შიმპანზეები სამკურნალო მცენარეებით ერთმანეთს პირველად დახმარებას უწევენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
შიმპანზეები სამკურნალო მცენარეებით ერთმანეთს პირველად დახმარებას უწევენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ველური ბუნების ბინადარი შიმპანზეები ერთმანეთის ჭრილობებზე პირველადი დახმარების მსგავს ქმედებას ახორციელებენ. ამ ქცევის ოფიციალური აღრიცხვა პრიმატოლოგებმა ახლაღა დაიწყეს.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ აფრიკის ტყეებში ზოგიერთი შიმპანზე სხვა შიმპანზეებს ჭრილობებზე ასრესს მწერებს, ფოთლებს ან დაღეჭილ მასალებს. ამას გარდა, ისინი ლოკავენ და წოვენ ერთმანეთის ჭრილობებს.

უცნობია, აშუშებს და ინფექციებისგან იცავს თუ არა რეალურად რომელიმე ეს სტრატეგია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჭრილობების ამ ტიპის მოვლა სასარგებლო სტრატეგიაა, რომელსაც იმაზე მეტი პრიმატი იყენებს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

„იმის დოკუმენტირებით, თუ როგორ ცნობენ და იყენებენ შიმპანზეები სამკურნალო მცენარეებს და ამით ერთმანეთზე ზრუნავენ, ვიღებთ ცნობებს ადამიანის ჯანდაცვითი ქცევის კოგნიტური და სოციალური საფუძვლების შესახებ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი ელოდი ფრეიმანი.

უკვე ათწლეულებია, მეცნიერები ხედავენ, რომ შიმპანზეები მცენარეულ მასალებს ღეჭავენ ან სხეულზე იდებენ; ვინაიდან ზოგიერთი ეს მცენარე ცნობილია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული ან ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, მეცნიერთა ინტერპრეტაციით, ეს ქცევა წარმოადგენს თვითმკურნალობას.

2019 წელს, გაბონის ტყეში შიმპანზეების შესწავლისას, შენიშნეს ქცევა, რომელიც იქამდე ოფიციალურად აღწერილი არ იყო.

ამ საზოგადოების შიმპანზეები ერთმანეთს თითქოს პირველად დახმარებას უწევდნენ. კონკრეტულად, ისინი ერთმანეთს ჭრილობებზე მწერებს ასრესდნენ — თანაც პოტენციურად ანტისეპტიკური თვისებების მქონე მწერებს.

ველურ ბუნებაში ცნობები შიმპანზეებს შორის „ჭრილობების პროსოციალური მოვლის“ შესახებ იშვიათია. უფრო მეტიც, 1986 წლის შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ნახსენები.

უფრო მეტის საპოვნელად, ფრეიმანი და მისი კოლეგები ცნობებს ეძებდნენ ბოლო პერიოდის კვლევებსა და ისტორიულ მოხსენებებში უგანდის ბუდონგოს ტყის შესახებ.

1993-2024 წლებს შორის მიაგნეს შიმპანზეების მიერ ერთმანეთის ჭრილობების მოვლის შვიდ შემთხვევას, რაც თითქოს „სამედიცინო ჰიგიენის ქცევას“ წააგავდა.

„ჩვენი კვლევა გვეხმარება ადამიანის სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემების ევოლუციური ფესვების შესწავლაში“, — ამბობს ფრეიმანი.

დაკვირვებათა დიდი ნაწილი აღწერდა, როგორ უწმენდდა ან ლოკავდა დაუზიანებელი შიმპანზე მეორე, ნათესავ ან არანათესავ შიმპანზეს ჭრილობებს. ზოგჯერ კი, ერთი შიმპანზე მეორეს ჭრილობას ფოთლით უმუშავებდა ან ჭრილობაზე დაღეჭილ მცენარეს ადებდა.

ორ შემთხვევაში, შიმპანზე მეორე შიმპანზის სხეულიდან ადამიანის მიერ დაგებული ხაფანგის მოხსნას ცდილობდა.

„ასეთი ქცევები ახალ მტკიცებულებებს გვთავაზობს იმისა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ სხვების საჭიროების ან ტანჯვის ამოცნობა და ზომების მიღება ამის შესამსუბუქებლად, მაშინაც კი, როცა არ არსებობს პირდაპირი გენეტიკური უპირატესობა“, — აღნიშნავს ფრეიმანი.

მათ მიერ მიღებულ ახალ შედეგებზე დაყრდნობით, ფრეიმანი და მისი კოლეგები ირწმუნებიან, რომ „პროსოციალური ჯანდაცვა შიმპანზეების პოპულაციებში იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე ვაცნობიერებდით“.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი აღნიშნავს, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა უკეთესად გაირკვეს, როგორ იყენებენ ჩვენი უახლოესი ნათესავები სამკურნალო მცენარეებს საკუთარი თავისა და სხვების სამკურნალოდ.

კვლევა Frontiers-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია frontiersin.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.