც კი ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, დროის გამოცდა ვერ ჩააბრეს და მაშინ გადაშენდნენ, როცა მათი პატარა თანამოძმეები გარემოში მომხდარ ცვლილებებს შეეგუვნენ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

გიგანტოპითეკი (Gigantopithecus blacki) სიმაღლეში დაახლოებით სამი მეტრი იყო და 300 კილოგრამამდე იწონიდა. თუმცა, იმ დროის მეგაფაუნის სხვა მრავალი წარმომადგენლის მსგავსად, ეს გიგანტური ცხოველი მზად არ აღმოჩნდა გარემოში სულ უფრო მზარდი ცვლილებებისათვის, რაც შეძლეს სხვა უფრო სხარტმა ადამიანის მსგავსმა მაიმუნებმა, მაგალითად, ორანგუტანებმა.

ამ დროისათვის აღმოჩენილია G. blacki-ს ოთხი ქვედა ყბა და რამდენიმე ათასი კბილი. უკვე ათწლეულებია, პალეონტოლოგები ამაოდ ცდილობდნენ მისი გადაშენების ქრონოლოგიისა და მიზეზის დადგენას.

G. blacki-ს ამბავი პალეონტოლოგიაში იდუმალებით არის მოცული — როგორ მოხდა, რომ ასეთი ძლიერი არსება გადაშენდა იმ დროს, როცა სხვა პრიმატები ადაპტირდნენ და გადარჩნენ?“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგი ინგქი ჟანგი.

G. blacki-ს გადაშენების ამბის დეტალების გასარკვევად, ჟანგმა და მისმა კოლეგებმა იმ გარემოს რეკონსტრუქცია მოახდინეს, რომელშიც ეს ცხოველი დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, როცა პრიმატები პირველად ჩნდებიან ნამარხებში; ასევე აღადგინეს შუა პალეოცენის ბოლო პერიოდის გარემოც, როცა ის გადაშენდა.

მათ სამხრეთ ჩინეთის 22 მღვიმეში აღმოჩენილი ნამარხები და დანალექების ნიმუშები შეისწავლეს; G. blacki-ს ნარჩენებს მათი ნახევარი შეიცავდა. საერთო ჯამში, ეს ნამარხები G. blacki-ს მტკიცებულების უდიდეს კოლექციას წარმოადგენს, მოიცავს მის მთლიან დიაპაზონს.

მართალია, ნამარხები გადაჭრით ვერ გვეტყვის სახეობის გადაშენების მიზეზს, მაგრამ მინიშნება, თუ როფის გაქრა სახეობა, მკვლევრებს ეხმარება კონცენტრირდნენ იმ პერიოდებზე, როცა გადაშენების პარალელურად, ცვლილებები ხდებოდა გარემოსა და ქცევებში.

„სანდო დათარიღების გარეშე, მინიშნებებს უბრალოდ არასწორ ადგილებში ეძებ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ავსტრალიის მაკკუორის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგი კირა ვესტვეი.

დათარიღების ექვსი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიღებულ 157 რადიომეტრული მონაცემზე დაყრდნობით, ჟანგმა, ვესტვეიმ და მისმა კოლეგებმა შეაფასეს, რომ G. blacki დაახლოებით 295 000 – 215 000 წლის წინ გადაშენდა.

ყვავილის მტვრის ანალიზებმა ცხადყო, რომ G. blacki-ის უშუალოდ გადაშენების წინ და შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ტყეები ისე შეიცვალა, რომ ამ ცხოველისთვის ხელსაყრელი აღარ იყო; ხშირი, გაუვალი, წყლითა და ხილით სავსე ტყეები გადაიქცა მშრალ, უფრო ღია ტყიან, აალებისადმი მიდრეკილი საძოვრებისა და გაზრდილი სეზონურობით გამორჩეულ ლანდშაფტად.

ასეთი კლიმატური ცვლილება G. blacki-ის გაქრობის მიზეზი გახდა. როგორც კბილების ანალიზები აჩვენებს, მისი უახლოესი ნათესავი პრიმატის, ამჟამად ასევე გადაშენებული ჩინური ორანგუტანისგან (Pongo weidenreichi) განსხვავებით, G. blacki გარემოს ცვლილებას კარგად ვერ შეეგუა

G. blacki-ს აღსასრულის მოახლოების პერიოდის კბილებს ქრონიკული სტრესის ნიშნები აქვს; ნაკლებად მრავალფეროვანი გახდა მისი კვების რაციონიც, რადგან ტყეები გამეჩხერდა და გამოშრა. შემცირდა მისი პოპულაციის რაოდენობა და გეოგრაფიული დიაპაზონი.

„ეს გახლავთ პირველი ცნობები G. blacki-ს, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობის ქცევის შესახებ. ეს ქცევები სრულიად განსხვავდება P. weidenreichi-ისგან, რომელსაც იმ პერიოდში გაცილებით ნაკლები სტრესი აღენიშნებოდა“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა განცხადებით, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ G. blacki უფრო ღია ტყეებში აღმოჩნდა, არამედ უფრო ის, რომ ეს ადამიანის მსგავსი მაიმუნი დამოკიდებული იყო საკვები ნივთიერებებით მდიდარ ხილზე, რომელიც შეცვლილ ტყეში იშვიათობა გახდა.

რამდენადაც გარემოს ცვლილება ასე საბედისწერო აღმოჩნდა G. blacki-სთვის, მკვლევრები ფიქრობენ, რომ მისი ამბიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია შეცვლილი კლიმატის მიმართ პრიმატების მდგრადობის შესახებ, როგორც წარსულში, ისე მომავალში.

„ახლა, როდესაც მეექვსე მასობრივი გადაშენება გვიახლოვდება, სასწრაფოდ საჭიროა შევისწავლოთ, რატომ გადაშენდნენ წარსულში სახეობები“, — ამბობს ვესტვეი.

კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.