გადაიღეს, როგორ ინაწილებენ და ჭამენ გარეული შიმპანზეები ალკოჰოლიან ხილს — #1tvმეცნიერება

13:46, 28.04.2025

აფრიკის ჯუნგლებში დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოზე ასახულია გარეული შიმპანზეები, რომლებიც საზიაროდ ჭამენ ალკოჰოლის შემცველ ფერმენტირებულ ხილს.

ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილება უძველესი ადამიანური ტრადიციაა და ეს ამაღელვებელი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ის შეიძლება კიდევ უფრო ძველი იყოს და თანაც ჩვენთვის იმაზე ნაკლებად უნიკალური, ვიდრე გვეგონა.

ჩვენს უახლოეს ნათესავებში შემჩნეული ეს დამაინტრიგებელი მსგავსება მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მოხმარების ჩვენი ისტორია შეიძლება ჯერ კიდე იქიდან მოდის, როცა ჩვენი სახეობა არც არსებობდა.

„ალკოჰოლის გაზიარება, მათ შორის ქეიფის მსგავსი ტრადიციებით, ხელს უწყობს სოციალურ კავშირთა გაძლიერებას. ახლა , როცა უკვე ვიცით, რომ გარეული შიმპანზეები ჭამენ და ერთმანეთს უზიარებენ ეთანოლის შემცველ ხილს, ჩნდება კითხვა — იღებენ თუ არა ისინიც ასეთივე სარგებელს?“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი ანა ბოულანდი.

ბოულანდმა და მისმა კოლეგებმა ბრიტანეთიდან, კანადიდან და აშშ-დან, შეისწავლეს გვინეა-ბისაუს კანტანიესის ეროვნული პარკის ბინადარი დასავლური შიმპანზეები (Pan troglodytes verus).

ეს შიმპანზეები მკვლევრებს შეჩვეული არ იყვნენ და შესაბამისად, მათი ბუნებრივი ქცევის შესასწავლად, ავტორებმა სამ სხვადასხვა ადგილას დააყენეს მოძრაობაზე აქტივირებადი კამერები.

ვიდეომ ცხადყო, რომ შიმპანზეები არა მხოლოდ ჭამენ ფერმენტირებულ აფრიკული პურის ხის (Treculia africana) ნაყოფს, არამედ მას პასიურად უზიარებენ ერთმანეთსაც. შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ის კონკრეტული ხილი ეთანოლს შეიცავდა.

ადამიანებს ალკოჰოლის სმისა და გაზიარების დიდი ისტორია გვაქვს; მიზანმიმართულად ფერმენტირებული სასმელების პირველი მტკიცებულება ნეოლითის ხანას ეკუთვნის და საქართველოშია აღმოჩენილი.

უძველესმა ადამიანებმაც კი უკვე იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ალკოჰოლი თავისით; სავარაუდოდ, მათ ბუნებრივად ფერმენტირებული ხილი აღმოაჩინეს, როგორც ამ შემთხვევაში ამ შიმპანზეებმა ვიდეოში.

„ვიცით, რომ ადამიანებში ალკოჰოლის სმით გამოიყოფა დოფამინი და ენდორფინი, რასაც შედეგად მოსდევს ბედნიერებისა და რელაქსაციის განცდა“, — ამბობს ბოულანდი.

შიმპანზეების მიერ ფერმენტირებული ხილის გაზიარება 10 სხვადასხვა შემთხვევაში გადაიღეს; გაზიარებაში 17 შიმპანზე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ორივე სქესისა და ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები.

ძირითადად, საქმე ეხებოდა „პასიურ“ გაზიარებას, რომელშიც ხილის მფლობელი შიმპანზეები სხვებსაც აძლევდნენ მისი ჭამის უფლებას, მაგრამ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა „აქტიურ-პასიური“ გაზიარებაც, რომელშიც შიმპანზემ სხვა შიმპანზეს საკუთარი პირიდან ხილის ნაწილის გამოღების უფლება მისცა.

შიმპანზეებს, რომლებსაც ხელში ხილი ეჭირათ, სხვებისთვის მისი გაზიარებისას არანაირ შიშს არ გამოხატავდნენ; არც იმის ნიშანი იყო რაიმე, რომ ისინი ხილს სხვებს ძალდატანებით უზიარებდნენ.

ტესტირებამ აჩვენა, რომ გაზიარებული ხილის 90 პროცენტი ჭამის დროს ეთანოლს შეიცავდა. ალკოჰოლის შემცველობა შეადგენდა 0,1 – 0,6 პროცენტს მოცულობაზე (ABV).

ადამიანის სტანდარტისთვის ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია — ლუდს ძირითადად 4 პროცენტი ABV აქვს, ღვინოს 10-15 პროცენტი, ლიქიორს კი 40 პროცენტი ან უფრო მაღალი.

ხილი შიმპანზეების რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენს. ვინაიდან ისინი უპირატესობას გადამწიფებულ ხილს ანიჭებენ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ გზით შიმპანზეებმა საკმაოდ რაოდენობის ალკოჰოლი მიიღონ.

„შიმპანზეები ერთმანეთს საკვებს მუდამ არ უზიარებენ, შესაბამისად, ასეთი ქცევა ფერმენტირებულ ხილთან მიმართებაში, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კიმბერლი ჰუკინგი.

სავარაუდოდ, ისინი ძირითადად არ თვრებიან, მაგრამ უცნობია ალკოჰოლის ეფექტი მათ მეტაბოლიზმზე.

ჯგუფი მიუთითებს წინა აღმოჩენებზე, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, მოლეკულურმა ადაპტაციამ ადამიანის მსგავს აფრიკულ მაიმუნთა საერთო წინაპარში „ჩვენს წინაპრებს ეთანოლის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად გაძლიერებული უნარი მიანიჭა“.

ეს კი დაახლოებით ემთხვევა ჩვენი წინაპრების გადასვლას ხეზე ცხოვრების სტილიდან მიწაზე ცხოვრების სტილში, განსაკუთრებით ღირებული კი შეიძლება ყოფილიყო ტყეებში, ხეების ძირში ცხოვრება, სადაც უხვად იყო ძველი, გადამწიფებული, უფრო ფერმენტირებული ხილი.

შესაბამისად, ალკოჰოლის მოხმარება კაცობრიობაზე ძველი ჩანს, რადგან გვარი ჰომო სავარაუდოდ ბოლო სამ მილიონ წელიწადში ჩამოყალიბდა, ჩვენი სახეობა კი მხოლოდ დაახლოებით 300 000 წელიწადს ითვლის. ალკოჰოლით ღრეობას უძველესი ფესვები აქვს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ თურმე ახლო ნათესავ მაიმუნებშიც.

„გვსურს, დავადგინოთ, ეძებენ თუ არა შიმპანზეები ეთანოლის შემცველ ხილს მიზანმიმართულად და როგორ ინელებენ მას. თუმცა, ეს ქცევა შეიძლება „ქეიფის“ ადრეული ევოლუციური ეტაპი იყოს“, — ამბობს ჰუკინგი.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი