ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტერორისტ სახელმწიფოს შანსი არ მივცეთ, ატომური ენერგეტიკის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოიყენოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტერორისტ სახელმწიფოს შანსი არ მივცეთ, ატომური ენერგეტიკის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავზე რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის დაუშვებლობაზე საუბრობს.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, აუცილებელია, გაკეთდეს ყველაფერი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ატომური ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენება.

„37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარიამ დიდი იარა დაუტოვა მთელ მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ოდესღაც მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი ზონა რჩება საშიშ ადგილად რადიაციის მაღალი კონცენტრაციით. გასულ წელს ოკუპანტმა არა მხოლოდ დაიკავა ატომური სადგური, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ საფრთხის წინაშე დააყენა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტერორისტ სახელმწიფოს არცერთი შანსი არ მივცეთ, გამოიყენოს ატომური ენერგეტიკის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მთელმა მსოფლიომ თავიანთი საფასური გადაიხადეს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რაც დღესაც გრძელდება. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ჩერნობილის ატომური სადგურის ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ ჩერნობილის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხო ობიექტები მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.