ადამიანის მსგავს მაიმუნებს აფრიკაში საცხოვრებელი გარემო მალე საერთოდ აღარ დარჩებათ — #1tvმეცნიერება
ადამიანის მსგავს მაიმუნებს აფრიკაში საცხოვრებელი გარემო მალე საერთოდ აღარ დარჩებათ — #1tvმეცნიერება

ადამიანები გადაშენებას უქადიან პლანეტა დედამიწაზე ჩვენს უახლოეს ნათესავებს. თუ ქცევას არ შევიცვლით, ჩვენ შეიძლება ადამიანის მსგავს მაიმუნთა (ჰომინიდები) უკანასკნელი წარმომადგენლები ვიყოთ.

ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ ადამიანის საქმიანობის შედეგად ჰაერის დაბინძურება და მიწათსარგებლობა ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის აფრიკაში ადამიანის მსგავს მაიმუნთა საცხოვრებელი გარემო (ჰაბიტატი) 94 პროცენტით შემცირდება.

მაშინაც კი, თუ ერთობლივად ვიმიოქმედებთ, შევამცირებთ წიაღისეული საწვავის მოხმარებით გამოწვეულ გამონაბოლქვს და დავიცავთ ეკოსისტემებს, მოდელები აჩვენებს, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში, გორილების, შიმპანზეებისა და ბონობოების (ჯუჯა შიმპანზე) საცხოვრებელი გარემო აფრიკაში 85 პროცენტით შემცირდება.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სცენარი გამართლდება, საცხოვრებელი გარემოს დაახლოებით ნახევარი დაცულ ტერიტორიებზე დაიკარგება, მაგალითად, ეროვნულ პარკებში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლიმატის ცვლილება ადამიანთა მიერ დაწესებილ საზღვრებს არ აღიარებს. მსოფლიოს გათბობისა და ლანდშაფტის ცვლილების კვალდაკვალ, ადამიანის მსგავს მაიმუნებს ყოველთვის აქვთ უფრო მაღალ ზონებში გაქცევის შანსი, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ბევრი სახეობა ნელა მრავლდება და ესაჭიროება შესაფერისი გარემო.

ასეთმა მიგრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მსგავს მაიმუნთა გადინება დაცული ტერიტორიებიდან, რაც მათ პოპულაციებს რისკის ქვეშ დააყენებს. უფრო მეტიც, ახალი მოდელების მიხედვით, შიმპანზეების, გორილებისა და ბონობოების ჰაბიტატი ძირითადად დაუცველ ტერიტორიებზე გადაინაცვლებს, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობა, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, ტყის ჩეხვა და ურბანული განვითარება.

ამჟამინდელი პროგნოზები ეფუძნება აფრიკული მაიმუნების პოპულაციის ამ დროისთვის ყველაზე სრულყოფილ მონაცემთა ბაზას. სხვადასხვა კლიმატური პროგნოზების, მიწათსარგებლობის და ადამიანთა პოპულაციის პროგნოზების გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, მართლა როგორ საფრთხეში არიან ეს ქმნილებები.

მართალია, ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რამდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ბოლო ათწლეულებში ადამიანის მსგავსი მაიმუნები, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვლევამ სცადა იმის გარკვევა, რა დაემართება მაიმუნთა პოპულაციებს მომავალში.

აფრიკასა და აზიაში, ადამიანის მსგავსი მაიმუნები საფრთხის ქვეშ არიან, ზოგან კრიტიკულად; ის, რაც მათი საცხოვრებელი გარემოდან დარჩა, ადამიანთა ჩარევის გამო სწრაფად უჩინარდება.

ამ მომენტისათვის, ყველაზე საუკეთესო სცენარიც კი არ გამოიყურება კარგად. დაცული ტერიტორიები, რომლებიც აფრიკაში ადამიანის მსგავს მაიმუნთათვის შექმნეს, ამ საკითხს მაინც ვერ შველის.

მოდელები უჩვენებს, რომ აფრიკაში ადამიანის მსგავსი ყველა მაიმუნს მასობრივი დანაკარგები ელოდება, მიუხედავად იმისა, შენარჩუნდება თუ არა დაცული ტერიტორიები.

