როგორ ხდება ვირუსების მუტაცია და სახეობიდან სახეობაში გადახტომა
როგორ ხდება ვირუსების მუტაცია და სახეობიდან სახეობაში გადახტომა

ვირუსები სხვა არაფერია, თუ არა რნმ-ისა და დნმ-ის პარაზიტული ფრაგმენტები. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენლად დიდია მათი რაოდენობა და გენეტიკური მრავალფეროვნება. უცნობია, ზუსტად რამდენი ვირუსის სახეობაა დედამიწაზე, მაგრამ ეს რიცხვი ტრილიონებს უნდა აღწევდეს.

წარსულის ვირუსულმა ეპიდემიებმა გავლენა მოახდინა ყველა ცოცხალი არსების ევოლუციაზე. მართლაც, ადამიანის გენომის დაახლოებით რვა პროცენტი რეტროვირუსის ფრაგმენტებისგან შედგება. ეს გენეტიკური „ნამარხები“ იმ ვირუსულ ეპიდემიათა ნარჩენებია, რომლებსაც ჩვენი წინაპრები გადაურჩნენ.

COVID-19-მა ნათლად შეგვახსენა ის გამანადგურებელი გავლენა, რაც შეიძლება ვირუსს ჰქონდეს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებსა და მცენარეებზეც. დადასტურდა ადამიანისგან ვირუსის გადადების ფაქტები ვეფხვზე, რამდენიმე კატასა და ძაღლზე.

კონსერვაციის ექსპერტები შიშობენ, რომ COVID-19 შეიძლება სახიფათო იყოს გორილების, შიმპანზეებისა და ორანგუტანებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსოლოგები გამუდმებით სწავლობენ, როგორ განიცდის ვირუსები მუტაციას და გადადის სახეობებს შორის, ამ სფეროში მრავალი რამ ჯერ შეუსწავლელია.

საკუთარ საქმეში გამოცდილი ოსტატები

ვირუსების უმეტესობა თავის საქმეში დახვეწილია. ისინი მასპინძელ სახეობასთან გრძელ კავშირებს აყალიბებენ. ასეთ ურთიერთობაში, ვირუსმა შეიძლება სულაც არ გამოიწვიოს დაავადების სიმპტომები. უფრო მეტიც, ვირუსი და მასპინძელი შეიძლება ერთმანეთისთვის სასარგებლო თანაცხოვრებაშიც (სიმბიოზი) იყვნენ.

ხანდახან, ვირუსები თავს იჩენს, ანუ თავიანთ თავდაპირველი მასპინძლიდან ახალ სახეობაში გადადიან. ამ დროს იზრდება დაავადების რისკი. ადამიანებისა და ჩვენი კვების ჯაჭვის დამაზიანებელ ინფექციურ დაავადებათა უმეტესობა არის ველური ორგანიზმებისგან გადმოდების შედეგი.

ახალი კორონავირუსი, სახელად SARS-CoV-2, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში ნოემბერში გამოჩნდა, სინამდვილეში სულაც არ არის ახალი. სხვა სახეობებში, რომლებშიც ის დღესაც არსებობს, ვირუსი ევოლუციას დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა, სავარაუდოდ მილიონობით წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ ამ ვირუსს ახლო ნათესავები ჰყავს ჩინეთში გავრცელებულ ჟანგისფერ ცხვირნალისებრ ღამურებში, შუალედურ ცხვირნალისებრ ღამურებსა და პანგოლინებში; ეს უკანასკნელი ჩინეთში დელიკატესად არის მიჩნეული.

წინა კორონავირუსები, მათ შორის მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (SARS-CoV), ადამიანებში შუამავალი ძუძუმწოვრის გავლით გადმოვიდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ შემთხვევაში ასეთი შუამავლის როლი SARS-CoV-2-ის შემთხვევაში მალაიურმა პანგოლინმა შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული არ არის SARS-CoV-2-ის თავდაპირველი მასპინძელი, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის მაინც საოცრად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ბუნებაში კიდევ სხვა მრავალი კორონავირუსი არსებობს, ძირითადად გარეულ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში.

საიდან მოდიან?

ახალი პათოგენური ვირუსების (დაავადების გამომწვევი) გამოჩენას ხელს უწყობს ადამიანის საქმიანობა. როდესაც დედამიწის უკანასკნელი ველური ადგილების საზღვრებს ვკვეთთ, მაგალითად, ვწვავთ ტყეებს ფერმებისა და პლანტაციებისთვის, ველური ბუნების ვირუსები კონტაქტში შედის მცენარეებთან, ფერმის ცხოველებთან და ადამიანებთან.

სახეობები, რომლებიც განცალკევებით ჩამოყალიბდნენ, ახლა ერთად არიან. გლობალურ ბაზრებზე თავისუფლად იყიდება ცოცხალი ცხოველები (მათ შორის მათი კვერცხი, ხორცი და ა. შ.), ბოსტნეული, ყვავილები, ბოლქვები თუ თესლები; ვირუსებიც მათთან ერთად თავისუფლად გადაადგილდებიან.

