ქალაქის ფრინველებს ქალების უფრო ეშინიათ, ვიდრე კაცების, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რატომ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ფრინველებზე დამკვირვებელ კაცებს შეიძლება მოულოდნელი უპირატესობა ჰქონდეთ, როცა ქალაქის პარკებში ახლო კადრებს იღებენ.
ახლახან, მეცნიერები გაოცებული დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ევროპის ბინადარ უამრავ ჩვეულებრივ ფრინველს ქალის მიახლოება უფრო აფორიაქებს, ვიდრე კაცის.
საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთსა და ჩეხეთში ჩატარებულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქალაქის ფრინველები უფრო სწრაფად შინდებოდნენ, როცა მათ ქალი უახლოვდებოდათ.
ისინი კაცებს საშუალოდ ერთი მეტრით მიახლოების საშუალებას აძლევდნენ, ვიდრე გაფრინდებოდნენ.
„როგორც ამ დარგში მომუშავე ქალს, გამიკვირდა, რომ ფრინველები ჩვენზე განსხვავებულად რეაგირებდნენ. ბევრი ქცევითი კვლევა ვარაუდობს, რომ ადამიანი დამკვირვებელი ნეიტრალურია, მაგრამ ჩვენს კვლევაში ეს ასე არ იყო ქალაქის ფრინველების შემთხვევაში“, — ამბობს პრაღის სიცოცხლის მეცნიერებათა ჩეხური უნივერსიტეტის ეკოლოგი იანინა ბენედეტი.
შაშვები, გულწითელები, ტარბები, მთიულები, ყვავები, ბეღურები, კაჭკაჭები, ყვავები, ჩხიკვები, კოდალები…
როგორც ჩანს, სახეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. კაცებისკენ მიკერძოება ყველა მათგანმა გამოავლინა.
„ეს ალბათ ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოვავლინეთ ფენომენი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცით, რატომ ხდება ასე“, — ამბობს ტურინის უნივერსიტეტის ბიოლოგი ფედერიკო მორელი.
ევროპაში ფრინველები და ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს უკვე ათეულობით ათასი წელია ცხოვრობენ და დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ შორეულ წარსულში მამაკაცები მონადირეები იყვნენ, ქალები კი შემგროვებლები.
თუმცა, თუ მართლაც ასე იყო, მაშ რატომ ჩანან ევროპაში ფრინველები ნაკლებად ფრთხილები და უფრო ტოლერანტულები კაცების მიმართ? შესაძლებელია, რომ უძველესი ქალები უფრო მეტად ნადირობდნენ ამ პატარა არსებებზე?
„სრულად მჯერა ჩვენ მიერ მიღებული შედეგების, რომ ქალაქის ფრინველები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ მათთან მიახლობადი ადამიანის სქესზე, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ ვხსნი. უბრალოდ, ჯერ არ გვაქვს საბოლოო ახსნა“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსერვაციული ბიოლოგი დენიელ ბლამშტეინი.
ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია, მხოლოდ ვარაუდია. მკვლევრებმა ჯერ ისიც არ იციან, როგორ არჩევენ ფრინველები ადამიანის სქესს.
კვლევამ შეადარა კაცი და ქალი დამკვირვებლები, მაგრამ უცნობია, ფრინველები სქესებს შორის ფიზიოლოგიურ განსხვავებებზე რეაგირებენ თუ სქესთან დაკავშირებულ სიგნალებზე.
თუმცა, მკვლევრებს გარკვეული მცდელობები ჰქონდათ გარეგნობისა და მიდგომების განსხვავებების შესამცირებლად.
თითოეული დაკვირვებისას, ფრინველს უახლოვდებოდა კაცი და ქალის მონაწილის წყვილი, დაახლოებით ერთნაირი სიმაღლის და ერთნაირ ფერებში ჩაცმულები.
ამას გარდა, ისინი ფრინველს რიგრიგობით პირველები უახლოვდებოდნენ. თითოეული დამკვირვებელი ფრინველისკენ უნდა წასულიყო, ნორმალური და მუდმივი სიჩქარით. მათი თავი და თვალები ფრინველისკენ უნდა ყოფილიყო უძრავად მიმართული, არ უნდა ემოძრავებინათ აქეთ-იქით.
ქალი დამკვირვებლები კვლევაში არ მონაწილეობდნენ, თუკი მენსტრუაცია ჰქონდათ, გრძელი თმის შემთხვევაში კი ის უნდა დაემალათ.
მკვლევრებმა შეისწავლეს 2000-ზე მეტი მიახლოება, ჯამში 37 სახეობის ფრინველთან. როგორც ჩანს, ჩიტები მოახლოებულ ადამიანებს შორის უმცირეს განსხვავებებს ამჩნევდნენ.
„ქალაქის ფრინველები აშკარად რეაგირებდნენ იმ მცირე სხვაობებზეც კი, რომლებსაც ადამიანები ადვილად ვერ ამჩნევენ. შემდეგი კვლევები უნდა ფოკუსირდეს ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა მოძრაობის მახასიათებელი, სუნი, ფიზიკური თვისებები, ისინი ცალ-ცალკე დატესტოს და არ გააერთიანოს დამკვირვებლის სქესის ქვეშ. ეს მიდგომა დაგვეხმარება იმ კონკრეტულ მინიშნებათა გამოვლენაში, რომლებსაც ფრინველები აფიქსირებენ“, — ამბობს ბენედეტი.
წარსულში მიიჩნეოდა, რომ ფრინველებს არც ისე კარგი ყნოსვა აქვთ, მაგრამ ახალმა მტკიცებულებებმა ეს იდია უკუაგდო. როგორც ჩანს, ბევრ ფრინველს ყნოსვის ძლიერი სისტემა აქვს. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ისინი შეიძლება სუნით იგებენ მათთან მიახლოებული ადამიანის სექსს.
მაგალითად, ცნობილია, რომ ლაბორატორიის თაგვები მგრძნობიარენი არიან მამაკაცებისა და ქალების სხვადასხვა სუნის მიმართ. დაახლოებით ათი წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მღრღნელები უფრო დიდ სტრესს განიცდიან, როდესაც კაცებს აჰყავთ ხელში.
მამაკაცების მიმართ ასეთივე სტრესული რეაქციები დაფიქსირდა შინაურ ცხოველებში, მაგალითად, ცხენებსა და ძროხებში, ასევე ტყვეობაში მყოფ ცხოველებში, მათ შორის, მაიმუნებში.
ფრინველებზე ჩატარებული ეს ახალი კვლევა ამ დროისთვის საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ასეთივე ქცევა ველურ ბუნებაშიც არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპირო შედეგებით.
„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ „ხედავენ“ ქალაქის ბინადარი ცხოველები ადამიანებს, რასაც გავლენა აქვს ურბანულ ეკოლოგიასა და თანასწორობაზე მეცნიერებაში“, — ამბობს ბენედეტი.
ქალაქის პარკში ფრინველებზე დაკვირვებისას შეიძლება იფიქროთ, რომ მათ მხოლოდ თქვენ აკვირდებით, მაგრამ ცდებით.
კვლევა People and Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.