დაადგინეს, რომ ჭიაყელას მსგავსი ეს ამფიბიები ნაშიერებს რძით კვებავენ — #1tvმეცნიერება
დაადგინეს, რომ ჭიაყელას მსგავსი ეს ამფიბიები ნაშიერებს რძით კვებავენ — #1tvმეცნიერება

ახლად გამოჩეკილი მოუსვენარი, ვარდისფერი უფეხო ამფიბიები დედის ზურგისკენ მიიწევენ და პირს ხმამაღლა აწკაპუნებენ. იქ მოფუსფუსე ჯგუფად გროვდებიან და პირით მომრგვალებულ ბოლოებს ეძებენ, რომ რძე მოწრუპონ.

შვილების ასეთი ფიზიკური და ვოკალური მოთხოვნის საპასუხოდ, დედა კუდს მაღლა წევს და მისი კლოაკის არხიდან თეთრი, წებოვანი სითხე გამოდის, რომელსაც პატარა ამფიბიები ხარბად შეექცევიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უცნაური შესახედაობის ამფიბიებში რძის წარმოქმნა დიდად უპრეცედენტო არ არის, მათი რიგის წარმომადგენელ ერთ-ერთ კვერცხისმდებელ სახეობაში რძის წარმოების აღმოჩენამ ექსპერტთა ყურადღება მიქცია.

„ისინი ტირიან, ხმებს გამოსცემენ, თითქოს მათხოვრობენ“, — ამბობს ბრაზილიის ბუტანტანის ინსტიტუტის ზოოლოგი პედრუ მაილიო-ფონტანა.

უყურეთ ვიდეოს და თავად მოისმენთ, როგორ წკაპუნა ხმებს გამოსცემენ პატარები.

უფეხო ამფიბიები ბაყაყებისა და ტრიტონების შორეული ნათესავები არიან მიეკუთვნებიან უშხამო, უფეხო, თითქმის (ან სრულად) ბრმა ამფიბიათა რიგს; გვხვდებიან ტროპიკულ ნიადაგებში, სადაც მიწის ბინადარ სხვა არსებებზე ნადირობენ. მათი ცილინდრული სხეულის სიგრძე 45 სანტიმეტრამდეა და ძლიერ ჰგვანან მათ ყველაზე ხშირ მსხვერპლებს — ჭიაყელებს.

ეს უჩვეულო მახასიათებლები მიწისქვეშა ცხოვრების სტილმა ჩამოაყალიბა და ამავე დროს, უფეხო ამფიბიები იმდენად კარგად დამალა თვალთახედვიდან, რომ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ხერხემლიან ცხოველებს წარმოადგენენ.

მაილიო-ფონტანამ და მისმა კოლეგებმა ეს უჩვეულო ქცევა ბრაზილიის ატლანტიკურ ტყეში შეგროვებულ რამდენიმე რგოლებიან უფეხო ამფიბიასა (Siphonops annulatus) და მათ ნაშიერებში გადაიღეს. დეტალური შემოწმებისას, მკვლევრებმა მიაგნეს მდედრის საკვერცხის კედლებში არსებულ სპეციალურ ჯირკვლებს, რომლებიც ცხიმითა და ნახშირწყალბადებით მდიდარ რძეს გამოიმუშავებენ.

უფეხო ამფიბიები

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტყვეობაში მყოფი ნაშიერების მუცლები სითხით იყო სავსე, რაც ადასტურებს, რომ ისინი მართლაც კვებაზე იმყოფებოდნენ. მხოლოდ პირველ კვირაში, ნაშიერებმა სხეულის წონა 130 პროცენტით მოიმატეს გამოჩეკისას არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ადამიანის ჩვილი ბავშვების მსგავსად, ამ რძეს სავარაუდოდ წვლილი შეაქვს ჩვილ უფეხო ამფიბიათა მიკრობიომში და იმუნურ სისტემაში.

242-საათიანი ვიდეოს უმეტეს ნაწილში, თავგანწირული დედები დახვეული წვანან, იშვიათად მოძრაობენ და თავად არც კი იკვებებიან. რამდენიმე დღეში ერთხელ, დედები ზურგზე კანს იძრობენ, რათა პატარებმა უფრო მეტი რძე მიიღონ. დედობრივი მზრუნველობის ორი თვის განმავლობაში, ისინი სხეულის მასის დაახლოებით 30 პროცენტს კარგავენ.

ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ რძეზე მონოპოლიას ხერხემლიანები ფლობდნენ, მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ეს თვისება აღარ შეიძლება ჩაითვალოს ამ კლასის ექსკლუზიურ მახასიათებლად. იმ ცხოველთა მზარდ სიას, რომლებიც ნაშიერებს სხეულის სეკრეციით კვებავენ, ახლა უკვე უფეხო ამფიბიებიც შეგვიძლია დავამატოთ. სიაში უკვე არიან ხტუნია ამფიბიები, წყნაროკეანური ხოჭო-ტარაკნები და ზოგიერთი მრგვალი ჭია.

უფეხო ამფიბიები

„ამფიბიებში აღმოვაჩინეთ ხერხემლიანთა სისტემა, რომელსაც რძით კვების ისეთივე სრულყოფილი მექანიზმები აქვს, როგორც ძუძუმწოვრებს“, — ამბობს შტუტგარტის ბუნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგი ალექსანდერ კუპფერი.

S. annulatus-ის გარდა, ამფიბიებში ნაშიერების რძით კვების სხვა შემთხვევებიც არის ცნობილი. მათ შორის არის უფეხო ამფიბიათა 20 სხვა სახეობა, ბაყაყი (Nimbaphrynoides occidentalis) და სალამანდრა (ალპური სალამანდრა). ყველა ეს სახეობა ცოცხალმშობია.

შედეგად, ეს რგოლიანი უფეხო ამფიბიები ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ამფიბიებია, რომლებიც კვერცხს დებენ და თან რძეს აწარმოებენ. მათი ზოგიერთი სახეობა ცოცხალმშობია. რგოლიანი უფეხო ამფიბიები ერთგვარი შუალედური რგოლია მათ ცოცხალმშობ და კვერცხისმდებელ მოძმეებს შორის.

„ბუნება ძლიერ შემოქმედებითია. ზოგჯერ ის ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებს ერთსა და იმავე გამოსავალს სთავაზობს“, — ამბობენ მკვლევრები.

ამ ფენომენს კონვერგენციულ ევოლუციას უწოდებენ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია floridamuseum.ufl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.