ჩერნობილის ბინადარმა მიკროსკოპულმა ჭიებმა ახალი უნარები გამოიმუშავეს — #1tvმეცნიერება
ჩერნობილის ბინადარმა მიკროსკოპულმა ჭიებმა ახალი უნარები გამოიმუშავეს — #1tvმეცნიერება

მიკროსკოპული ჭიებს, რომლებიც ჩერნობილის აკრძალული ზონის ძლიერ რადიაციულ გარემოში ბინადრობენ, არანაირი რადიაციული დაზიანება არ აღენიშნებათ.

ამ ზონაში შეგროვებულ ნემატოდებს გენომში დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს ასე ასეთ სახიფათო ადგილას ბინადარი ორგანიზმების შემთხვევაში. მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩერნობილის აკრძალული ზონა უსაფრთხოა, არამედ მიუთითებს, რომ ეს ჭიები მდგრადები არიან და ოსტატურად მოერგნენ პირობებს, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს სხვა სახეობებისთვის.

მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოლოგი სოფია ტინტორი ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ეს აღმოჩენა გარკვეულ ცნობებს გვთავაზობს დნმ-ის აღდგენის მექანიზმზე, რაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებსაც მოერგოს, როგორც სამკურნალო საშუალება.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა. მას შემდეგ, მისი და ქალაქ პრიპიატის მიმდებარე ზონა მკაცრად კონტროლდება და ადამიანები იქ მხოლოდ მთავრობის ნებართვის საფუძველზე დაიშვებიან. გარემოში დალექილი რადიოაქტიური მასალები ორგანიზმებზე მაიონიზებელი რადიაციის მაღალი დონით ზემოქმედებს და დიდად ზრდის მუტაციების, კიბოსა და სიკვდილის რისკს.

ჩერნობილი ადამიანთა საცხოვრებლად კვლავ უსაფრთხო ათასობით წლის შემდეგ იქნება. უმეტესობამ ეს ვიცით და თავსაც ვიცავთ. თუმცა, ცხოველები ამას რა თქმა უნდა, ვერ ხვდებიან. მიდიან იქ, სადაც უნდათ. აკრძალული ზონა, რომელიც დაახლოებით 2600 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ცხოველთა უცნაური, რადიოაქტიური ნაკრძალი გახდა.

რეგიონში ბინადარ ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აშკარა გენეტიკური სხვაობები აჩვენა სხვა ცხოველებისგან. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმ ეფექტებზე, რაც ამ კატასტროფას აქვს ადგილობრივ ეკოსისტემაზე.

„ჩერნობილი წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული წარმოდგენა იმ ეფექტებზე, რაც ამ ტრაგედიას აქვს ადგილობრივ პოპულაციებზე. გარემოში მომხდარ უცაბედ ცვლილებებს ეფექტი მხოლოდ კონკრეტულ სახეობებზე აქვთ თუ თუნდაც ინდივიდებზე სახეობის შიგნით?“, — ამბობს ტინტორი.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთ-ერთი გზა ნემატოდების კვლევაა — მიკროსკოპული მრგვალი ჭიების, რომლებიც სხვადასხვა სახის გარემოში ბინადრობენ (მათ შორის, სხვა ორგანიზმთა სხეულში). ნემატოდები გამორჩეულად მტკიცეები არიან; დაფიქსირებულია უკვე რამდენიმე შემთხვევა, როცა მეცნიერებმა ათასობით წლის წინ, ნიადაგში გაყინული ნემატოდები გააცოცხლეს.

აქვთ მარტივი გენომი და ცოტახანს ცოცხლობენ, რის შედეგადაც, მოკლე პერიოდში მრავალი თაობის შესწავლაა შესაძლებელი. შედეგად, ისინი ბრწყინვალე სამოდელო ორგანიზმებია სხვადასხვა საკითხის შესასწავლად, ბიოლოგიური განვითარებიდან დაწყებული, დნმ-ის აღდგენითა და ტოქსინებზე რეაგირებით დამთავრებული. სწორედ ამიტომ წავიდნენ ტინტორი და მისი კოლეგები ჩერნობილში ნემატოდების სახეობის — Oschieus tipulae-ს საპოვნელად. ის ძირითადად ნიადაგში ბინადრობს.

დამპალი ხილიდან, ჩამოცვენილი ფოთლებიდან და ნიადაგიდან მათ ასობით ნემატოდი აიღეს და რადიაცია გეიგერის მთვლელით გაზომეს. შეგროვებული 300 ჭია ლაბორატორიაში დააკულტივირეს და გენომის სეკვენირებისთვის O. tipulae-ს 15 ეგზემპლარი შეარჩიეს.

ამის შემდეგ, სეკვენირებული გენომები შეადარეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში ბინადარი O. tipulae-ს ხუთი ეგზემპლარის სეკვენირებულ გენომებს — ფილიპინებში, გერმანიაში, აშშ-ში, მავრიკიზე და ავსტრალიაში აღებულ ეგზემპლარებს.

ნემატოდები

ჩერნობილის აკრძალული ზონის ჭიები გენეტიკურად ძირითადად ერთნაირები იყვნენ, ვიდრე სხვა ჭიები. თუმცა, არსად შეინიშნებოდა რადიაციის მიერ დნმ-ის დაზიანების კვალი.

ჯგუფმა ჭიების გენომი ფრთხილად შეისწავლა და ვერ მიაგნო ქრომოსომათა ფართომასშტაბიან გადალაგებას, რასაც უნდა ველოდოთ მუტაგენურ გარემოში. ასევე ვერ მიაგნეს კავშირს ჭიების მუტაციის მაჩვენებელსა და თითოეული ჭიის აღების ადგილას რადიაციის სიძლიერეს შორის.

და ბოლოს, ტესტირება ჩაუტარეს ჩერნობილის 20 ჭიის შთამომავლებს, რათა დაედგინათ, როგორ ეგუება პოპულაცია დნმ-ის დაზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ხაზს შეგუების სხვადასხვა დონე ჰქონდა, ამას მაინც არ ჰქონდა კავშირი იმ გარემოს რადიაციასთან, რომელიც მათ წინაპრებზე ზემოქმედებდა.

ჯგუფმა მხოლოდ ის დაასკვნა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონის გარემოს რაიმე სახის გენეტიკური ზემოქმედება აქვს O. tipulae-ს გენომზე.

ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება იმის გარკვევაში დაეხმაროს, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი უფრო მიდრეკილი კიბოსკენ, ვიდრე სხვები.

„ახლა, როცა უკვე ვიცით, O. tipulae-ს რომელი შტამებია დნმ-ის ზიანის მიმართ უფრო მგრძნობიარე ან ტოლერანტული, მათ საფუძველზე შეგვიძლია შევისწავლოთ, რატომ არის ზოგიერთი ინდივიდი სხვებზე მეტად მიდრეკილი კანცეროგენების ცუდი ეფექტებისკენ“, — ამბობს ტინტორი.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nyu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.