ჩერნობილი — ფაქტები მსოფლიოში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფის შესახებ #1tvმეცნიერება
ჩერნობილი — ფაქტები მსოფლიოში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფის შესახებ #1tvმეცნიერება

1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას, უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა იყო.

მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და სამთავრობო გამოძიების შემდეგ, ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა — განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ჯანმრთელობაზე მასიური რადიაციული გაჟონვის გრძელვადიანი გავლენის შესახებ.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით. შედგება 1970-1980-იან წლებში დაპროექტებული ოთხი რეაქტორისგან. იქვეა დაახლოებით 22 კვადრატული კილომეტრის ზომის ხელოვნური რეზერვუარი, რომელსაც მდინარე პრიპიატი ავსებდა და რეაქტორს გაგრილებისთვის საჭირო წყლით ამარაგებდა.

1970-იან წლებში აშენებული ქალაქი პრიპიატი ელექტროსადგურთან არსებული უახლოესი დასახლება იყო, მისგან დაახლოებით სამ კილომეტრში და 1986 წლისთვის იქ თითქმის 50 000 ადამიანი ცხოვრობდა. დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობდა უფრო პატარა და ძველი ქალაქი ჩერნობილი, რომლის მოსახლეობაც 12 ათასამდე ადამიანს შეადგენდა. რეგიონის დანარჩენ ნაწილს ძირითადად ფერმები და ტყეები შეადგენდა.

ჩერნობილის სადგური იყენებდა ოთხ საბჭოთა ატომურ რეაქტორ RBMK-1000-ს — დიზაინს, რომელიც ამჟამად საყოველთაოდ აღიარებულია არსებითი ხარვეზების მქონედ. RBMK რეაქტორები წნევის მილებს წარმოადგენდა, რომლებიც გამდიდრებულ U-235 ურანის დიოქსიდის საწვავს წყლის გასაცხელებლად იყენებდა; წარმოქმნილი ორთქლი რეაქტორის ტურბინებს ამოძრავებდა და ასე გამომუშავდებოდა ელექტროენერგია.

მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, ატომურ (ბირთვულ) რეაქტორთა უმეტესობაში, გამაგრილებლად და რეაქტორის აქტიური ზონის რეაქტიულობის შესარბილებლად ასევე წყალი გამოიყენებოდა, რომელიც მას ზედმეტ სითბოსა და ორთქლს აცლის. თუმცა, RBMK-1000-ში რეაქტორის აქტიური ზონის რეაქტიულობის შესარბილებლად და მუდმივი ბირთვული რეაქციის შესანარჩუნებლად გრაფიტი გამოიყენებოდა. როდესაც აქტიური ზონა ცხელდება და უფრო მეტ ორთქლს წარმოქმნის, ზონა უფრო რეაქტიული ხდება, წარმოქმნის დადებით უკუკავშირის მარყუჟს, რომელსაც ინჟინრები „რეაქტიულობის დადებით კოეფიციენტს“ უწოდებენ.

აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს, რუტინული ტექნიკური შემოწმების დროს მოხდა. ოპერატორები ელექტროსისტემის შემოწმებას გეგმავდნენ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკონტროლო სისტემები გამორთეს და ამით უსაფრთხოების რეგულაციები დაარღვიეს. ამან კი გამოიწვია რეაქტორის სახიფათოდ არასტაბილური და დაბალი ენერგიის დონე.

ბირთვული ენერგიის სააგენტოს (NEA) მონაცემებით, მე-4 რეაქტორი წინა დღით გათიშეს, რათა ენერგიის პოტენციური გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ნამდვილი მიზეზის შესახებ ჯერ კიდევ გარკვეული უთანხმოებაა, საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ პირველი აფეთქების მიზეზი იყო ჭარბი ორთქლი, მეორეზე კი გავლენა მოახდინა წყალბადმა. ჭარბი ორთქლი გამაგრილებელი წყლის შემცირებამ წარმოქმნა, რის გამოც, ორთქლი გამაგრილებელ მილებში შევიდა — გაჩნდა რეაქტიულობის დადებით კოეფიციენტი, რამაც გამოიწვია ენერგიის უზარმაზარი მატება, რაც ოპერატორებმა ვერ გათიშეს.

აფეთქება 26 აპრილს, ადგილობრივი დროით 1:23 საათზე მოხდა, გაანადგურა მე-4რეაქტორი და გააჩინა ხანძარი. საწვავისა და რეაქტორის კომპონენტების რადიოაქტიური ნარჩენები მიმდებარე ზონაში ჩამოცვივდა, ცეცხლი კი მე-4 რეაქტორიდან მიმდებარე შენობებსაც მოედო. ტოქსიკური ორთქლი და მტვერი ქარს მიჰქონდა.

აფეთქებამ სადგურის ორი თანამშრომელი მოკლა, რამდენიმე საათში კი სხვა რამდენიმე თანამშრომელიც დაიღუპა. მომდევნო დღეებში, საგანგებო სამსახურის ჯგუფები ამაოდ ცდილობდნენ ცეცხლისა და რადიაციული გაჟონვის შეკავებას, რად დროს მიღებული რადიაციული დასხივების შედეგადაც, გარდაცვლილი მუშების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.

