ჩერნობილის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა
ჩერნობილის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა

1986 წელს მომხდარი ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ, უკრაინული ელექტროსადგურის ყველაზე დაბინძურებული ზონები საზოგადოებისთვის მკაცრად დახურეს.

შეზღუდულ ტერიტორიას ჩერნობილის აკრძალული ზონა ეწოდება და 2589 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. აკრძალულია იქ ცხოვრება და 18 წლამდე პირთა შესვლა.

ამ დრომდე, ზონაში შესულ ტურისტებს მხოლოდ მიტოვებული სკოლების, საბავშვო ბაღებისა თუ გასართობი პარკების დათვალიერება შეეძლოთ, რადგან ისინი სახიფათოდ უკვე აღარ ითვლება. უფრო მაღალი დოზის რადიაციას თქვენ ფრენის დროს იღებთ.

თუმცა, დახურული რჩებოდა მე-4 რეაქტორი, სადაც აფეთქება მოხდა; ამ დრომდე იქ შესვლა მხოლოდ რამდენიმე მკვლევარმა, დასუფთავების თანამშრომელმა და ჟურნალისტმა შეძლო.

ცოტა ხნის წინ, ჩერნობილის ტურის შემთავაზებელმა კომპანიებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინა ტურისტებს უკვე რეაქტორის საკონტროლო ოთახის მონახულების უფლებასაც აძლევს; სწორედ ამ ოთახში მიიღეს ის საბედისწერო გადაწყვეტილება, რამაც რეაქტორის კატასტროფა გამოიწვია. სწორედ ამ ოთახში აძლევდა ჩერნობილის უფროსი ინჟინრის მოადგილე ოპერატორებს ბრძანებებს, რომ გაეგრძელებინათ უსაფრთხოების ტესტი, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათოდ იკლებდა სიმძლავრე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეისათვის ამ ოთახში რადიაციის დოზა ნორმალურზე 40 000-ჯერ მაღალია.

შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოთახში შემსვლელებს მოეთხოვებათ სპეციალური კოსტიუმი, ჩაფხუტი, ნიღაბი და სამრწველო ჩექმები. ოთახში ტური მხოლოდ 5 წუთს გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, იქ ნამყოფმა ადამიანმა უნდა ჩატაროს რადიაციის ორი შემოწმება.

საკონტროლო ოთახი განსაკუთრებით გამორჩეულად ჩანდა HBO-ს სერიალში „ჩერნობილი“, რომელმაც 10 ემი მიიღო. სერიალი 2019 წლის მაისში გამოვიდა და მას შემდეგ, ტურისტული კომპანიების ცნობით, ჩერნობილის ტურებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად გაიზარდა. აკრძალულ ზონაში წელს უკვე შევიდა დაახლოებით 85 000 ტურისტი.

ივლისში უკრაინამ ჩერნობილი ოფიციალურად გამოაცხადა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. ზონაში ტურიზმის რეგულირება სპეციალური განკარგულების საფუძველზე მოხდება. აღნიშნულ დეკრეტამდე ტურიზმი ამ ზონაში ნებადართული არ იყო და ხშირად, დამთვალიერებლებს უკანონოდ გამოჰქონდათ სხვადასხვა ნივთები.

უკრაინის ხელისუფლება ჩერნობილში ახალი ტურისტული ბილიკებისა და საგუშაგოების აშენებასაც გეგმავს.

„უკრაინის ამ ტერიტორიას ჩვენ ახალი სიცოცხლე უნდა მივანიჭოთ. ამ დრომდე, ჩერნობილი უკრაინის ბრენდის უარყოფითი მხარე იყო; დროა, ეს შეიცვალოს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2019 წლის ივლისში, სპეციალური დეკრეტის გამოცემისას.

დატოვე კომენტარი