აღმოჩენილია ნამარხი, რომელიც მიუთითებს, რომ თანამედროვე ფრინველები ანტარქტიდაზე წარმოიშვნენ — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდაზე აღმოჩენილი თითქმის სრულყოფილად განმარხებული თავის ქალა გვიჩვენებს ხიდს პრეისტორიულ და თანამედროვე ფრინველებს შორის. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ნამარხი სახეობა ვეგავისს (Vegavis iaai) ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 69 მილიონი წლის წინ ბინადრობდა — იმ მასობრივ გადაშენებამდე 2-3 მილიონი წლით ადრე, რომელმაც არამფრენი დინოზავრები მოსპო.
მას ჰქონდა გრძელი, წვეტიანი ნისკარტი და ტვინის ისეთი ფორმა, როგორიც არცერთ სხვა მეზოზოურ ფრინველში არ გვხვდება; ეს მახასიათებლები საგრძნობლად განსხვავდება იმ სახეობებისგან, რომლებიც დღევანდელ ბუმბულებიან ფრინველთა კლასად უნდა გადაქცეულიყვნენ.
ვეგავისი პირველად 20 წლის წინ აღწერეს და ზოგიერთი პალეონტოლოგის აზრით, ეს გვარი შეიძლება თანამედროვე ფრინველების ადრეული წევრი ყოფილიყო, ბატისნაირების რიგისა. სხვებს ამაში ეჭვი ეპარებოდათ, რადგან თანამედროვე ფრინველები უკიდურესად იშვიათები იყვნენ იმ ასტეროიდის დაცემამდე, რომელმაც ბოლო ცარცული გადაშენება გამოიწვია.

თუმცა, მკვლევრებს ხელთ არ ჰქონდათ ვეგავისის ერთი ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სულ მცირე იმისათვის, როცა საქმე ტაქსონომიას ეხება — გარკვეულწილად ხელუხლებელი თავის ქალა.
„თითზე ჩამოსათვლელ ფრინველს თუ გამოუწვევია პალეონტოლოგებში იმდენი არგუმენტი, რამდენიც ვეგავისს. ახლად აღმოჩენილი ნამარხი მრავალი ამ არგუმენტის გადაჭრაში დაგვეხმარება. მათ შორის კი მთავარში — სად თავსდება ვეგავისი ფრინველთა სიცოცხლის ხეზე?“, — ამბობს კვლევის ავტორი, ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტოფერ ტორესი.
ფრინველთა ნამარხები საკმაოდ დელიკატურია და იმ პერიოდის მხოლოდ რამდენიმე ნამარხი თუ არის ასეთი კარგი ფორმით შემონახული. აქამდე აღმოჩენილი ვეგავისის ყველა ნამარხი ან ჩონჩხი იყო თავის გარეშე, ან თავის ქალის რაღაც ნაწილი.
მკვლევართა აზრით, ეს სახეობა შეიძლება მასობრივ გადაშენებას გადაურჩა, რადგან ანტარქტიდაზე იყო გავრცელებული. იმ დროს, იქ ზომიერი კლიმატი და გადაფურჩქნილი მცენარეულობა იყო, მაშინ, როდესაც პლანეტის დანარჩენი ნაწილი ნაკლებად ხელსაყრელი იყო.
„გლობალურად ყველგან, ცარცულ-პალეოგენური საზღვრისთვის დამახასიათებელი გარემოებითი არეულობა ზოგადად გამოირჩევა ღეროვანი ფრინველების სწრაფი ჩანაცვლებით გვირგვინიან ფრინველთა მიერ, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის დივერსიფიკაცია პალეოგენურ პერიოდში“, — წერენ მკვლევრები.
ამიტომ, V. iaii ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო წარმომადგენელია პრეისტორიულ და თანამედროვე ფრინველთა შორის გადებული ხიდისთვის.

მიკრო-კომპიუტერული რენტგენული ტომოგრაფიის გამოყენებით, მკვლევრებმა ნამარხის სამგანზომილებიანი ციფრული რეკონსტრუქცია მოახდინეს; ასე გამოჩნდა თავის ქალის, სასის, როსტრუმის (ხორთუმისებრი გამონაზარდი), ყბის დეტალები და თავის ტვინის ფორმა.
ამ ეგზემპლარის მახასიათებლები თანამედროვე ბატისნაირებს შეესაბამება, მაგრამ დღევანდელი იხვებისა და ბატებისგან განსხვავებით, V. iaai-ს ჰქონდა წვრილი, წვეტიანი ნისკარტი და მძლავრი ყბის კუნთები თევზის დასაჭერად; ეს მახასიათებლები დღეს უფრო მყვინთავ ფრინველებს აქვთ, მაგალითად, მურტალებსა და ღორიხვებს.
ნისკარტის ცხვირის რეგიონში აქვს კარგად განვითარებული სამარილე ჯირკვალი, რომელიც წყლის ფრინველთა ზოგიერთ სახეობაში, რომელთა კვების რაციონიც ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედგება — სისხლიდან გამოდევნის ნატრიუმის ქლორიდს (მარილს).
ნამარხი ჩონჩხის დანარჩენი ნაწილი მიუთითებს V. iaai-ს წყალში ცხოვრების სტილზე. აქვს ფეხები, რომლებიც ტერფებს წყალში მცურავი მსხვერპლის დევნისათვის ხელსაყრელ პოზიციას აძლევს.
„გვიანი ცარცული პერიოდის არსებითი ნამარხებით სულ რამდენიმე ადგილი გამოირჩევა, მაგალითად, მადაგასკარი და არგენტინა; იქ აღმოჩენილ, ახლა გადაშენებულ უცნაურ სახეობებს აქვთ კბილები და გრძელი ძვლიანი კუდები; თანამედროვე ფრინველებს მხოლოდ შორეულად ენათესავებიან. როგორც ჩანს, სამხრეთ ნახევარსფეროს შორეულ მისადგომებში, კონკრეტულად კი ანტარქტიდაზე, რაღაც ძლიერ განსხვავებული ხდებოდა“, — ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პატრიკ ო’კონორი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.