თავდაპირველად გაჩენილი ცეცხლი დაახლოებით დილის 5:00 საათისთვის ჩააქრეს, მაგრამ შემდეგ აალებული გრაფიტის ჩაქრობას 250 მეხანძრე 10 დღის განმავლობაში ცდილობდა. ტოქსიკური ნარჩენები ატმოსფეროში კიდევ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ადიოდა.

აფეთქებული ატომური რეაქტორიდან გამოსული რადიაციის დიდი ნაწილი გახლეჩვის პროდუქტები იყო: იოდი-131, ცეზიუმ-134 და ცეზიუმ-137. იოდი-131-ის ნახევრად დაშლის პერიოდი ცოტა ხანმოკლეა, რვა დღე, მაგრამ სწრაფად ერევა ჰაერში და მიდრეკილია ფარისებრ ჯირკვალში ლოკალიზებისკენ. ცეზიუმის იზოტოპების ნახევრად დაშლის პერიოდი უფრო დიდია (ცეზიუმ-137-ის შემთხვევაში 30 წელი) და საფრთხეს წარმოადგენს გარემოში მოხვედრიდან წლების შემდეგაც კი.

პრიპიატის მოსახლეობის ევაკუაცია კატასტროფიდან დაახლოებით 36 საათის შემდეგ, 27 აპრილს დაიწყო. იმ დროისათვის, მრავალ ადამიანს აღენიშნებოდა ღებინება, თავის ტკივილი და რადიაციით მოწამვლის სხვა ნიშნები. 14 მაისისთვის, სადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი ზონა დახურეს და კიდევ 116 000 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს. მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში უფრო ნაკლებად დაბინძურებულ ზონებში გადასახლების რეკომენდაცია მიეცა კიდევ 220 000 ადამიანს.

ავარიიდან პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩერნობილზე მომუშავე 28 მუშა დაიღუპა; მათ შორის იყვნენ გმირი თანამშრომლებიც, რომლებმაც იცოდნენ, რომ სასიკვდილო რადიაციულ დასხივებას იღებდნენ, მაგრამ მაინც მუშაობდნენ ობიექტიდან რადიაციული გაჟონვის შეკავებაზე.

ავარიის დროს ქარი სამხრეთიდან აღმოსავლეთით ქროდა, შესაბამისად, რადიაციული ნაკადის უმეტესი ნაწილი ჩრდილო-დასავლეთით, ბელარუსის მიმართულებით წავიდა. საბჭოთა ხელისუფლება კატასტროფის მასშტაბების შესახებ დანარჩენი მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდებას არ ჩქარობდა. მაგრამ როდესაც სამი დღის შემდეგ შვედეთში რადიაციამ შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია, იქაურმა მეცნიერებმა რადიაციის დონეზე და ქარის მიმართულებაზე დაყრდნობით შეძლეს ბირთვული კატასტროფის ადგილმდებარეობის მიახლოებითი ადგილის განსაზღვრა, რამაც საბჭოთა კავშირს კრიზისის სრული მასშტაბით გამჟღავნება აიძულა.

ჩერნობილის კატასტროფიდან სამ თვეში, რადიაციული დასხივების ან ავარიის სხვა პირდაპირი ეფექტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. UNSCEAR-ის მონაცემებით, 1991-2015 წლებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი 20 000-მდე ისეთ ადამიანს დაესვა, რომლებიც 1986 წლისთვის 18 წელზე ნაკლების იყვნენ. ადგილზე მომუშავე თუ ევაკუირებულ პირებში, ცხოვრების მანძილზე შეიძლება კიბოს უფრო მეტი შემთხვევაც დაფიქსირდა, მაგრამ პირდაპირ ჩერნობილის რადიაციული გაჟონვის შედეგად გამოწვეული კიბოთი სიკვდილისა და ჯანმრთელობის ეფექტების ზოგადი ცნობილი მაჩვენებელი იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად შიშობდნენ.

„დაბინძურებული ზონების ხუთ მილიონზე მეტი მცხოვრებიდან, უმეტესობამ ძალიან მცირე რადიაციული დასხივება მიიღო, ოდნავ მეტი, ვიდრე ბუნებრივი ფონური რადიაციული დონეა. დღეისათვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ძლიერ არ უკავშირებს ამ ავარიას რადიაციით გამოწვეული ლეიკემიების ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარდა სხვა კიბოების მაჩვენებლის ზრდას“, — წერს აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისია (NRC).

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რადიაციით მოწამვლის უსაფუძვლო შიშმა უარესი შედეგები მოიტანა, ვიდრე თავად კატასტროფამ. მაგალითად, ევროპასა და საბჭოთა კავშირში ბევრმა ექიმმა ფეხმძიმე ქალებს აბორტის ჩატარება ურჩია, რათა თავიდან აეცილებინათ დეფექტების ან სხვადასხვა აშლილობების მქონე ბავშვების გაჩენა. თუმცა, მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, რადიაციული დასხივების რეალური დონე ამგვარ პრობლემებს ვერ გამოიწვევდა.

