მეცნიერებმა დააფიქსირეს, როგორ ესვრიან შიმპანზეები ხეებს ქვებს და ყვირიან — მიზეზი ჯერ უცნობია
მეცნიერებმა დააფიქსირეს, როგორ ესვრიან შიმპანზეები ხეებს ქვებს და ყვირიან — მიზეზი ჯერ უცნობია

დასავლეთ აფრიკაში შიმპანზეებს ერთი უცნაური სიმღერა აქვთ — ყიჟინას სცემენ, შემდეგ ხეს ქვას ესვრიან, შეიძლება ორჯერაც; ამის შემდეგ კი იქაურობას ეცლებიან.

წარმოდგენა არავის აქვს, რას შეიძლება ცდილობდნენ ამით ჩვენი პრიმატი ბიძაშვილები. გარკვეული მინიშნება შეიძლება მოგვაწოდოს იმ ინსტრუმენტებმა, რომლებსაც ისინი ამ საქმისთვის ირჩევენ — როგოც მკვლევრებმა შენიშნეს, შიმპანზეები ხეებს მხოლოდ გარკვეული ტიპის ქვებს ესვრიან.

ასეთი ქცევა პირველად გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის პრიმატოლოგებმა შენიშნეს რამდენიმე წლის წინ. ახლახან მათ სცადეს გაერკვიათ, წარმოადგენს თუ არა ქვების სროლა შიმპანზეებისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთ ტიპს.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ჩვენი პრიმატი ნათესავები ქვებს სხვადასხვა პრაქტიკული დანიშნულებით იყენებენ, ბაკნიდან კუს ხორცის გამოსაღებად თუ იარაღების სახით.

2016 წელს, მაქს პლანკის პრიმატოლოგებმა დასავლეთ აფრიკის შიმპანზეების ოთხ ველურ პოპულაციაში დააფიქსირეს მაიმუნები, რომლებიც მგზნებარე ყიჟინას სცემდნენ, შემდეგ კი მოზრდილი ხეს ერთ ქვას ესროდნენ და იქაურობიდან გარბოდნენ.

მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას სჩადიოდნენ შიმპანზეები ამ საქციელით. რჩებოდა რაღაც კულტურული, რიტუალური მოქმედების შთაბეჭდილება. რეგულარული მოქმედების შედეგად, ხის ძირში მიყრილი იყო წაწვეტებული ქვები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ განსაკუთრებულ ინსტრუმენტებს რაღაც სპეციალური დანიშნულება ჰქონდა.

ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ქვის სროლით გამოწვეული ხმა წარმოადგენს ერთგვარ შეტყობინებას შორ მანძილზე, დაახლოებით ისე, როგორც ავსტრალიური პალმის კაკადუები ხეს ჯოხებს ურტყამენ პარტნიორის მისაზიდად.

მკვლევრები ასევე შეაცბუნა იმ ფაქტმა, რომ შიმპანზეები, რომლებიც „აკუმულირებადი ქვების სროლის პრაქტიკას“ მისდევდნენ, ქვებს არ ესროდნენ არც ერთი ტიპის ბებერ ხეს; ისინი დროდადრო ერთი და იმავე სახეობის ხეებს უბრუნდებოდნენ.

იქნებ ხეს ჰქონდა სპეციალური ხარისხი, რომელიც ხმას მთელ ტყეში ავრცელებდა, ანუ წარმოადგენდა შიმპანზეების ერთგვარ ტელეგრაფის სერვისს?

როგორც მკვლევართა ჯგუფი წერს, მათი აზრით, ის ხეები, რომლებსაც შიმპანზეები ქვებს ესვრიან, გამოსცემს დაბალი სიხშირისა და დიდი რეზონანსის მქონე ხმებს და შესაბამისად, ოპტიმალურია დიდ მანძილზე კომუნიკაციისათვის.

სამწუხაროდ, ვიდეოს, რომელშიც შიმპანზეების ეს ქცევაა ასახული, საკმარისი ხმა არ აქვს, რომ მკვლევრებმა ანალიზი ჩაუტარონ.

საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფთან ერთად, პრიმატოლოგებმა ერთმანეთს შეადარეს მაიმუნების მიერ ხეზე ქვის სროლისას გამოცემული ხმების 125 ჩანაწერი.

ამის შემდეგ, სპეციალური ალგორითმით გაარკვიეს დეტალები სამი სპეციფიკური მახასიათებლის შესახებ — ხეების შიდა ხახუნი, რაზეც არის დამოკიდებული ხმის ჩახშობა; ზედაპირის სიმტკიცე, რაზეც დამოკიდებულია დარტყმის სიმკვეთრე; და ე. წ. მოდალური პასუხი, რითაც გაირკვა სიხშირეების სპექტრი.

მკვლევრებმა ასევე გაზომეს ხეების დიამეტრი და შეისწავლეს, ჰქონდა თუ არა ამ ხეებს შესაფერისი ზომის კონტრფორსული ფესვები.

კომუნიკაციის ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, აღმოჩნდა, რომ „აკუმულირებული ქვის სროლის“ ხეები უფრო დაბალი სიხშირის ბგერებს გამოსცემდა, რომელთა ექცოც შედარებით დიდ მანძილზე ვრცელდება. უმეტეს მათგანს ასევე ჰქონდა ზედაპირზე ამოსული დიდი ფესვების საძირკველი, რაც ხმის გავრცელებას კიდევ უფრო აძლიერებდა.

გაირკვა, რომ ყველა ხეს ჰქონდა ისეთი საერთო მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებს, რომ შიმპანზეები მათ ხმის ხარისხის გამო ირჩევდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხეზე ქვის სროლამდე, შიმპანზეები ხმამაღალ ყიჟინას სცემდნენ, რაც მთელ ამ პროცესს კიდევ უფრო უცნაურობას სძენდა.

Science Magazine-თან საუბრისას, კვლევის ავტორი ემი კალანი ვარაუდობს, რომ ქვების სროლას შიმპანზეებისთვის ერთგვარი საერთო სიამოვნების დანიშნულება აქვს.

თუმცა, ამ უცნაური ქცევის ზუსტი დანიშნულების გასარკვევად, დამატებითი კვლევებია საჭირო.

კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.