ადამიანის საწოლი უფრო ბინძურია, ვიდრე შიმპანზეების ბუნაგი - ახალი კვლევა
ადამიანის საწოლი უფრო ბინძურია, ვიდრე შიმპანზეების ბუნაგი - ახალი კვლევა

იცით თუ არა, რომ სინამდვილეში, თქვენი საწოლი უფრო ბინძურია, ვიდრე შიმპანზეების ბუნაგი? ამის შესახებ ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა იუწყება.

შიმპანზეებს სძინავთ ხის კენწეროზე, ბუნაგებში, რომლებსაც ისინი ყოველ ღამით ხელახლა იწყობენ. ადამიანებს კი სძინავთ საკუთარი სახლის ეკოსისტემაში და მათ საწოლებში ხშირად ნახავთ სახლში ბინადარ ორგანიზმთა დიდ ჯგუფს.

„მაგალითად, ადამიანის საწოლში ნაპოვნ ბაქტერიათა 35 პროცენტი ჩვენი სხეულიდანაა. მათ შორის არის ფეკალური, ორალური და კანის ბაქტერიები. გვსურდა გაგვერკვია, როგორ ედრებოდა ეს მაჩვენებელი ჩვენი უახლოესი ევოლუციური ნათესავების — შიმპანზეებისას“, — ამბობს კვლევის ავტორი მეგან თოემსი.

ამისათვის, მკვლევრებმა ტანზანიას მიაშურეს და აიღეს 41 შიმპანზეს ბუნაგის ნაცხი და შემდეგ, მისი მიკრობიოლოგიური მრავალფეროვნება შეამოწმეს.

შიმპანზეს ბუნაგი

შიმპანზეთა ბუნაგებში ბევრი ბაქტერია ბინადრობს, მაგრამ მათ შორის გაცილებით ნაკლებია ფეკალური, ორალური და კანის ბაქტერიები. თოემსის თქმით, ამ სახის ბაქტერიები შიმპანზეთა ბუნაგებში თითქმის ვერ აღმოაჩინეს, რამაც ცოტა არ იყოს, მკვლევართა გაკვირვება გამოიწვია.

გარდა ამისა, მკვლევრებმა ვაკუუმით მოასუფთავეს 15 ბუნაგი, რათა აეღოთ მწერებისა და არაქნიდების (ობობასნაირები) ნიმუშები. აღმოჩნდა, რომ შიმპანზეების „სახლებში“ საოცრად ცოტა პარაზიტი ბინადრობს.

როგორ ხდება ეს ყველაფერი? შიმპანზეები მართლაც ადამიანებზე სუფთები არიან? ალბათ არა.

დასაძინებლად, შიმპანზეები ყოველ ღამით ახალ ბუნაგს აშენებენ ხეზე, დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლეზე, ადამიანებს კი ყოველდღე ერთსა და იმავე საწოლში სძინავთ, სადაც დროთა განმავლობაში, ბაქტერიების აკუმულირება ხდება. ლეიბები, ბალიშები და ზეწრები თანდათან იკრავს დიდი ოდენობით მტვრის ტკიპებსა და მკვდარ კანს.

მკვლევართა თქმით, ადამიანთა საწოლებში თითქმის არ არსებობს ნიადაგისა და სხვა გარემოთა მიკრობები, სამაგიეროდ სავსეა ნაკლებად მრავალფეროვანი ბაქტერიებით, რომელთა ძირითადი წყაროც ჩვენი სხეულია.

უცნაურია, მაგრამ ხშირად, როცა სისუფთავის შენარჩუნებას ვცდილობთ, სინამდვილეში პირიქით გამოდის და სახლის გარემოს უფრო ვაბინძურებთ.

მომზადებულია mithsonianmag.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი