გიგანტური პინგვინის მსგავსი ფრინველები ერთ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც დაბაჯბაჯებდნენ — #1TVმეცნიერება
გიგანტური პინგვინის მსგავსი ფრინველები ერთ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც დაბაჯბაჯებდნენ — #1TVმეცნიერება

ახლახან აღმოჩენილი ნამარხი მიუთითებს, რომ ახალი ზელანდიის უძველესი მონსტრი პინგვინები სულაც არ იყვნენ ადამიანის ზომის ერთადერთი არამფრენი ფრინველები, რომლებიც დედამიწაზე ათობით მილიონი წლის წინ დაბაჯბაჯებდნენ.

ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში გაკეთებული ბოლოდროინდელი აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ გიგანტური პინგვინის მსგავსი ქმნილებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც ბინადრობდნენ. უფრო მეტიც, ეს ფრინველები შეიძლება კიდევ უფრო დიდებიც იყვნენ.

უცნაური ის არის, რომ ფრინველთა ამჟამად გადაშენებული ეს ჯგუფი, სახელად პლოტოპტერიდები, სულაც არ ენათესავებოდნენ პინგვინებს, მაგრამ ძალიან ჰგავდნენ ვიზუალურად და სავარაუდოდ, იგივენაირად იყენებდნენ ფარფლების მსგავს ფრთებსაც.

პინგვინების ადრეული წინაპრები დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ თანამედროვე ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე. პლოტოპტერიდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაცილებით გვიან განვითარდნენ, ვიდრე სამხრეთელი თანამოძმეები, დაახლოებით 37-34 მილიონი წლის წინ და 10 მილიონი წლის შემდეგ გაქრნენ.

„ეს ფრინველები სხვადასხვა ნახევარსფეროში განვითარდნენ, მილიონობით წლების შუალედით, თუმცა, შორიდან შეიძლება მათი გარჩევა გაგიჭირდეთ. პლოტოპტერიდები პინგვინებს ჰგავდნენ, სავარაუდოდ ჭამდნენ პინგვინების მსგავსად, მაგრამ ისინი პინგვინები არ იყვნენ“, — ამბობს კენტერბერის მუზეუმის კურატორი, ზოოლოგი პოლ სკოფილდი.

ამ უძველეს არამფრენ ფრინველთა ეს ჯგუფი უფრო ახლოს ენათესავებოდა თანამედროვე მფრენ ფრინველებს — რეგვენასა და ჩვამას. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერებმა პლოტოპტერიდების შესახებ ბევრი რამ შეისწავლეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათი ანატომია დეტალურად შეადარეს უძველესი პინგვინებისას.

მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს 16 პლოტოპტერიდის ნამარხს და პინგვინთა სამი უძველესი სახეობის ხუთ წარმომადგენელს; შედეგად, მათ მრავალი საოცარი მსგავსება და რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვეს.

პლოტოპტერიდებსაც და უძველეს პინგვინებსაც ჰქონდათ გრძელი ნისკარტები სიგრძეზე გაჭრილი ნესტოებით, წარმოსადეგი გულმკერდი, მხრის ძვლები და მსგავსი ფრთები. ზოგიერთი უძველესი პინგვინი სიმაღლეში 1,8 მეტრი იყო, უდიდესი პლოტოპტერიდები კი 2 მეტრამდე სიმაღლის.

ძნელია წარმოიდგინო როგორ ყვინთავს წყალში ადამიანზე დიდი ფრინველი, მაგრამ სწორედ ასეთი რეალობა იყო ერთ დროს როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ პლოტოპტერიდებს პინგვინების მსგავსად დიდი აპკიანი ფეხები ჰქონდათ, კვლევის ავტორთა აზრით, წყალქვეშ ისინი სავარაუდოდ ძირითადად ფრთებით ცურავდნენ.

„ფრთებით ცურვა ფრინველებში იშვიათია, რადგან მცურავ ფრინველთა უმეტესობა ფეხებს იყენებს“, — ამბობს ფრანკფურტის ბუნების ისტორიის მუზეუმის ორნითოლოგი ჯერალდ მაირი.

მისივე თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ პინგვინებსა და პლოტოპტერიდებს მფრინავი წინაპრები ჰყავდათ, რომლებიც საკვების საძებნელად ჰაერიდან წყალში ყვინთავდნენ; დროთა განმავლობაში ამ წინაპრებს ცურვის უნარი უფრო განუვითარდათ, ფრენის კი გაუუარესდათ.

ნამდვილად ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეს ძალიან შორეულად დაკავშირებულ ორგანიზმებში მოხდა, მილიონობით წლის შუალედით და პლანეტის ორ სხვადასხვა მხარეს. მეცნიერები ასეთ შემთხვევას „კონვერგენტულ ევოლუციას“ უწოდებენ, რომლის დროსაც ერთნაირ გარემო პირობებში ბინადარ სხვადასხვა სახეობებს მსგავსი თვისებები უვითარდებათ.

ამ შემთხვევაში, არამფრენ ფრინველთა ორ ცალკეულ ჯგუფს განუვითარდათ ანატომია, რომელიც მათ უფრო და უფრო ღრმა წყალში საკვების მოსაპოვებლად სჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ეს უბრალოდ შთამბეჭდავი მსგავსებაა.

„გამომდინარე აქედან, ვვარაუდობთ, რომ პლოტოპტერიდებსა და პინგვინებს ჰყავდათ წინაპრები, რომლებიც წყალში ჰაერიდან სისწრაფის აკრეფვით ყვინთავდნენ, რითაც დიდ სიღრმეებში ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე ჩადიოდნენ“, — წერენ მკვლევრები.

დამატებითი კვლევებია საჭირი იმის დასადგენად, რატომ გადარჩა ამ გამორჩეულ ფრინველთა ერთი ხაზი, მეორე კი დავიწყებას მიეცა.

კვლევა Journal of Zoological Systematics and Evolutionary Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი