ყორნები საკუთარ ცუდ განწყობას მეგობრებსაც უზიარებენ - ახალი ექსპერიმენტი
ყორნები საკუთარ ცუდ განწყობას მეგობრებსაც უზიარებენ - ახალი ექსპერიმენტი

ალბათ გეცნობათ სიტუაციაა, როცა ერთი მეგობრის ბუზღუნი ყველას უფუჭებს ხასიათს. როგორც ჩანს, მსგავსი რამ მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებთ და საკმაოდ გავრცელებული ქცევაა ყორნებშიც.

ახალი კვლევის მიხედვით, როცა ყორანს ვაჩვენებთ საკვებს, რომელიც მას არ უყვარს, საკუთარი საკვებით უკვე ნაკლებად ინტერესდებიან ახლომახლოს მყოფი სხვა ყორნებიც; თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი პირველი ყორნის საკვებს ვერ ხედავენ. ამ დროს ყორნები პასუხობენ არა სტიმულს, არამედ პირველი ყორნის მიერ გამოხატულ ზიზღს.

გუნება-განწყობის ასე გაზიარებას „ემოციის გადადება“ ეწოდება. მიჩნეულია, რომ ის შეიძლება იყოს ინფორმაციისა თუ ემპათიისა გაზიარების საშუალება.

ცხოველებში ეს ქცევა კარგად შესწავლილი არ არის, რადგან ძნელია მისი გარჩევა მიმიკრიისგან, ანუ ქცევის გადადებისგან. თუმცა, თუკი რომელიმე ცხოველი სოციალურ და ემოციურ გონებრივ შესაძლებლობებს წარმოაჩენს, პირველ რიგში ეს ყორნისებრნი არიან, რომლებიც ასევე განთქმული არიან პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობებით.

ვენის უნივერსიტეტის დისციპლინათშორის მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა დაედგინა, შეუძლიათ თუ არა ყორნებს ერთმანეთის განწყობის „დაჭერა“.

კვლევაში რვა ყორანი (Corvus corax) გამოიყენეს; თითოეული ცდა წყვილებში ჩაატარეს. თითოეული ფრინველი ოთხჯერ გამოსცადეს — ორჯერ პოზიტიურ გარემოში და ორჯერ უარყოფითში.

მათი პირველი ტესტი განწყობის საწყისების შექმნას გულისხმობდა. ყორნებს უჩვენებდნენ ორ ყუთს — ერთს ცარიელს, მეორეში კი ყველი (ჯილდო) იყო მოთავსებული. ამის შემდეგ მათ მესამე ყუთს აძლევდნენ.

თუკი ამ ყუთს ისინი ჯილდოს მოლოდინით შეხვდებოდნენ, საწყისი იქნებოდა ოპტიმიზმი. თუ ყუთს გულგრილნი შეეგებებოდნენ, ანუ ექნებოდათ ცარიელი ყუთის მოლოდინი — საწყისი პესიმიზმი იქნებოდა.

რეალური ტესტისთვის, „დემონსტრატორ“ ყორანს ორი ყუთი აჩვენეს — ერთში ძაღლის გემრიელი საკვები იდო, მეორეში კი ნაკლებ გემრიელი ნედლი სტაფილო. ამის შემდეგ ერთი ყუთი აიღეს. როცა ყორანს ყუთში ძაღლის საჭმელი დახვდა, ყორანი გამხიარულდა და გაბედნიერდა, საკვებს უფრო დიდხანს უყურებდა და თავს ამოძრავებდა.

თუმცა, სტაფილოს ყორნები რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების გარეშე შეხვდნენ. საკვებისთვის მათ დიდხანს არც უყურებიათ და ყურადღება უფრო გარემოზე გადაიტანეს.

ამ პროცესში „დამკვირვებელი“ ფრინველი მომიჯნავე ოთახში იყო. ის საკვებს ვერ ხედავდა, მაგრამ კარგად ხედავდა „დემონსტრატორი“ ფრინველის ემოციებს საჭმლისადმი.

ორივე ფრინველს ტესტი ხელახლა ჩაუტარეს. ამ შემთხვევაში, როცა წინა ტესტში დემონსტრატორ ყორანს იმედგაცრუება ჰქონდა გამოხატული, დამკვირვებელი ყორანი გაცილებით ნაკლებად იყო დაინტერესებული მესამე ყუთთან მიახლოებით.

საინტერესოა, რომ ცდამ სხვა მიმართულებით არ იმუშავა. როცა დემონსტრატორი ჯილდოდ მიღებული საკვებით აღფრთოვანებული იყო, ამას არანაირი გავლენა არ ჰქონდა დამკვირვებელი ყორნის ქცევაზე. მესამე ყუთს ის უწინდებურად უახლოვდებოდა.

როგორც ამ ექსპერიმენტმა უჩვენა, გადამდები მხოლოდ ცუდი განწყობა აღმოჩნდა. მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ საქმე ნამდვილად გუნება-განწყობას ეხებოდა და არა ქცევით მიმიკრიას. დამკვირვებელი ფრინველები იღებდნენ დემონსტრატორთა იმედგაცრუების ქცევას და თავადაც გაცილებით პესიმისტური ხდებოდნენ, მაგრამ იგივე ქცევას თავად არ წარმოაჩენდნენ.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ემოციის გადადება შეიძლება მოხდეს ქცევის გადადებისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ ფრინველებში ემოციის გადადება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ჯგუფის დინამიკაში.

მკვლევართა განცხადებით, ადამიანთა მსგავსად, ცხოველებსაც მართავს და მოტივაციას აძლევს მათი ემოციური მდგომარეობა, რაც აისახება მათ გონებრივ ქმედებაში და ქცევის გამოხატვაში.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია medienportal.univie.ac.at-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი