ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ობიექტის წონას დაკვირვებით ხვდებიან - გასაოცარი ექსპერიმენტი
ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ობიექტის წონას დაკვირვებით ხვდებიან - გასაოცარი ექსპერიმენტი

ადამიანებს აქვთ უნარი, შეაფასონ მოძრავი ობიექტის წონა — მძიმეა ის თუ მსუბუქი.

ახლახან, ახალ კალედონიაში მეცნიერებმა იგივე უნარი ყვავებშიც შენიშნეს. ფრინველები აკურატულად აფასებდნენ ობიექტის წონას ქარში მის მოძრაობაზე დაყრდნობით.

ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შეიძლება ჩვენთვის ცნობილი პირველი სხვა არსებები არიან (ადამიანების შემდეგ), რომლებსაც ეს უნარი აქვთ. კვლევა ერთობლივად ჩაატარეს კემბრიჯის უნივერსიტეტმა, ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტმა, მაქს პლანკის ინსტიტუტმა და ავსტრიის ბერტა ფონ ზუტნერის უნივერსიტეტმა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყვავები და ყორნები წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან. ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში, ფსიქოლოგები შეეცადნენ გაერკვიათ, როგორ განსაზღვრავდნენ ახალკალედონიური ყვავები ობიექტის წონას.

„თუკი ვხედავთ, როგორ მოაფრიალებს ქარი ქუჩაში მუყაოს ყუთს, მეორე ყუთი კი მიუხედავად ქარისა, მაინც ადგილზე უძრავად დევს, შეგვიძლია მარტივად მივხვდეთ, რომელი მათგანია მძიმე და რომელი მსუბუქი. ეს შესაძლებლობა დაკვირვებას ეყრდნობა“, — წერია კვლევაში.

შიმპანზეებში ჩატარებულმა წინა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ შეძლეს ობიექტების დალაგება წონის მიხედვით, მაგრამ წონა ვერ განსაზღვრეს დაკვირვებაზე დაყრდნობით.

ახალ ექსპერიმენტში მონაწილეობდა ველურ ბუნებაში დაჭერილი 12 ყვავი, ორი ობიექტი და ვენტილატორი.

ყვავები ორ ჯგუფად დაყვეს და ასწავლეს, როგორ გამოეყენებინათ მიზნის მისაღწევად ობიექტი. ყვავებს დაულაგეს მძიმე და მსუბუქი ობიექტები; ყვავების ნახევარს, მილში მძიმე ობიექტის ჩაგდების შემთხვევაში, ადამიანები ყუთში მოთავსებულ ჯილდოს გადასცემდნენ, მსუბუქი ობიექტის ჩაგდების შემთხვვაში კი არა. პირიქით იყო ყვავების მეორე ნახევრის შემთხვევაში — მათ ჯილდო მსუბუქი ობიექტის არჩევისთვის გადაეცემოდათ.

შემდეგ ეტაპზე, ვენტილატორის წინ ჩამოკიდებული იყო ახალი ობიქტები, რომლებსაც ყვავები მანამდე ვერ ხედავდნენ. ყვავები მათ ორ გარემოში უნდა დაკვირვებოდნენ — როცა ჩართული იყო ვენტილატორი, რა დროსაც მსუბუქი ობიექტი ირხეოდა; და როცა ვენტილატორი გამორთული იყო და ორივე ობიექტი უძრავად ეკიდა.

ამ დავალებებს ყვავებს სამი დღის განმავლობაში აკეთებინებდნენ, რამდენიმე საათიანი შუალედებით.

საბოლოოდ, ტესტირების ჯერიც დადგა. მკვლევრებმა შეამოწმეს, დაიმახსოვრეს თუ არა ყვავებმა, მილში რომელი ობიექტის ჩაგდებისას იღებდნენ ისინი ჯილდოს, მძიმეს, თუ მსუბუქის. ასევე წარუდგინეს ვენტილატორთან ჩამოკიდებული ობიექტები და დისპენსერის ყუთი.

როგორც მკვლევრები იუწყებიან, მიუხედავად იმისა, რომ ყვავებს ტესტის დაწყებამდე ამ ობიექტთა მოსინჯვის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, 73% შემთვევაში მათ სწორი ობიექტი შეარჩიეს. როგორც ისინი წერენ, ცდამ აჩვენა, რომ ფრინველებმა გამოიყენეს მანამდე, წვრთნისას მიღებული ცოდნა და მხოლოდ მას შემდეგ შეაფასეს ობიექტის წონა დაკვირვებაზე დაყრდნობით.

შედეგები მართლაც გასაოცარია, მაგრამ არც თი ისე საკვირველი.

წინა ექსპერიმენტებში ყვავებმა აჩვენეს, რომ წყლიან მილში ჩაგდებული სასურველი, მაგრამ მიუწვდომელი ობიექტის ასაღებად მათ შეუძლიათ მილში სხვადასხვა საგნები ჩაყარონ, რათა წყლის დონემ აიწიოს. ყვავები მიხვდნენ იმასაც, რომ წყლის დონეს მაღლა მხოლოდ მძიმე ობიექტები სწევდა, მსუბუქები კი უბრალოდ ზედაპირზე ტივტივებდა.

გარდა ამისა, წინა ექსპერიმენტებში ყვავებმა ასევე აჩვენეს ისიც, რომ დიდ მაიმუნთა მსგავსად, შეუძლიათ გარკვეული ხელსაწყოების შექმნა. თუმცა, ამ კონკრეტულ ექსპერიმენტში ყვავებმა აშკარად დაჯაბნეს ჩვენი შორეული ნათესავები.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია royalsocietypublishing.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.