შესაძლებელია თუ არა ჩერნობილის მსგავსი კატასტროფის განმეორება - 10 რეაქტორი, რომელიც მეცნიერებს აშფოთებს
შესაძლებელია თუ არა ჩერნობილის მსგავსი კატასტროფის განმეორება - 10 რეაქტორი, რომელიც მეცნიერებს აშფოთებს

ჩერნობილის კატასტროფიდან მსოფლიომ ბევრი მწარე გაკვეთილი ისწავლა. ატომურ ელექტროსადგურზე 33 წლის წინ მომხდარი ეს გამანადგურებელი ავარია ბოლო დროს კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამის მიზეზი „ეიჩ ბი ოუს“ (HBO) მიერ გადაღებული ახალი მინისერიალია.

ავარიის მრავალი დეტალი კვლავ საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ დანამდვილებით ვიცით რამდენიმე რაღაც — 1986 წლის 26 აპრილს, საბჭოთა უკრაინის ქალაქ პრიპიატის სიახლოვეს ატომური რეაქტორის ბირთვი გაიხსნა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა ჭავლები ატმოსფეროში გაიფრქვა.

აფეთქების შემდეგ რადიაციისგან მრავალი ადამიანი დაიღუპა, მრავალიც მძიმედ დაავადდა. მეცნიერთა შეფასებით, კატასტროფის შედეგად მძიმედ დაზარალდა ასობით და შესაძლოა, ათასობით ადამიანი.

ჩერნობილში აფეთქდა RBMK ტიპის, ანუ მაღალი სიმძლავრის არხობრივი რეაქტორი. მას შემდეგ, რუსეთში ამ ტიპის რეაქტორებს მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარეს, გაითვალისწინეს დიზაინში გაპარული ფატალური ხარვეზები. მაგალითად, დახვეწეს გრაფიტის წვერებიანი საკონტროლო ჩხირები და ურანის გამდიდრების დაბალი დონე. ამ რეაქტორთა მრავალი თავდაპირველი მახასიათებელი დაბალი ფასის გამო იყო შერჩეული.

HBO-ს სერიალის მიხედვით, მოდერნიზაციის მიზანი იყო ჩერნობილის მსგავს კატასტროფათა თავიდან აცილება. თუმცა,ამის თქმა შეიძლება გაცილებით მარტივია, ვიდრე გაკეთება.

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის ცნობით, რუსეთში დღემდე მოქმედებს RBMK ტიპის 10 რეაქტორი. ერთ-ერთი ასეთი რეაქტორი სანქტ-პეტერბურგში შარშან გააჩერეს. ამჟამად, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საბჭოთა პერიოდში დაპროექტებული და აშენებული ამ ტიპის რეაქტორები მოქმედებს.

ოთხი ასეთი რეაქტორი დასავლეთ რუსეთში, ქალაქ კურსკში მდებარეობს, სამი სანქტ-პეტერბურგში, სამი კი მოსკოვიდან ხუთი საათის სავალზე, ქალაქ სმოლენსკში.

სმოლენსკის ერთ-ერთ რეაქტორს მოქმედების ლიცენზია 2050 წლამდე აქვს, დანარჩენ ორს კი ექსპლუატაციის ვადა 2021 და 2031 წელს ეწურება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეაქტორებში შეცვალეს საკონტროლო ჩხირები და ურანის საწვავის დონე, ბირთვულ მეცნიერთა ნაწილს მათი დიზაინი მაინც აშფოთებს.

„კონსტრუქციის დიზაინში იყო ისეთი ფუნდამენტური ასპექტები, რომელთა გამოსწორებაც შეუძლებელია, მოდერნიზაციის რა სამუშაოებიც არ უნდა ჩაეტარებინა რუსეთს“, — აღნიშნავს ბირთვული უსაფრთხოების პროექტის დირექტორი ედუინ ლიამანი.

დასავლეთში მოქმედ მსუბუქწყლოვან რეაქტორაგან განსხვავებით, RBMK რეაქტორები ნეიტრონების შესანელებლად გრაფიტის ბლოკებს იყენებს. ელექტროენერგია ნეიტრონების საშუალებით გამომუშავდება. შედეგად წარმოიქმნება დადებითი სიცარიელის კოეფიციენტი, რაც ენერგიის დაბალ დონეზე რეაქტორს არასტაბილურს ხდის.

რუსეთის RBMK რეაქტორები 30 წელზე იყო გათვლილი, თუმცა, მთავრობამ მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება არჩია. 2015 წლის მონაცემებით, რუსეთის ბირთვული ენერგიის ნახევარი ვადაგახანგრძლივებული რეაქტორების მიერ იყო გამომუშავებული.

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის ცნობით, კურსკსა და სანქტ-პეტერბურგში მოქმედი 1970-იანი წლების რამდენიმე ძველი რეაქტორი დასავლური სამყაროსთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს.

რუსეთის განცხადებით კი, მისი მოდერნიზებული რეაქტორები სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ბირთვულ ენერგიას რუსეთის ელექტრომომარაგებაში 19 პროცენტი უჭირავს. ამ ქვეყანაში აქტიურად ეძებენ ბირთვული პროგრამის გაფართოების გზებს, რათა ეს წილი 80 პროცენტამდე აიყვანონ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ბირთვული მასალებისა და სერვისების ექსპორტი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობაა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.