ჩერნობილის კატასტროფიდან მალევე, სადგურის მიმდებარე ტყეებში რადიაციის დონის გამო ხეები გახმა. ამ რეგიონს „წითელი ტყე“ უწოდეს, რადგან ხმელი ხეები კაშკაშა წითლად შეიფერა. თანდათან, ეს ხეები ბულდოზერებით თხრილებში ჩამარხეს.

დაზიანებული რეაქტორი სწრაფად დალუქეს ბეტონის სარკოფაგში, რათა რადიაციული გაჟონვა შეჩერებულიყო. თუმცა, სამეცნიერო წრეებში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანი იყო ეს სარკოფაგი და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. უკვე არსებული სარკოფაგის სტაბილიზების შემდეგ, 2006 წელს ახლის, სახელად New Safe Confinement სტრუქტურის აგება დაიწყეს. მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა და წარმოადგენს 257 მეტრის სიგანის, 162 მ სიგრძის და 108 მ სიმაღლის სტრუქტურას, რომელიც მე-4 რეაქტორს და მის სარკოფაგს სრულად ფარავს და ეფექტიანი იქნება სულ მცირე მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

მიუხედავად ადგილის დაბინძურებისა და მუშაობის სერიოზული რისკებისა, ჩერნობილის ბირთვული სადგური უკრაინაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2000 წლის დეკემბრამდე აგრძელებდა, იქამდე, ვიდრე უკანასკნელ, მე-3 რეაქტორს დახურავდნენ. 1-ლი და მე-2 რეაქტორები 1991 და 1996 წლებში დახურეს. ტერიტორიის ექსპლუატაცია სრულად 2028 წელს უნდა დასრულდეს.

სადგური, უკაცრიელი ქალაქები — პრიპიატი და ჩერნობილი, ასევე მათი მიმდებარე 2600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია წარმოქმნის „აკრძალულ ზონას“, რომელში შესვლაც თითქმის ყველას ეკრძალება სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო ოფიციალური პირების გარდა.

მიუხედავად საფრთხეებისა, კატასტროფიდან მალევე რამდენიმე ადამიანი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. 2011 წელს უკრაინამ ტერიტორია მსურველი ტურისტებისთვის გახსნა.

დღეისათვის, ადამიანთა ჩარევის გარეშე, აკრძალულ ზონაში ველური ბუნება ყვავის. სახეობებს შორის არის მგლები, ირმები, ფოცხვერები, თახვები, არწივები, ტახები, ცხენირმები, დათვები და სხვა ცხოველები, რომლებიც სადგურის მიმდებარე გაუვალ ტყეებში დააფიქსირეს. თუმცა, ფიქსირდება რადიაციული ეფექტები, მაგალითად, რადიაციის გამო ამ ზონაში მზარდი ტანდაბალი ხეები და ცეზიუმ-137 ცხოველების სხეულში.

ზონა გარკვეულწილად აღდგა, მაგრამ ჩვეულებრივ მდოგმარეობაში დაბრუნებამდე ჯერ ბევრი აკლია. აკრძალული ზონის გარეთ, მიმდებარედ, ხალხმა ხელახლა ჩასახლება დაიწყო. ტურისტები ზონაში მაინც შედიან; მონახულების მაჩვენებელი 30-40 პროცენტით გაიზარდა კატასტროფის შესახებ 2019 წელს გამოსული HBO-ს სერიალის შემდეგ.

ჩერნობილის კატასტროფამ მსოფლიოს ბირთვულ ინდუსტრიაში რამდენიმე ცვლილება განაპირობა: მთელ მსოფლიოში გაიზარდა რეაქტორთა უსაფრთხოება; დარჩენილი RBMK რეაქტორები ისე გადააკეთეს, რომ შემცირებულიყო ასეთი კატასტროფების რისკი; პირდაპირ ჩერნობილის შედეგად შეიქმნა მრავალი საერთაშორისო პროგრამა, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) და ბირთვული ოპერაციების მსოფლიო ასოციაცია (WANO). მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ მომავალში ასეთი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრილმა რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე კონტროლი აიღეს. სიტუაცია ჯერ ბოლომდე უცნობია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბრძოლებმა ბირთვული ნარჩენების დარღვევა და რეგიონში სახიფათო რადიოაქტიური მასალების გავრცელება გამოიწვიოს.

„თუ ოკუპანტების არტილერია ბირთვული ნარჩენების საცავს დაარტყამს და დაანგრევს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება გავრცელდეს უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე“, — წერს ფეისბუკზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ატომურ სადგურთან შექმნილი სიტუაცია სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი განცხადებაში წერს, რომ საჭიროა მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ბირთვულ ობიექტს საფრთხეს შეუქმნის.

გროსი იქვე აღნიშნავს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2009 წლის გენერალურ კონფერენციაზე, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა (მათ შორის არის რუსეთიც) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „მშვიდობიანი მიზნებისთვის შექმნილ ბირთვული ობიექტებზე ნებისმიერი სამხედრო თავდასხმა და საფრთხის შექმნა წარმოადგენს გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და სააგენტოს დებულების პრინციპების დარღვევას“.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.