ამჟამად, ადამიანის მსგავსი მრავალი მაიმუნი აფრიკაში ამ ტერიტორიებს მიღმა ბინადრობს, ზონებში, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის ან ზეთის პალმის პლანტაციებისთვის.

მაგალითად, გრაუერის გორილების (აღმოსავლეთის დაბლობის გორილა) სამი-მეოთხედი დაუცველ ტერიტორიებზე ბინადრობს; ასეა მთის გორილების 64 პროცენტის და მდინარის გორილების 91 პროცენტის შემთხვევაში. დაუცველ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ბონობოების 80 პროცენტი, ნიგერია-კამერუნის შიმპანზეების 90 პროცენტი და აღმოსავლეთის შიმპანზეების 80 პროცენტი, შავსახიან შიმპანზეთა 80 პროცენტი.

ალბათ ხვდებით, რომ ეს დაუცველი ტერიტორიები ყველაზე მოწყვლადია ადამიანის საქმიანობისადმი.

„ის ფაქტი, რომ დანაკარგების დიდი ნაწილი დაცულ ტერიტორიებს მიღმაა მოსალოდნელი, წარმოაჩენს აფრიკაში ამჟამინდელი დაცული ტერიტორიების ქსელის არასაკმარისობას, რომლებმაც ადამიანის მსგავს მაიმუნთათვის შესაფერისი ჰაბიტატები უნდა შეინახოს და მათი პოპულაციები ერთმანეთთან დააკავშიროს“, — ამბობს ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯოანა კარვალიო, რომელიც პრიმატების ეკოლოგიასა და კონსერვაციას სწავლობს.

ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილება ზოგიერთ ჰაბიტატს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის, მაგრამ ასევე შეიძლება შექმნას ახალი საცხოვრებელი გარემო. თუმცა, შეიძლება ასობით ან ათასობით წელი დასჭირდეს, რომ ადამიანის მსგავს მაიმუნთა პოპულაციები ახალ და შესაფერის ზონებში მიმოიფანტონ.

30 წელიწადი სავარაუდოდ საკმარისი არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სწრაფად ხდება კლიმატის ცვლილება, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნები სავარაუდოდ ვერ შეძლებენ იმ მასშტაბის მიგრაციებს, რაც საჭიროა.

მრავალი სახეობისთვის ეს შეიძლება დასასრული იყოს. მაგალითად, თუ შიმპანზეები საცხოვრებელ გარემოს არ შეიცვლიან, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ მათი სამი-მეოთხედი გაქრება.

მეორე მხრივ, წასასვლელი არსად აქვთ მთისა და მდინარის გორილებს. ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ადამიანის მსგავს მაიმუნთა ეს ორი სახეობა სრულიად დაკარგავს შესაფერის საცხოვრებელ გარემოს და ახალს ვერ იპოვის.

„ადამიანის მსგავს მაიმუნთა ჰაბიტატებიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გლობალური მოხმარება ამ სახეობათა შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ყველა ქვეყანას, რომელიც ამ რესურსებით სარგებლობს, აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს ადამიანის მსგავს მაიმუნთა უკეთესი მომავალი, დაიცვას მათი საცხოვრებელი გარემო და გადავიდეს უფრო მდგრად ეკონომიკაზე“, — ამბობს მაქს პლანკის ინსტიტუტის ეკოლოგი ჰალმარ კიუჰლი.

იგივე პრობლემების წინაშე დგანან ადამიანის მსგავსი მაიმუნები აზიაშიც.

1990-იანი წლებიდან დღემდე დაიკარგა ორანგუტანების ჰაბიტატის 80 პროცენტი და თუ ასე გავაგრძელეთ, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ უახლოეს ათწლეულებში ეს მაიმუნები გადაშენდებიან.

ძალიან დიდი შანსია, რომ საუკუნის მიწურულს, დედამიწაზე ადამიანის მსგავს მაიმუნთა (ჰომინიდები) მხოლოდ ერთი სახეობა — ადამიანი დარჩეს.

კვლევა Diversity and Distributions-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.