შიმპანზეების ათასობით ვოკალური ჩანაწერი მიუთითებს მათ ენაზე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდით — #1tvმეცნიერება
შიმპანზეების ათასობით ვოკალური ჩანაწერი მიუთითებს მათ ენაზე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდით — #1tvმეცნიერება

ადამიანებს გვიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ენის ოსტატობა სხვა ცხოველთა საკომუნიკაციო საშუალებებისგან დიდად განგვასხვავებს, მაგრამ შიმპანზეებზე ჩატარებულმა ახალმა ანალიზებმა შეიძლება თვალი აგვიხილოს და აზრი შეგვიცვალოს ჩვენი მეტყველების უნარის უნიკალურობაზე.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს კოტ-დ’ივუარის ტაის ეროვნული პარკის ბინადარი ზრდასრული ველური შიმპანზეების ხმის თითქმის 5000 ჩანაწერი.

როდესაც მათ ჩანაწერებში დაფიქსირებული ძახილების სტრუქტურა შეისწავლეს, აღმოაჩინეს 390 უნიკალური ვოკალური თანმიმდევრობა — სხვადასხვა წინადადებათა მსგავსი, სხვადასხვა ტიპის ძახილთა კომბინაციებით აწყობილი.

ადამიანის წინადადებათა კონსტრუქციის ფაქტობრივად უსასრულო შესაძლებლობათაგან განსხვავებით, 390 სხვადასხვა თანმიმდევრობა შეიძლება უხვსიტყვიანობად არ ჟღერდეს.

თუმცა, ამ დრომდე რეალურად არავინ იცოდა, რომ არაადამიან პრიმატებს ერთმანეთისთვის ამდენი რამ ჰქონდათ სათქმელი — რადგან ასე სრულფასოვნად არასოდეს შეგვიფასებია მათი საკომუნიკაციო შესაძლებლობები.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები წარმოაჩენს შიმპანზეებში არსებულ ვოკალურ საკომუნიკაციო სისტემას, რომელიც იმაზე გაცილებით კომპლექსური და სტრუქტურულია, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა მკვლევარი ტატიანა ბორტოლატო.

კვლევისას მეცნიერებს სურდათ გაეზომათ, როგორ აერთიანებენ შიმპანზეები ერთჯერადი ძახილებს თანმიმდევრობებში, ამ ძახილების წყობა თანმიმდევრობებში და ცალკეულ მიმდევრობათა რეკომბინაცია კიდევ უფრო გრძელ მიმდევრობებად.

მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეების ძახილის კომბინაციები აქამდეც იყო შესწავლილი, ამ დრომდე ფართო რაოდენობრივი ანალიზი არ ჰქონდა ჩატარებული მიმდევრობებს, რომლებიც მათ მთლიან ვოკალურ რეპერტუარს ქმნის.

ამისათვის, მკვლევართა ჯგუფმა 46 ზრდასრული დასავლეთის შიმპანზეს (Pan troglodytes verus) 900 საათის ხანგრძლივობის ვოკალური ჩანაწერები გააკეთა, ტაის ეროვნული პარკის შიმპანზეთა სამ სხვადასხვა საზოგადოებაში.

ხმოვანი სიგნალების ანალიზისას, მკვლევრებმა გამოავლინეს, როგორ შეიძლება ხმოვანი სიგნალები გამოცემული ყოფილიყო განცალკევებულად, ორერთეულიან მიმდევრობად ან სამერთეულიან მიმდევრობად. მათ ასევე შეადგინეს ქსელები, თუ როგორ იყო ეს გამონათქვამები გაერთიანებული და შეისწავლეს ისიც, როგორ იყო მოწესრიგებული და შერწყმული სხვადასხვა სახის ხშირი ვოკალიზაციები (მაგალითად, ორერთეულიანი მიმდევრობები სამერთეულიანებში).

საერთო ჯამში გამოვლინდა ძახილის 12 სხვადასხვა ტიპი, რომლებიც როგორც ჩანდა, სხვადასხვა რამეს ნიშნავდა, იმის მიხედვით, როგორ იყენებდნენ მათ, მაგრამ ამავე დროს იმ კონტექსტით, რომელშიც კომუნიკაცია მიმდინარეობდა.

„მაგალითად, ერთ ღრუტუნს ძირითადად საკვებზე გამოსცემდნენ, ხშირ, სწრაფ ღრუტუნებს კი მორჩილი მისალმების სახით. ერთჯერად წამოძახილებს საფრთხისას გამოსცემდნენ, ხშირ, სწრაფ წამოძახილებს კი შიდა კომუნიკაციისას“, — განმარტავენ მკვლევრები.

მკვლევართა მიერ აღმოჩენილი ეს სხვადასხვა სახის ხმოვანი სიგნალები საერთო ჯამში სხვადასხვა გზით შეიძლება დაჯგუფდეს 390 სხვადასხვა მიმდევრობად, რაც მათი აზრით, შეიძლება არასწორი შეფასება იყოს, რადგან კვლევის შეზღუდულობიდან გამომდინარე, მათ შეიძლება ბევრი სხვა ხმოვანი სიგნალი უბრალოდ ვერ დააფიქსირეს.

მიუხედავად ამისა, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ შიმპანზეების კომუნიკაცია იმაზე კომპლექსურია, ვიდრე გვეგონა, რაც გავლენას ახდენს მათ გამოთქმაში წარმოქმნილი მნიშვნელობების დახვეწილობაზე.

მკვლევართა ჯგუფი შემდეგში შიმპანზეების ძახილების უფრო დიდი ბაზის ჩაწერას გეგმავს, რათა შეაფასონ, რამდენად უკავშირდება გამოცემულ მიმდევრობათა მრავალფეროვნება და მოწესრიგებულობა მრავალმხრივი მნიშვნელობის წარმოქმნას, რაც ამ კვლევაში გათვალისწინებული არ იყო.

„ეს გახლავთ დიდი პროექტის პირველი კვლევა. ადამიანის მსგავსად კომპლექსური სოციალური სახეობის — გარეულ შიმპანზეთა ვოკალური მიმდევრობების მდიდარი კომპლექსურობის შესწავლით, ახალ ცნობებს მივიღებთ იმის შესახებ, საიდან მოვდივართ და როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი უნიკალური ენა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საფრანგეთის კოგნიტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი კატერინ კროკფორდი.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი