რა გახდა ჩერნობილის კატასტროფის მიზეზი - ახალი ანალიზების განსხვავებული პასუხი
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ისტორიაში უდიდესი ბირთვული ავარია მოხდა, როდესაც მისი ოთხი რეაქტორიდან ერთ-ერთი აფეთქდა.
იმ დროისათვის, გამოძიებამ და კვლევებმა დაასკვნა, რომ მიზეზი ორთქლის აფეთქება იყო; მას შემდეგ, კატასტროფის გამომწვევი მიზეზის ამგვარ ახსნაზე ყველა თანხმდებოდა. თუმცა ახლახან, მკვლევართა ჯგუფი სულ სხვა დასკვნამდე მივიდა.
1986 წლის 25 აპრილის დილას, მოხდა რამდენიმე ისეთი მოვლენა, რამაც კატასტროფაში წვლილი შეიტანა. ოპერატორები რეაქტორს დაბალ სიმძლავრეზე ამუშავებდნენ, რომელზეც ის არასტაბილური იყო; გარდა ამისა, არ იყო დაცული უსაფრთხოების საჭირო ზომები.
იმ დროისთვის, რეაქტორს ჰქონდა ე. წ. სიცარიელის დადებითო კოეფიციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც წყლის გამაგრილებელი ორთქლად გადაიქცეოდა ან სხვაგვარად იკარგებოდა, იზრდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება.
სადგურზე მომუშავენი ცდილობდნენ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, რათა შეექმნათ პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟი, რომლის საშუალებითაც ენერგიას უნდა წარმოექმნა ორთქლი, რომელიც შემდეგ კვლავ ენერგიას წარმოქმნიდა.
თუმცა, პროცესში ჩაერია რეაქტორის ავტომატური კონტროლის სისტემა, ჩართო ავარიული საკონტროლო ღერძები და ენერგია დაბალ დონეზე შეინარჩუნა.
რაღაც მიზეზით, რომელიც ჯერ ბოლომდე ცნობილი არაა, ვიღაცამ ავარიული გათიშვა მოისურვა. შედეგად, სრული დატვირთვით ჩაირთო ავარიული საკონტროლო ღერძები — გრაფიტის წვერები, რომლებმაც ჩაანაცვლეს წყლის გამაგრილებელი და გამოიწვიეს ენერგიის სახიფათო ტალღა, რამაც კიდევ უფრო მეტი ორთქლი წარმოქმნა.
ორთქლის წნევისა და სიცხის გაზრდამ გახეთქა წნევის მილები, რომლებშიც მოთავსებული იყო საწვავი. ფიქრობენ, რომ სწორედ მაშინ მოხდა ორთქლის პირველი აფეთქება, რამაც რეაქტორს სახურავი მოგლიჯა და ატმოსფეროში გამოიყო რადიოაქტიური ნივთიერებები. რამდენიმე წამის შემდეგ, მოხდა მეორე აფეთქება.
შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს, შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბირთვული ფიზიკოსის, ლარს-ერიკ დე გეერის ხელმძღვანელობით, დაასკვნეს, რომ დიდი ალბათობით, პირველი აფეთქება ბირთვული უნდა ყოფილიყო.
თუკი ისინი არ ცდებიან, მათი მიგნებები ეწინააღმდეგება აქამდე დამაჯერებლად მიჩნეულ რწმენას, რომ თითქოს, არც ერთ ატომურ სადგურზე არასოდეს მოხდება ბირთვული აფეთქება და რომ ასეთი აფეთქება შეუძლებელი უნდა იყოს.
ორმა აფეთქებამ ჰაერში გამოტყორცნა რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ქარმა მთელ ევროპაში წაიღო.
1986 წელს, ლენინგრადის ხლოპინის სახელობის რადიუმის ინსტიტუტის მკვლევრებმა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნალექები იპოვეს მოსკოვიდან 370 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერეპოვეცში, ჩერნობილიდან 1000 კილომეტრში. ნალექები ქსენონის იზოტოპების სახით იყო.
მაგრამ უცნაურია, რომ ჩერეპოვეცი ჩერნობილის დაბინძურების გავრცელების არეალს მიღმა მდებარეობს. დე გეერისა და მისი ჯგუფის ცნობით, თუკი სადგურზე მოხდებოდა ბირთვული აფეთქება, ნივთიერებებს ის უფრო მაღლა გატყორცნიდა, ვიდრე ორთქლის აფეთქება — 3 კმ სიმაღლეზე, საკმარისად მაღლა იმისათვის, რათა ამინდის მახასიათებლებს ისინი ჩერეპოვეცის მიმართულებით წაეღო.
ხლოპინის სახელობის რადიუმის ინსტიტუტის მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს ნაპოვნ იზოტოპებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი წარმოქმნილი იყო ცოტა ხნის წინ, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ ბირთვული სინთეზის შედეგად, რაც ბირთვულ აფეთქებაზე მიუთითებდა.
რეაქტორის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აფეთქებამ ასევე გაადნო ბირთვის ქვეშ მოთავსებული 2 მეტრის სისქის ფოლადის ფირფიტა. დე გეერის ჯგუფის ცნობით, ეს ფაქტი ასევე შესაბამისობაში მოდის ბირთვულ აფეთქებასთან და არა ორთქლის აფეთქებასთან.
და როგორც თვითმიხლველი — ადგილობრივი მეთევზე აცხადებდა, რეაქტორის თავზე მან დაინახა ლურჯი ნათება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბირთვულ აფეთქებაზე.
ეს შეესაბამება წინა ვერსიებსაც კი. თუკი ბირთვები კვლავ ჩაერია პროცესში, საწვავის ერთი ან ორი ელემენტი, შედარებითი სიახლოვის გამო, გრაფიტისგან მიიღებდა რეაქტიულ სიმძლავრეს, რასაც უნდა გამოეწვია პირველი აფეთქება. ამის შემდეგ, პიკს მიაღწევდა ენერგიის ტალღა და აფეთქდებოდა ორთქლი.
სავარაოდოა, რომ ჩვენ ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ თუ რა მოხდა სინამდვილეში რეაქტორში. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური RBMK-ის ტიპის იყო (მაღალი სიმძლავრის არხობრივი რეაქტორი) და მისი კონსტრუქცია ამ ტიპის სხვა სადგურებში უკვე გაუმჯობესებულია კატასტროფათა თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დე გეერის თქმით, ყოველთვის აუცილებელია, რათა ვისწავლოთ.
„ჩვენი ახალი თეორია უღრმავდება იმ მკაცრ ეფექტთა გაგებას, რომლებიც შეიძლება იყოს ასეთი რეაქტორების თავდაპირველ მონახაზში დაშვებული შეცდომების ბრალი“, — უთხრა მან FOX News-ს.
„RBMK-ის ტიპის დანარჩენ რეაქტორებში ბევრი რამ შესწორდა, მაგრამ იმის უკეთესი გაგება, თუ რა მოხდა რეალურად 1986 წელს, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებული იქნება მათი დაპროექტების სამომავლო გაუმჯობესებისათვის“.
კვლევა ჟურნალ Nuclear Technology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია FOX News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით