გამოვლენილია პირველი ცხოველი, რომელიც უძველეს დედამიწაზე წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა
გამოვლენილია პირველი ცხოველი, რომელიც უძველეს დედამიწაზე წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა

დედამიწის უძველესი ტბებიდან ხმელეთზე ამოსულ პირველ მცოცავ არსებებს სავარაუდოდ ასობით ციცქნა ფეხი ჰქონდათ.

ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უძველესი ხოჭოების დათარიღების შემდეგ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მრავალფეხიანების (Myriapoda) გადაშენებული გვარი, თანამედროვე ორწყვილფეხიან ფეხსახსრიანთა ნათესავი, წარმოადგენს ხმელეთზე ბინადარი და მსუნთქავი ცხოველის ყველაზე ადრეულ პირდაპირ მტკიცებულებას.

სიცოცხლე დედამიწაზე ე. წ. პირველყოფილ სუპში გაჩნდა და ბაღლინჯოები, კონკრეტულად კი ფეხსახსრიანები, მათ შორის მწერები, ობობები და ტუჩფეხიანები დედამიწის იმ ერთ-ერთ პირველ ცხოველებად მიიჩნევა, რომლებმაც ეს კომფორტული გარემო დატოვეს და ხმელეთზე ამოვიდნენ.

მრავალფეხიან Kampecaris obanensis-ის პირველი ნამარხი შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე 1899 წელს აღმოაჩინეს და ახლახან, რადიომეტრული დათარიღების მეთოდით დადგინდა, რომ ის 425 მილიონი წლის წინანდელია.

თუ ეს თარიღი სწორია, ეს უძველესი მრავალფეხიანები ხმელეთის ყველაზე ძველი ცხოველები უნდა იყვნენ, რომლებიც წყლიდან ამოვიდნენ. მათი მოგზაურობა პიონერული გახლდათ.

Kampecaris-დან 20 მილიონი წლის შემდეგი ნამარხები ბაღლინჯოებს უკვე საკმაოდ უხვად გვთავაზობს, კიდევ 20 მილიონი წლის შემდეგ კი ტყეებში ჩნდებიან ობობები და მწერები.

„ძალიან დიდი ნახტომია ამ ციცქნა არსებებიდან ძალიან კომპლექსურ სატყეო საზოგადოებებამდე, თანაც საკმაოდ მოკლე დროში. როგორც ჩანსსწრაფი ევოლუცია ამ მთიანი ხეობებიდან დაბლობებზე ჩამოვიდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა“, — ამბობს ტეხასისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების დედამიწის მეცნიერი მაიკლ ბრუკფილდი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ მიერ აღმოჩენილ ნამარხებს ეფუძნება, მაგრამ როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმ პერიოდის კარგად შემონახული დანალექების კარგად შესწავლისა, არ არსებობს სხვა ასეთი აღმოჩენები, ამ გზის დასასრულზე უნდა მიუთითებდეს.

თუკი ჯგუფი არ ცდება და ეს უძველესი სახეობები მართლაც პირველები იყვნენ, რომლებიც წყლიდან ამოვიდნენ, გამოდის, რომ ჩვენ ძალიან ვცდებოდით ამ გარდამავალი პერიოდის სისწრაფის შეფასებაში.

მოლეკულური საათის სახელით ცნობილი დათარიღების მეთოდი დნმ-ის მუტაციების მაჩვენებელს ეფუძნება. ამ მეთოდის გამოყენებით ირკვევა, რომ შოტლანდიაში აღმოჩენილი ღეროიანი მცენარეების ნამარხთა ასაკი დაახლოებით 75 მილიონი წლით ახალგაზრდაა, ვიდრე ერთ დროს მიიჩნეოდა; ეს კი კარგად ჯდება Kampecaris-ის ქრონოლოგიაში.

შოტლანდიაში ხმელეთზე ცხოვრებას სწრაფი ნაბიჯით მხოლოდ ბაღლინჯოები როდი მოერგნენ; ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ამავე მაჩვენებლით მიიწევდა წინ ტყეებიც და ძლიერ სავარაუდოა, რომ ეს ორი ერთმანეთთან როგორღაც იყო დაკავშირებული.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ბაღლინჯოებმა ჩვენი პლანეტის ისტორიაში, ბრუკფილდს აოცებს ის ფაქტი, რომ ეს ნამარხი ამ დრომდე არ იყო დათარიღებული. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ ამ პროცესმა უზარმაზარი დრო და ენერგია წაიღო.

ასეთი უძველესი ქანების ანალიზისას, მეცნიერებმა უნდა გამოაცალკევონ იქ არსებული მიკროსკოპული ოდენობის ცირკონი, რომელიც დანალექის ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა.

ეს პროცესი კი არწივის თვალსა და ფრთხილ ხელს მოითხოვს. ამავე დროს, შეიძლება ცირკონი სრულიად შემთხვევით მთლიანად აორთქლდეს და შეცდომის უფლება თითქმის არ გაქვს.

კვლევის თანაავტორი სტეფანი სუარესი უკვე წლებია, ამ მეთოდის ოსტატად ითვლება; მან უკვე დაამტკიცა, რომ მრავალფეხიანთა ერთი სხვა სახეობა, სახელად Pneumodesmus newmani ხმელეთის უძველესი ხოჭო არ არის და სინამდვილეში, ის იმაზე 14 მილიონი წლით გვიანდელია, ვიდრე გვეგონა.

წლების განმავლობაში მიმდინარე დეტალური და ფრთხილი მუშაობის შემდეგ, ეს გვირგვინი მან ამჯერად ახალ გამარჯვებულს დაადგა. სუარესი კვლევას აგრძელებს და ვინც იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ეს გვირგვინი ამ არსებასაც წაართვას.

კვლევა ჟურნალ Historical Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.