მეგობრობენ თუ არა ყვავები და ყორნები ერთმანეთთან - ახალი კვლევა
მეგობრობენ თუ არა ყვავები და ყორნები ერთმანეთთან - ახალი კვლევა

ყვავები და ყორნები ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ყორნისებრთა სახეობის ეს ორი წარმომადგენელი ხშირად ერთმანეთის სასტიკი მტერია.

ახალი კვლევის მიხედვით, აგრესორი სულაც არ არის ყორანი, რომელიც როგორც წესი, ტანით ყვავზე დიდია. როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ ამერიკაში, მათი შეტაკებების 97 პროცენტ შემთხვევაში, წამქეზებელი არის ყვავი.

სინამდვილეში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონტინენტს. როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ყვავები ყველგან მტრობენ ყორნებს.

ჩრდილოეთ ამერიკაში, 2000-მა მოყვარული მეცნიერის მიერ შეგროვებული მონაცემები ბრიტანეთის კოლუმბიისა და კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამუშავეს. აღმოჩნდა, რომ ინციდენტთა უმრავლესობა ყვავების გამრავლების სეზონზე, მარტი-მაისის პერიოდში ხდებოდა.

გამომდინარე აქედან, სავარაუდოა, რომ ყვავები უბრალოდ თავიანთ ბუდის დაცვას ცდილობენ იოლი საკვების მაძებარი ყორნებისგან.

გამრავლების სეზონს მიღმა დაფიქსირებულ ინციდენტთა უმეტესობა ზამთარში ხდებოდა, რასაც შეიძლება, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. შესაძლოა, ყვავები წინასწარ, გაზაფხულის დადგომამდე ზრუნავდნენ ბუდის მოროდიორთა განდევნას თავიანთ ტერიტორიიდან. შესაძლებელია ისიც, რომ ყვავები ყორნებთან რესურსებისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩართული.

„აშკარაა, რომ აგრესიულ სიტუაციებში დიდი ფრინველები ყოველთვის ვერ ჩაგრავენ პატარებს. პატარა ფრინველებს უფრო დიდების განდევნის საშუალებას შესაძლოა, მათი სოციალური ქცევა აძლევდეს“, — ამბობს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ბენ ფრიმენი.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ შედეგებმა შესაძლოა, საინტერესო გავლენა მოახდინოს ორივე ამ ფრინველის ჰაბიტატის კვლევაზე. იმ რეგიონებში, სადაც ორივე მათგანია გავრცელებული, ყვავები უფრო ქალაქებისა და ფერმების სიახლოვეს ბინადრობას არჩევენ, ყორნები კი უფრო ველურ გარემოს.

„ყვავებისა და ყორნების მიდრეკილება სივრცის გაყოფისკენ, შეიძლება, უბრალოდ იმას ასახავდეს, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა გარემოსა და რესურსებზე ხელმისაწვდომობას, მაგრამ შესაძლოა, პირიქითაც იყოს და ეს დაყოფა გამოწვეული იყოს მათ შორის არსებული ურთიერთობებით“, — წერენ მკვლევრები.

მეცნიერთა განცხადებით, შემდგომ კვლევებში შეეცდებიან იმის გარკვევას, ახდენს თუ არა ყვავების ხშირი თავდასხმები გავლენას ყორნების სივრცულ გადანაწილებაზე ან სიმრავლეზე. ანუ, ზღუდავენ თუ არა ყვავები ყორნების პოპულაციის გამრავლებას.

ის, რომ ყვავები და ყორნები ერთმანეთის დიდი ხნის მოქიშპეები არიან, მეცნიერებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. თუმცა, ამ შუღლის ზუსტ მიზეზთა გარკვევას მკვლევრები აქტიურად ცდილობენ.

კვლევა ჟურნალ The Auk: Ornithological Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bioone.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი