ადამიანებისგან ცხოველებს გაცილებით მეტი ვირუსი ედებათ, ვიდრე ჩვენ მათგან — #1tvმეცნიერება
ადამიანებისგან ცხოველებს გაცილებით მეტი ვირუსი ედებათ, ვიდრე ჩვენ მათგან — #1tvმეცნიერება

ვირთხებსა და ღამურებს ხშირად დაავადებების გადამტან პარაზიტებად აღვიქვამთ და ჩვენი სივრცეებიდან რაც შეიძლება შორს ვდევნით.

თუმცა, როგორც ვირუსული გენომების ახალი ანალიზი მიუთითებს, ჩვენ, ადამიანები სხვა ცხოველებისთვის იმაზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ, ვიდრე ისინი ჩვენთვის — შინაურ და გარეულ ცხოველებს ჩვენგან თითქმის ორჯერ უფრო მეტი ვირუსი ედებათ, ვიდრე ჩვენ მათგან.

„იმის დადგენა, თუ როგორ და რატომ ვითარდებიან ვირუსები და სიცოცხლის ფართო ხეზე სხვადასხვა მასპინძელში გადადიან, შეიძლება დაგვეხმაროს, როგორ ჩნდება ახალი ვირუსული დაავადებები ადამიანებსა და ცხოველებში“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკოსი სედრიკ ტანი.

მკვლევრებმა ვირუსების 32 ოჯახი შეისწავლეს და გამოავლინეს ისეთები, რომელთაც ადამიანის ინფიცირება შეუძლიათ. სახეობებს შორის გადახტომის სიხშირის დათვლით დადგინდა, რომ მათ 64 პროცენტს ახასიათებს ადამიანიდან სხვა ცხოველში გადასვლის უნარი, რასაც ანთროპონოზურ ინფექციას უწოდებენ.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვაშენებთ ადამიანები სახლებს ფრიად მრავალფეროვან გარემოში, ლოგიკურია ტენდენცია, რომ ჩვენი პათოგენები ცხოველებში ასე ფართოდ გადადის. ჩვენი პოპულაციის ზომა უზარმაზარია. ჩვენი გლობალური გადანაწილება კი ძირითადად ყველგან არის“, — ამბობს ტანი.

ეს კი ჩვენში არსებულ ვირუსებს სხვა ცხოველებში წარმატებით გადახტომის გაცილებით მეტ შესაძლებლობას სთავაზობს, ვიდრე სხვა სახეობებში არსებულ ვირუსებს.

ამას გარდა, ვირუსებს კიდევ უფრო დიდ შანსს ვაძლევთ იმისა, რომ ეს გადადება ჩვენი ქცევების მეშვეობით მოხდეს. ჰაბიტატის ცვლილებითა და განადგურებით ვსტრესავთ ჩვენ გარშემო სიცოცხლეს, მათ შორის, ჰაერის დაბინძურებით და ჩვენი ხმებითაც კი. შედეგად, ჩვენი მეზობელი არსებები ვირუსებისადმი უფრო მოწყვლადნი ხდებიან.

ეს არა მხოლოდ სერიოზულად შემაშფოთებელია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, არამედ ჯანდაცვის დიდი პრობლემა ჩვენი სახეობისათვის.

„თუკი ადამიანთა ვირუსი ცხოველის ახალ სახეობას დააინფიცირებს, ადამიანში ამოძირკვის შემდეგ, ამ ვირუსმა ცხოველებში არსებობა შეიძლება გააგრძელოს და ახალი ადაპტაციებიც გამოიმუშაოს, შემდეგ კი კვლავ ადამიანები დააინფიციროს“, — აღნიშნავს ტანი.

პანდემიის დროს, ასეთი შემთხვევები მრავლად ვნახეთ, მათ შორის, გარეულ ირმებსა და წაულებში.

გარდა ამისა, ანთროპონოზი სერიოზული რისკია საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისთვის და ჩნდება კითხვები ველური ბუნების ვაქცინაციის შესახებ.

„ადამიანი მხოლოდ ერთი კვანძია უფრო დიდ და კომპლექსურ მასპინძელთა ქსელში, რომელშიც დაუსრულებლად მიმდინარეობს ვირუსთა გაცვლა-გამოცვლა.

შედეგებს მხარს უჭერს წინა კვლევებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცნობილია ცხოველის 1,6 მილიონი ვირუსი, მათგან მხოლოდ 0,1 პროცენტზე ნაკლებს აქვს გამოწვეული ადამიანებში ინფექციები.

თუმცა, როგორც COVID-19-ის შემთხვევაში ვნახეთ, ვირუსის მხოლოდ ერთ გადადებასაც შეუძლია კატასტროფის გამოწვევა. ამიტომ, ტანმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს მახასიათებლები, რომლებმაც ვირუსი შეიძლება ზოონოზური გახადოს.

როგორც მათ დაადგინეს, სახეობებს შორის გადახტომისკენ უფრო მიდრეკილ ვირუსებს გენეტიკური ცვლილებების უფრო მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებათ, ვიდრე იმ ვირუსებს, რომლებსაც უკვე დაინფიცირებული აქვს მასპინძელთა ფართო დიაპაზონი. ამ ვირუსებს მუტაციების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

მკვლევართა ვარაუდით, უნივერსალი ვირუსები უნდა იყენებდნენ მახასიათებლებს, რომლებიც საერთოა ბევრ ცხოველში, მაგალითად, მასპინძლის უჯრედების ACE2 რეცეპტორი (რომელსაც COVID-19 იყენებს), რომელსაც ყველა ხერხემლიანი ფლობს.

ასეთი ვირუსები იმ ცხოველებში, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთქმედებთ, სავარაუდოდ ყველაზე დიდი რისკია ჩვენთვის.

„საერთო ჯამში, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები წარმოაჩენს ადამიანიდან-ცხოველზე ვირუსების გადადების კვლევისა და მონიტორინგის მნიშვნელობას და ამის გავლენას ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.