დადგინდა, რატომ აქვს ჟირაფს ასე გრძელი ფეხები — #1tvმეცნიერება
თუკი ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აქვთ ჟირაფებს ასე გრძელი კისერი, პასუხი აშკარა ჩანს — ეს მათ აფრიკაში აკაციის ხეების კენწეროში წვნიან ფოთლებამდე მიწვდომის საშუალებას აძლევს.
ამ ფოთლებზე პირდაპირი წვდომა მხოლოდ ჟირაფებს აქვთ, მაშინ, როცა უფრო პატარა ზომის ძუძუმწოვრები ერთმანეთს მიწაზე ეკონკურენტებიან. საკვების ეს ექსკლუზიური წყარო ჟირაფებს საშუალებას აძლევს, მთელი წლის განმავლობაში შეჯვარდნენ და უფრო დაბალ სახეობებზე უკეთესად გადაურჩნენ გვალვებს.
თუმცა, გრძელი კისერი დიდ საფასურად უჯდებათ. ჟირაფის გულმა საკმარისი წნევა უნდა წარმოქმნას იმისათვის, რათა სისხლი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აქაჩოს. ზრდასრული ჟირაფის სისხლის წნევა 200mm Hg-ზე მაღალია — ორჯერ მაღალი, ვიდრე უმეტესი ძუძუმწოვრის.
შედეგად, მოსვენებაში მყოფი ჟირაფის გული მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ადამიანის მთლიანი სხეული და რა თქმა უნდა, მეტს, ვიდრე ამავე ზომის ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრის გული.
ადელაიდის უნივერსიტეტისა და პრეტორიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ახალ კვლევაში აჩვენა, რომ ჟირაფის გულს აქამდე უცნობი დამხმარეები ჰყავს გრავიტაციასთან ბრძოლაში — ძალიან გრძელი ფეხები.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ჩვენ რაოდენობრივად განსაზღვრეს ტიპური ზრდასრული ჟირაფის სისხლის გადატუმბვის ენერგიის ღირებულება და შეადარეს, თუ რა დაჯდებოდა ეს წარმოსახვით ცხოველში, რომელსაც მოკლე ფეხები და გრძელი კისერი ექნებოდა, იმავე სიმაღლის ხის კენწერომდე მისაწვდომად.
ეს ცხოველი ფრანკენშტაინის სტილის გამოვიდა — აფრიკული ანტილოპა კანას ტანით და ჟირაფის კისრით. მკვლევრებმა მას „ელაფი“ უწოდეს.

დაადგინეს, რომ სრული ენერგიის 21 პროცენტს ის გულის მუშაობაში დახარჯავდა; ეს მაჩვენებელი ჟირაფებში 16 პროცენტია, ადამიანებში კი 6,7 პროცენტი.
გრძელი ფეხების გამო, ჟირაფებს გული თავისკენ უფრო ახლოს აქვთ აწეული, რითაც ზოგავს საკვებიდან მიღებული ენერგიის ხუთ პროცენტს. წელიწადის განმავლობაში, ენერგიის ეს დანაზოგი დაახლოებით 1,5 ტონა საკვებს უდრის — რაც აფრიკულ სავანაში ნამდვილად განაპირობებს სხვაობას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
თავის წიგნში, „როგორ მუშაობს ჟირაფი“, ზოოლოგი გრაჰამ მიტჩელი წერს, რომ იქამდე, ვიდრე გრძელი კისერი განუვითარდებოდათ, ჟირაფის წინაპრებს ჯერ გრძელი ფეხები ჰქონდათ.
ენერგიის თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია. გრძელი ფეხები გულის მუშაობას აადვილებს, გრძელი კისერი კი ართულებს.
თუმცა, გრძელი ფეხების ევოლუციასაც საკუთარი საფასური აქვს. წყლის დალევისას, ჟირაფები იძულებული არიან, წინა ფეხები აქეთ-იქით გაფარჩხონ, რაც მათ გაქცევას ურთულებს ამ დროს მტაცებლის გამოჩენის შემთხვევაში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ჟირაფები წყლის დალევას ვერ ახერხებენ.
გულის ენერგიის ხარჯი კისრის სიმაღლის პირდაპირპროპორციულად იზრდება, ამიტომ, უნდა არსებობდეს ზღვარი. ბერლინის ბუნების ისტორიის მუზეუმში გამოფენილი ზავროპოდი დინოზავრი, სახელად ჟირაფატიტანი, სიმაღლეში 13 მეტრია.
მისი კისრის სიგრძე 8,5 მეტრია; თავში სისხლის ასასვლელად საჭირო იქნებოდა სისხლის წნევა მაჩვენებლით 770mm Hg — თითქმის რვაჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ძუძუმწოვარს აქვს. ეს კი შეუძლებელია, რადგან სისხლის გადაქაჩვისას გულის მიერ დახარჯული ენერგია გადააჭარბებდა დანარჩენი სხეულის ენერგიის ხარჯს.
ზავროპოდი დინოზავრები თავის ასეთ სიმაღლეზე აწევის შემთხვევაში დაიხოცებოდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისტორიაში ხმელეთის რომელიმე ცხოველი ზრდასრულ ხვად ჟირაფზე მაღალი ყოფილიყო.
კვლევა Journal of Experimental Biology-ში გამოვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.