დაფიქსირებულია შიმპანზეების სასიკვდილო თავდასხმა გორილებზე — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია შიმპანზეების სასიკვდილო თავდასხმა გორილებზე — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები შიმპანზეების მიერ გორილებზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმებს დააკვირდნენ. ამ დროისათვის უცნობია, ასეთი ქცევა საკვების კონკურენციით არის გამოწვეული, თუ კლიმატის ცვლილების გამო ტროპიკული ტყის პროდუქტიულობის შემცირებით.

შიმპანზეები აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში არიან გავრცელებული და ზოგიერთ ადგილას გორილების გვერდიგვერდ ბინადრობენ; ერთ-ერთი ასეთი ადგილია ლოანგოს ეროვნული პარკი გაბონში. 2005 წლიდან, ამ პარკში მიმდინარეობს „ლოანგოს შიმპანზეების პროექტი“. მკვლევრები დაახლოებით 45 შიმპანზეს ქცევას აკვირდებიან და აანალიზებენ, განსაკუთრებულ აქცენტს კი აკეთებენ ჯგუფის შემადგენლობაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, მეზობელ ჯგუფებთან ურთიერთობებზე, ნადირობის ქცევაზე, ხელსაწყოების გამოყენებასა და საკომუნიკაციო უნარებზე.

„მიიჩნეოდა, რომ შიმპანზეებსა და გორილებს შორის ურთიერთობა შედარებით მშვიდია. რეგულარულად ვაკვირდებოდით, როგორ მშვიდობიანად ურთიერთობს ეს ორი სახეობა ხეებზე საკვების მოპოვებისას. ჩვენი კონგოელი კოლეგები ადამიანის მსგავს მაიმუნთა ამ ორ სახეობას შორის თამაშსაც კი შესწრებიან“, — ამბობს ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის კოგნიტური ბიოლოგი სიმონე პიკა.

შიმპანზეებსა და გორილებს შორის ლეტალური შეტაკებები აქამდე არასოდეს იყო დოკუმენტირებული.

თუმცა, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პრიმატოლოგი ტობიას დეშნერი ამბობს, მათმა დაკვირვებებმა პირველად დაადასტურა, რომ შიმპანზეები გორილებისთვის შეიძლება სასიკვდილო საფრთხედ იქცნენ. მისივე განცხადებით, ახლა მათი მიზანი იმის გარკვევაა, რა ფაქტორებმა განაპირობა ეს უცნაური, აგრესიული ურთიერთქმედებები.

ალბათ გაინტერესებთ, რა მოხდა ზუსტად. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ლარა საუთერნი 2019 წელს ჩატარებულ პირველ დაკვირვებას იხსენებს.

„თავდაპირველად მხოლოდ შიმპანზეების ყვირილი გავიგეთ და ვიფიქრეთ, რომ ტიპური შეხლა-შემოხლა ხდებოდა შიმპანზეთა მეზობელი საზოგადოების წევრებთან. მაგრამ შემდეგ, გავიგონეთ მკერდზე დარტყმები, ანუ გორილებისთვის დამახასიათებელი ქცევა და მივხვდით, რომ შიმპანზებს ხუთი გორილასგან შემდგარ ჯგუფთან ჰქონდა შეტაკება“, — აღნიშნავს საუთერნი.

შეტაკებები 52-79 წუთს გაგრძელდა, შიმპანზეებმა კოალიციები შეკრეს და გორილებს დაესხნენ თავს. ორივე ჯგუფის დომინანტი მამრები და ზრდასრული მდედრები საკუთარ თავსა და ნაშიერებს იცავდნენ. ორივე ბელადი და რამდენიმე მდედრი გაიქცა, მაგრამ ორი ჩვილი გორილა დედებს მოსტაცეს და მოკლეს.

კვლევის ავტორთა აზრით, სახეობათშორის მომხდარი ასეთი ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს ნადირობა და საკვებისთვის კონკურენცია.

„არ არის გამორიცხული, რომ ლოანგოს ეროვნული პარკის შიმპანზეებს, გორილებსა და ტყის სპილოებს შორის საკვების საერთო რესურსი მათ შორის კონკურენციას სულ უფრო ზრდიდეს და ზოგჯერ, მაიმუნთა ამ ორ სახეობას შორის სასიკვდილო შეტაკებებსაც განაპირობებდეს“, — ამბობს ტობიას დეშნერი.

საკვებისთვის კონკურენციის ზრდას კი შეიძლება იწვევდეს კლიმატის ცვლილება ხილზე ხელმისაწვდომობის შემცირება, როგორც ეს გაბონის სხვა ტროპიკულ ტყეებშიც ფიქსირდება.

„ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ლოანგოს მაიმუნთა ამ ორ სახეობას შორის ურთიერთობებზე კონკურენციის გავლენაში გარკვევას. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი უახლოესი ნათესავების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით; ლოანგოს ეროვნული პარკი თავისი უნიკალური მოზაიკური ჰაბიტატით მართლაც უნიკალური ადგილია მათ უკეთ შესასწავლად“, — ამბობს ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის კოგნიტური ბიოლოგი სიმონე პიკა.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.