საქართველო მეღვინეობის სამშობლოდ შესაძლოა, ოფიციალურად აღიარონ
საქართველო მეღვინეობის სამშობლოდ შესაძლოა, ოფიციალურად აღიარონ

საქართველო შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ მეღვინეობის სამშობლოდ. ამის შესახებ ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი Science-ი წერს.

„ბევრად უფრო ადრე, სანამ ლიბანიდან ლანგედოკამდე (საფრანგეთი) გადაჭიმული ვენახები ღვინის წარმოების მექად იქცეოდა, საქართველოში ეს დარგი უკვე ყვაოდა. ახლახან, საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის წარმოების ყველაზე ძველი მტკიცებულებები ევრაზიაში: ღვინით გაჟღენთილი კერამიკის ნამსხვრევები, რომლებიც მიუთითებს, რომ ფერმენტირებული ყურძნის სასმელებს ამ რეგიონში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ამზადებდნენ“, — წერს ჟურნალი.

ეს კი 1000 წლით აღემატება ღვინის წარმოების დაწყების პერიოდად ამჟამად მიჩნეულ თარიღს, — აღნიშნავენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები ახალ ერობლივ კვლევაში.

ვარაუდი ეფუძნება თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ორ სოფელში, არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე ჩატარებულ გათხრებს.

აღმოჩენილია დიდი ოდენობით კერამიკის ნამსხვრევი, რაც მკვლევართა აზრით, დოქებს წააგავს. ზოგიერთი მათგანი მორთულია სიმბოლოებითა და გამოსახულებებით, რომლებიც ყურძნის მტევნებს წააგავს (ფოტო).

„როდესაც უძველესი სითხეებით გაჟღენთილ თიხის ნამსხვრევებს მასის სპექტრომეტრიული ანალიზები ჩაუტარდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ღვინის, ვაშლის, ქარვისა და ლიმნის მჟავების კვალი — ევროპული ყურძნისგან (Vitis vinifera) დამზადებული ღვინისათვის დამახასიათებელი ყველანაირი ქიმიური ხელწერა“, — წერს ჟურნალი.

„როგორც რადიონახშირბადულმა დათარიღებამ მოგვიანებით დაადგინა, თიხის ნამსხვრევები დამზადებულია ძვ. წ. 5800-6000 წლებში, 500-1000 წლით უფრო ადრე, ვიდრე ამჟამინდელი რეკორდის მფლობელის — ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს (ირანი) არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ტრადიციული ღვინის წარმოების არტეფაქტები“, — ამის შესახებ მკვლევრები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში იუწყებიან.

2011 წელს, სომხეთის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინეს ღვინის დაწურვისა და ფერმენტაციისათვის საჭირო ჭურჭელი, რომელიც 6000 წლის წინანდელია.

ფერმენტირებული სასმელების სამშობლოს სტატუსი ამ დრომდე ჩინეთს — მდინარე ხუანხეს ხეობას ეკუთვნის, სადაც აღმოჩენილია ძვ. წ. 7000 წლით დათარიღებული ყურძნის ღვინის ქიმიური მტკიცებულებები; თუმცა,  ეს არ იყო საქართველოში აღმოჩენილის მსგავსი სუფთა ღვინო, რადგან გამდიდრებული ყოფილა ხილის ღვინის, ბრინჯის ლუდისა და თაფლის ნარევებით.