ნეირომეცნიერებმა თუთიყუშების გონებრივ შესაძლებლობათა საიდუმლო ამოხსნეს
ნეირომეცნიერებმა თუთიყუშების გონებრივ შესაძლებლობათა საიდუმლო ამოხსნეს

კანადის ალბერტას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს ნერვული ციკლი, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად უდევს ფრინველების გონებრივ შესაძლებლობებს. ეს აღმოჩენა წარმოადგენს კონვერგენტული ევოლუციის მაგალითს ფრინველებისა და პრიმატების თავის ტვინს შორის. შედეგად, ჩნდება შესაძლებლობა, ნათელი მოეფინოს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობათა ნერვულ საფუძველს.

„თავის ტვინის ზონა, რომელიც ძირითად როლს ასრულებს პრიმატების გონებრივ შესაძლებლობებში, პონტინის ბირთვის სახელით არის ცნობილი. ეს სტრუქტურა ინფორმაციას გადასცემს ტვინის ორ უმსხვილეს ზონას — ქერქსა და ნათხემს შორის, რაც განაპირობებს ინფორმაციის ძლიერ მოწესრიგებულ დამუშავებასა და დახვეწილ ქცევებს“, — ამბობს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი კრისტიან გუტიერეს-იბანიესი.

მისი თქმით, ადამიანებსა და პრიმატებში პონტინის ბირთვი უფრო დიდია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებში, რაც გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე.

ფრინველებს ძალიან პატარა პონტინის ბირთვი აქვთ. სამაგიეროდ, აქვთ იგივე ფუნქციის მსგავსი სტრუქტურა, რომელსაც მედიალურ სპირალურ ბირთვს (SpM) უწოდებენ. SpM ტვინის სხვა ნაწილში მდებარეობს და ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს, რაც პონტინის ბირთვს — ინფორმაციას ატრიალებს თავის ტვინის ქერქსა და ნათხემს შორის.

98 სხვადასხვა ფრინველის თავის ტვინის კვლევისას, მეცნიერებმა SpM-ს ზომები ტვინის სხვა ნაწილებისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ეს სტრუქტურა (მედიალური სპირალური ბირთვი) თუთიყუშებს გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე სხვა ფრინველებს.

„SpM თუთიყუშებში ძალიან დიდია. დაახლოებით ხუთჯერ უფრო დიდი, ვიდრე სხვა ფრინველებში, მაგალითად, ქათმებში“, — ამბობს გუტიერესი.

მისი თქმით, პრიმატების მსგავსად, თუთიყუშებს გაეზარდათ ზონა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინის ქერქსა და ნათხემს. როგორც იგი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი მომაჯადოებელი მაგალითია იმისა, რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან თუთიყუშებისა და პრიმატები. დახვეწილი ქცევების, მაგალითად, ხელსაწყოების გამოყენების უნარისა და თვითშეგნების საფუძველის ხილვა ახლა უკვე თავის ტვინშია შესაძლებელი.

„რაც უფრო მეტს ვიკვლევთ მათ თავის ტვინს, მით მეტ მსგავსებებს ვხედავთ“, — აღნიშნავს გუტიერესი.

მომავალში, მკვლევრები თუთიყუშების მედიალური სპირალური ბირთვის უფრო დეტალურად შესწავლას გეგმავენ, რათა გაიგონ, რა ტიპის ინფორმაცია შედის იქ და რატომ.

გუტიერესის განცხადებით, ეს იქნება ბრწყინვალე გზა ადამიანებში მიმდინარე მსგავსი, პონტინზე დაფუძნებული პროცესების შესასწავლად. იგი იმედოვნებს, რომ ამ მეთოდით უკეთესად მოხერხდება ადამიანის თავის ტვინის მუშაობის პრინციპების გარკვევა.

მომზადებულია ualberta.ca-ს მიხედვით.