მსოფლიოში ყველაზე დღეგრძელი ზვიგენები შეიძლება მხედველობის მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნების საიდუმლოს მალავენ — #1tvმეცნიერება
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი ცხოველების თვალის ახალმა ანალიზებმა შეიძლება მოლეკულური მინიშნებები მოგვცეს მხედველობის ხანგრძლივად შენარჩუნების შესახებ.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ გრენლანდიურ ზვიგენებს (Somniosus microcephalus), საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად ცუდი მხედველობა აქვთ.
ისინი საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ოკეანის სიღრმეებში ატარებენ; თვალის რქოვანა გარსში ხშირად პარაზიტებიც ჰყავთ.
ამერიკელ, შვეიცარიელ და დანიელ მკვლევართა ჯგუფმა ახლახან დაადგინა, რომ გრენლანდიის ზვიგენებს მხედველობა აქვთ და მხედველობის ფუნქციონალურ სისტემას საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზვიგენის განსაკუთრებულ დღეგრძელობასთან დაკავშირებული დნმ-ის აღდგენის გამორჩეული ხელსაწყოს ზოგიერთი ასპექტი თვალის ბადურას უჩვეულოდ ცოცხალს ინარჩუნებს, მაგრამ უცნობია, ექნება თუ არა ამას ასეთივე გავლენა ადამიანის თვალის ჯანმრთელობაზე.
კვლევა გრენლანდიაში დაჭერილი და ევთანაზირებული ზვიგენების თვალებზე ჩატარდა 2020-2024 წლებში გრენლანდიის მთავრობის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ყველა ზვიგენი ასაკით საუკუნეზე მეტი ხნის იყო, ყველაზე ხნიერი კი დაახლოებით 130 წლის.
გრენლანდიური ზვიგენები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ღრმა წყლებში ატარებენ, ზედაპირიდან 1200 მეტრის ქვეშ და ამაზე ღრმად ჩასვლაც შეუძლიათ. ასეთი სიღრმეში სინათლე ძალიან ცოტაა; 100 მეტრის ქვემოთ, სინათლე სულ უფრო მკვეთრად იკლებს. 1000 მეტრს ქვემოთ, მზის სინათლე საერთოდ ვეღარ აღწევს.
ამან, თვალის პარაზიტების არსებობასთან ერთად, მრავალი მეცნიერი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ამ ცხოველებს ან ძალიან მცირე მხედველობა აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. თუმცა, მკვლევართა ჯგუფის მიერ გრენლანდიური ზვიგენების თვალებზე ჩატარებულმა მოლეკულურმა, გენომურმა და ქსოვილის სტრუქტურულმა ანალიზმა საპირისპირო დაამტკიცა.
როგორც წესი, ხერხემლიანთა ბადურას აქვს ჩხირები (ბადურის ფოტორეცეპტორი, რომელიც უზრუნველყოფს ბინდში ხედვას) და კოლბები (ბადურის ფოტორეცეპტორი, რომელიც უზრუნველყოფს ფერების გარჩევას) — სინათლის აღმქმელი უჯრედების ტიპი. გრენლანდიური ზვიგენის ბადურას კოლბები საერთოდ არ აქვს — ადაპტაცია, რომელიც იმ რამდენიმე ცხოველში გვხვდება, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს დაბალსინათლიან გარემოში ატარებენ.
მკვლევრებმა ასევე შეამოწმეს როდოფსინი — სინათლისადმი ძლიერ მგრძნობიარე ცილა კოლბის უჯრედებში, რომელიც გადამწყვეტია ნაკლებსინათლიან გარემოში ხედვისთვის. გრენლანდიურ ზვიგენებში როდოფსინის მგრძნობელობა მაქსიმუმ 458 ნანომეტრია — ცისფერი ტალღის სიგრძე, რომელზეც ყველაზე ძლიერია ზვიგენების ჰაბიტატამდე მიღწეული მკრთალი სინათლე.
მკვლევართა მიერ შესწავლილი ზვიგენების ბადურები ჯანმრთელი იყო, 100 წლის ასაკშიც კი არ ჰქონდა დეგენერაციის ნიშნები, მაგრამ ჯერ არ შეუსწავლიათ დნმ-ის აღდგენის მექანიზმი, რომელიც შეიძლება მათ ინარჩუნებს. რქოვანას გაზომვებმა აჩვენა, რომ ეს სტრუქტურები აგრძელებს შესული სინათლის უმეტესი ნაწილის გადაცემას მაშინაც კი, თუ მათზე პარაზიტებია მიკრული.
ერთად აღებული, შედეგები მიუთითებს, რომ გრენლანდიური ზვიგენები განსაკუთრებულად კარგად არიან მორგებული მუდმივ ღამის ხედვას ოკეანის იმ სიღრმეებში, სადაც ისინი ბინადრობენ.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს ფუნქციონალური მხედველობის სისტემის შენარჩუნებას ზრდასრულ გრენლანდიურ ზვიგენებში, რომლებიც როგორც ჩანს, ძლიერ კარგად არიან მორგებული უკიდურესად დაბალი სინათლის მქონე გარემოს. ეს ზვიგენები გვთავაზობენ ბადურის მთლიანობის გრძელვადიანი შენარჩუნების საოცარ მაგალითს, როგორც მოლეკულურ, ისე ჰისტოლოგიურ დონეზე და წარმოაჩენს ნეირონული შენარჩუნების საოცარ პოტენციალს უკიდურესად ხანგრძლივ სიცოცხლეში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.