დაადგინეს, როგორ ცოცხლობენ გრენლანდიური ზვიგენები 400 წელიწადს კიბოს გარეშე — #1tvმეცნიერება
გენომურმა კვლევამ სავარაუდოდ დაადგინა, როგორ ცოცხლობენ გრენლანდიური ზვიგენები ოთხ საუკუნეს ისე, რომ იშვიათად ემართებათ კიბო.
ეს ზვიგენები (Somniosus microcephalus) საკმაოდ ნელები არიან, ბინადრობენ ღრმა წყლებში, სიგრძეში ექვს მეტრამდე იზრდებიან და ტონაზე მეტს იწონიან. მათ შესახებ ცოტა რამ ვიცით, რადგან ბინადრობენ ბნელ, ცივ წყლებში; ცნობილია, რომ სქესობრივ მომწიფებას 150 წლის ასაკში აღწევენ და თითქმის 400 წელიწადს ცოცხლობენ — წარმოადგენენ პლანეტის ყველაზე დღეგრძელ ხერხემლიანებს.
იმისათვის, რათა გაერკვიათ, როგორ ცოცხლობენ ისინი ამდენ ხანს ისე, რომ კიბო იშვიათად ემართებათ, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარმა შიგეჰარუ კინოშიტამ და მისმა კოლეგებმა გრენლანდიური ზვიგენის გენომი გაშიფრეს და შეისწავლეს თითოეულ ქრომოსომაში არსებული გენები. მათი ვარაუდით, მათ მიერ გაშიფრული გენომი 86,5 პროცენტით სრულია და ნაპოვნია ჯამში დაახლოებით 37 000 გენი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი ოდენობით იმ გენების ასლი, რომლებიც ჩართულია ე. წ. NF-κB სიგნალირების გზის გააქტიურებაში; გენების ეს ასლები ნაკლებია ზვიგენების სხვა სახეობებში, მაგალითად, ვეშაპისებრ ზვიგენში (Rhincodon typus) და თეთრლაქებიან ბამბუკის ზვიგენში (Chiloscyllium plagiosum), რომლებიც 54 და 25 წელიწადს ცოცხლობენ.
სიგნალირების ეს გზა მაშინ გამოიყენება, როცა სხეულის იმუნური სისტემა საფრთხეზე რეაგირებს და ჩართულია ანთებით და სიმსივნის ზრდის მსგავს პროცესებში. აღმოჩნდა, რომ NF-κB-ის დარღვევა განაპირობებს სიმსივნური უჯრედების უწყვეტ გამრავლებას და პათოგენების მიერ იმუნური სისტემისგან თავის არიდებას.
„ვინაიდან იმუნური რეაქცია, ანთება და სიმსივნის წარმოქმნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაბერებაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, NF-κB სიგნალირებაში ჩართული გენების სიმრავლე შეიძლება დაკავშირებული იყოს გრენლანდიური ზვიგენების დღეგრძელობასთან“, — ამბობს კინოშიტა.
მკვლევართა განცხადებით, ეს კვლევა შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, რატომ ემართება ზოგიერთ ზვიგენს კიბო იშვიათად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის სხეული აქვთ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ დიდი ზომის ცხოველებს კიბოს უფრო მაღალი რისკი აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ამ დაავადების წინააღმდეგ უკეთესი თავდაცვაც ჩამოუყალიბდათ.
NF-κB სიგნალირებასთან დაკავშირებული გენების დიდი ოდენობა ასევე აღმოაჩინეს წითელი ზღვის ზღარბებში (Mesocentrotus franciscanus), რომლებიც ას წელიწადზე დიდხანს ცოცხლობენ.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.