რატომ არის ღამურების ვირუსები ასე მომაკვდინებელი, იმუნური სისტემა კი უნიკალური
რატომ არის ღამურების ვირუსები ასე მომაკვდინებელი, იმუნური სისტემა კი უნიკალური

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც. არის ერთი ცხოველი, რომელმაც ყველა ეს ვირუსული დაავადება სრულიად უდანაშაულოდ და უნებლიეთ გადმოგვცა — ღამურა.

საინტერესოა, რატომ? ახალი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ შეიძლება ღამურები ძირითადი ინკუბატორები იყვნენ, რაც მათი საოცრად ძლიერი და ეფექტიანი იმუნური სისტემის დამსახურებაა. როგორც ჩანს, ღამურების იმუნური სისტემა ვირუსულ შტამებს წვრთნის, აძლევს ადაპტაციისა და განვითარების საშუალებას, რის გამოც ისინი რაც შეიძლება მორგებადი და ინფექციური ხდებიან.

ეს გახლავთ გადარჩენის საოცარი მექანიზმის სამწუხარო გვერდითი ეფექტი. სამწუხარო არა ღამურებისთვის, არამედ სხვა სახეობებისათვის, რადგან როდესაც ვირუსი ღამურებიდან სხვა ცხოველებში შეღწევას ახერხებს, მათ შორის ადამიანებშიც, რეციპიენტის იმუნური სისტემა აღჭურვილი არ არის ამ დახვეწილ, გაწაფულ და ძლიერ გადამდებ პათოგენებთან საბრძოლველად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარ მაიკლ ბუტსის განცხადებით, ვირუსების მასპინძლობის თვალსაზრისით, ღამურები ფსკერის ხაზთან თავსდება და სულაც არ არის უცნაური, როდესაც მრავალი ახალი ვირუსი სწორედ ღამურებისგან მოდის.

ახალ კვლევაში, ბუტსმა და მისმა კოლეგებმა ვირუსის ინფქციურობა ღამურების უჯრედის ხაზში შეისწავლეს; მათ შორის იყო ეგვიპტური ხილის ღამურისა (Rousettus aegyptiacus) და ავსტრალიური შავი მფრინავი მელას (Pteropus alecto) კულტურები.

საკონტროლოდ გამოიყენებოდა Vero-ს სახელით ცნობილი უჯრედები მაიმუნისგან (აფრიკული Chlorocebus), მაგრამ ისინი ღამურების უჯრედების მსგავს უპირატესობას არ ფლობენ.

ღამურების იმუნური სისტემის ერთ-ერთი მოლეკულური მექანიზმია სასიგნალო მოლეკულა ინტერფერონ-ალფას საოცარი სისწრაფით წარმოება, რაც გამოწვეულია ვირუსებთან შეპასუხებით. როდესაც ვირუსით ინფიცირებული უჯრედები ინტერფერონის ცილების სეკრეციას ახდენენ, ახლომდებარე უჯრედები თავდაცვით, ანტივირუსულ მდგომარეობაში გადადის.

აფრიკული მწვანე მაიმუნის უჯრედული ხაზი ასეთ უპირატესობას არ ფლობს. ექსპერიმენტებში, როდესაც უჯრედების კულტურები ებოლასა და მარბერგის ვირუსების იმიტაციის მქონე ვირუსთა დარტყმის ქვეშ მოათავსეს, მაიმუნის უჯრედები სწრაფად დაზიანდა. თუმცა, მეორე მხრივ, ღამურის უჯრედები ინტერფერონის სწრაფი სიგნალირების წყალობით ვირუსულ თავდასხმას შეეწინააღმდეგა.

პარადოქსი კი ის არის, რომ როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ინტერფერონი ვირუსებს სარგებელს აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელს უშლის უჯრედების მოკვდინებაში. მართალია, სასიგნალო სისტემა ახდენს უჯრედების სიკვდილის პრევენციას, მაგრამ ინფექციას ეს სულაც არ აფერხებს, ვირუსი იწყებს ამ დამცავ სისტემაზე მორგებას; სულ მცირე ასეა ჯგუფის მიერ ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით.

კვლევის ავტორის, ბიოლოგ კერა ბრუკის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინტერფერონის ნამდვილად მტკიცე სისტემის ქონა ვირუსებს ეხმარება, უფრო შეუდრეკელი გახდეს მასპინძლის ორგანიზმში.

„როდესაც გაქვს უფრო ძლიერი იმუნური პასუხი, გრჩება უჯრედები, რომლებიც დაცულია ინფექციებისგან; შესაბამისად, ვირუსს შეუძლია გადააჭარბოს თავის რეპლიკაციის მაჩვენებელს მასპინძლის დაზიანების გარეშე. მაგრამ როდესაც ის მაგალითად ადამიანში შედის, ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი სახის ანტივირუსული მექანიზმი და ვიღებთ დიდი ოდენობით პათოლოგიებს“, — აღნიშნავს კერა ბრუკი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოლეკულა ინტერფერონ-ალფა ადამიანებსაც გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ღამურებს ვირუსებთან გაცილებით მარტივი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ჩვენ.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ღამურები ადამიანებისათვის მომაკვდინებელი პათოგენებით არიან ინფიცირებული, მათ დაავადების აშკარა სიმპტომები არ აღენიშნებათ და ვირუსებს გრძელვადიანი, შეუდრეკელი ინფექციების სახით ატარებენ. მკვლევართა განცხადებით, ეს შეუდრეკლობა სწორედ ინტერფერონის მიერ ჩანს წახალისებული.

იმის დასადგენად, თუ რატომ არის ღამურების ინტერფერონის სისტემა უფრო მედგარი და სწრაფი, ვიდრე ჩვენი, უფრო მეტი კვლევაა საჭირო.

„აღმოვაჩინეთ, რომ ღამურის უჯრედის ხაზებს აქვს ინტერფერონის შუამავლობით გაზრდილი იმუნური შეპასუხების ხელწერა. ეს კი ვირუსებს მასპინძელში სწრაფად გავრცელების საშუალებას აძლევს. ინტერფერონის გზით გამოწვეული ანტივირუსული მდგომარეობა ქსოვილის კულტურაში უჯრედებს სიკვდილისგან იცავს, რასაც მოსდევს გრძელვადიანი in vitro ეპიდემიები, რომლებიც აძლიერებს გრძელვადიანი შეუდრეკელი ინფექციების ალბათობას“, — განმარტავენ კვლევის ავტორები.

ჯგუფის განცხადებით, შედეგი ის არის, რომ ღამურებში განვითარებული სწრაფად რეპლიკაციური ვირუსები სავარაუდოდ სწრაფად იძენენ ვირულენტობის (სიძლიერის) ზრდას, თუკი ისინი შემდეგ მასპინძელში, მათ შორის ადამიანებში გადავლენ, რადგან მათი იმუნური სისტემა განსხვავდება ღამურების უნიკალური სისტემისგან.

ზოგჯერ ამ პროცესში ჩართულია შუამავალიც, მაგალითად, ღორი, აქლემი ან ცხენი. იმის ცოდნა, თუ როგორ და რატომ ხდება ეს ყველაფერი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვირუსებთან საბრძოლველად.

კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.