ყვავებს გეომეტრიული ფორმების ამოცნობა შეუძლიათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის თანახმად, ყვავებს გეომეტრიული ინტუიციის ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორც ჩვენ.
შეუძლიათ დააფიქსირონ უცნაური ფორმები გეომეტრიულ ფორმათა მთელ ნაკრებში, ასევე აქვთ მიდრეკილება გეომეტრიული სისწორისადმი — ფორმები თანმიმდევრული მახასიათებლებით, მაგალითად, კვადრატები და არ აქვთ მიდრეკილება არარეგულარული ფორმებისადმი, როგორიცაა რომბები.
ყვავები პირველი ცხოველები არიან, რომლებმაც ეს უნარები წარმოაჩინეს; ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ამის უნარი მხოლოდ ადამიანებს ჰქონდათ.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გეომეტრიული ფორმის რეგულარულობა შეიძლება ღრმად იყოს ფესვგადგმული ევოლუციაში და იმაზე მეტად იყოს გავრცელებული ცხოველთა სამეფოში, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
„ჩვენ, ადამიანებს, ჩვენს უნიკალურ ფორმალურ და სიმბოლურ გაგებაზე დაყრდნობით, გეომეტრია სრულიად სხვა დონეზე აგვყავს; თუმცა, ვიზუალური გადმოსახედიდან მისი საძირკველი, როგორც ჩანს, ევოლუციაშია ფესვგადგმული“, — ამბობს ცხოველთა ფსიქოლოგი ანდრეას ნაიდერი.
ნაიდერი და მისი კოლეგები გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან, ექსპერიმენტის მიზნით ორ მამალ ყვავთან (Corvus corone) მუშაობდნენ; მათი ასაკი 11 და 10 წელი იყო.
ყვავები გაწვრთნეს, რომ კომპიუტერის ეკრანზე ამოეცნოთ ერთი განსხვავებული ფორმა, რომელიც არ ემთხვეოდა ხუთ სხვა მხრივ იდენტურ ორგანზომილებიან ფორმას. ყვავები ეკრანზე უნისკარტებდნენ ფორმას, რომელიც მათ განსხვავებულად მიაჩნდათ.
„ექსპერიმენტის ამ ეტაპამდე, ყვავებისთვის არასოდეს დაგვივალებია სხვანაირი ოთხკუთხედის ამოცნობა სხვა ოთხკუთხედებს შორის. ამან კი უზრუნველყო, რომ ყვავებს წარმოეჩინათ უკვე არსებული გეომეტრიული მგრძნობელობა და არა ნასწავლი“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მთავარ ცდაში, დროის ნახევარში ყვავებს აჩვენებდნენ ცვალებადი ხარისხის
ოთხკუთხედთა კრებულს; თითოეული ფორმის კრებულს ჰქონდა შემთხვევითი ბრუნვა და მასშტაბი.
ყვავებს გაუმარტივდათ განსხვავებული ფიგურების დაფიქსირება რეგულარული მახასიათებლების მქონე ოთხგვერდა ფორმებში, მაგალითად, კვადრატში გვერდების თანაბარი სიგრძე, ანდაც მართკუთხედის თანმიმდევრული 90-გრადუსიანი კუთხეები. რაც უფრო რეგულარული იყო კუთხეები და გვერდები, მით უფრო ზუსტად აფიქსირებდნენ ყვავები განსხვავებულ ფიგურებს.
მარტივიდან რთულ რეჟიმში გადასვლისას, ცდებში გამოიყენეს ისეთი ოთხკუთხედები, როგორებიცაა კლასიკური კვადრატი, რომბი, ტოლფერდა ტრაპეცოიდი, პირობითი არარეგულარული ოთხკუთხედი.
რაც უფრო უცნაური, რთული იყო ოთხკუთხედები, მით უფრო უჭირდათ ყვავებს გამოერჩიათ, რომელი მათგანი იყო დანარჩენისგან განსხვავებული.
„ადამიანების მსგავსად, ყვავებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ გეომეტრიული რეგულარულობის დაფიქსირება რომბში. ეს კი წარმოაჩენს გეომეტრიული უნარების შესაძლებლობების ყვავებსა და ადამიანებს შორის“, — ამბობს ნაიდერი.
იმისათვის, რათა ყვავებში შეენარჩუნებინათ ინტერესი და მინიმუმამდე შეემცირებინათ ცდების შესაძლო კრახი, დროის მეორე ნახევარში მათ უჩვენებდნენ მათთვის ნაცნობ არაოთხკუთხედ ფორმებს, მაგალითად, ხუთ ვარსკვლავსა და ერთ მთვარეს, რომლებსაც მათ საწვრთნელად იყენებდნენ.
ყვავების უნარი, რომ განსხვავებული ფორმები გამოარჩიონ მათ გეომეტრიულ სხვაობებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დამატებითი წვრთნის გარეშე, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანთა მსგავსად, გეომეტრიული რეგულარულობა შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ყვავების დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში.
„სივრცით რეგულარულობებს ფრინველები მაგალითად იყენებენ დიდ გარემოში ორიენტაციისა და ნავიგაციისთვის, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს გადარჩენაში. ყვავებში ეს საბაზისო ინტუიცია — გეომეტრიული თვისებების ორგანზომილებიან ფორმებში აღქმის უნარი, ასახავს იმას, თუ როგორ არის ფესვგადგმული სიდიდეების და გეომეტრიის ძირითადი ცოდნა ბიოლოგიურ ევოლუციაში“, — ამბობს ნაიდერი.
მიუხედავად იმისა, ეს შესაძლებლობები ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა თუ ჩვენი სიცოცხლის საერთო ისტორიაში, ნამდვილად ამაღელვებელია ყვავების წარმოუდგენელი სიჭკვიანის კიდევ ერთი მიზეზის პოვნა.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.