ადამიანები ვათბობთ კლიმატსაც. ამის გამო კი ფლორისა და ფაუნის ზოგიერთი სახეობა თავიანთ გეოგრაფიული დიაპაზონიდან გადადის ისეთ ზონებშიც, რომლებიც მანამდე მათთვის ზედმეტად ცივი იყო. შედეგად, მრავალი ვირუსი პირველად ხვდება ახალ მასპინძელს.

როგორ ხტებიან სახეობიდან სახეობაში?

ვირუსების გადასვლა კომპლექსური და ბოლომდე შეუსწავლელი პროცესია. ბუნებაში, ვირუსების უმეტესობა შემოიფარგლება კონკრეტული მასპინძლებით, რისი მიზეზიც არის სპეციფიკური ცილის „ჩაკეტვისა და გასაღების“ მსგავსი ურთიერთქმედება. ამას კი სჭირდება წარმატებული რეპლიკაცია, მოძრაობა მასპინძელს შიგნით და შემდეგ გადადება მასპინძლებს შორის.

იმისათვის, რათა ვირუსმა ახალი მასპინძელი დააინფიციროს, საჭიროა ზოგიერთი ან ყველა „გასაღები“ ცილის მოდიფიცირება. ასეთ მოდიფიკაციებს „მუტაციებს“ უწოდებენ და ის შეიძლება მოხდეს როგორც ძველ მასპინძელში, ისე ახალში ან ორივეში ერთად.

მაგალითად, ვირუსს შეუძლია A მასპინძლიდან გადახტეს B მასპინძელში, მაგრამ ვერ მოახდინოს შესაბამისად რეპლიკაცია ან ინდივიდებს შორის გადადება იქამდე, ვიდრე არ მოხდება მრავალი ცილა გასაღების ერთდროული ან მიმდევრობითი მუტაცია. ამის დაბალი ალბათობის გამო, ვირუსების სახეობიდან სახეობაში გადასვლა არც ისე ხშირია.

გადასვლის პროცესის უკეთ აღსაქმელად, წარმოიდგინეთ, რომ ვირუსი არის ქაღალდის ნაგლეჯზე დაბეჭდილი მოთხრობა, რომელშიც წერია:

როგორ იცხოვრო კონკრეტული მასპინძლის კონკრეტული ტიპის უჯრედში, როგორ გადახვიდე სხვა უჯრედებში, რათა შემდეგ ამავე სახეობის სხვა ინდივიდშიც გადახტე.

მოთხრობაში ასევე მოცემულია ინსტრუქციები იმის შესახებ, როგორ ააწყო ვირუსის ფოტოკოპირების მექანიზმი. ეს მექანიზმი, ფერმენტი სახელად პოლიმერაზა, განკუთვნილია მოთხრობის დაუსრულებელი, იდენტური ასლების გადასაღებად. თუმცა, პოლიმერაზა ხანდახან უშვებს შეცდომებსაც.

შეიძლება მას მოთხრობაში სიტყვა გამორჩეს ან ახალი სიტყვა თუ ფრაზა დაუმატოს, რითაც ის ოდნავ შეიცვლება. ასე შეცვლილ ვირუსულ ამბებს „მუტანტები“ ეწოდება. ძალიან იშვიათად, მუტანტი მოთხრობები აღწერს იმასაც, როგორ შეუძლია ვირუსს იცხოვროს სრულიად ახალი სახეობის მასპინძელში. თუკი მუტანტი და ეს ახალი მასპინძელი ერთმანეთს შეხვდა, შესაძლებელია მოხდეს მისი გადასვლა.

ადამიანებზე ვირუსების გადმოსვლის პროგნოზირება შეუძლებელია და შესაბამისად, არც ვაქცინების წინასწარ შექმნა გამოვა.

მოდი, ველური ბუნება დავტოვოთ ველურად

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ვირუსი არსებობს, ჩვენთვის საფრთხეს მათი შედარებით ცოტა ნაწილი წარმოადგენს იმ მცენარეებსა და ცხოველებში, რომლებზეც დამოკიდებული ვართ.

თუმცა, ამ ფრონტზე ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით სახიფათოა. მაგალითად, კორონავირუსები, ებოლა, მარბურგის ვირუსი, ჰენდრას და ნიპაჰის ვირუსები, ცოფის მსგავსი ლისავირუსები და ყბაყურა/წითელას მსგავსი პარამიკოვირუსები სათავეს იღებს ღამურებიდან.

ვირუსების უზარმაზარი რაოდენობიდან და ჩვენ მირ მათი გლობალური ტრანსპორტირებიდან გამომდინარე, მომავალში გარდაუვალია ადამიანებში მათი გადმოსვლები. ამ შანსების შემცირება შეგვიძლია მხოლოდ ვირუსებზე უკეთესად ზედამხედველობით საავადმყოფოებსა და ფერმებში.

გარდა ამისა, ველური ბუნება ასევე უნდა ვცნოთ არა მხოლოდ მისი ზოგადი ღირებულებით, არამედ ვაღიაროთ როგორც დაავადებათა გამომწვევი ვირუსების პოტენციურ წყაროდაც. შესაბამისად, მოდი, შევინარჩუნოთ მისგან „სოციალური დისტანცია“ და ველური ბუნება ველურადვე დავტოვოთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.