დედამიწის უძველესი ქანები მთვარეზე იპოვეს
დედამიწის უძველესი ქანები მთვარეზე იპოვეს

მეცნიერებმა დედამიწის სავარაუდოდ ყველაზე ძველი ქანები ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად შეიძლება გვევარაუდა — აპოლო 14-ის მისიის მიერ 1971 წელს დედამიწაზე ჩამოტანილ მთვარის ქანებში.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ ეხება იმ ფაქტს, რომ მთვარე ერთ დროს დედამიწის ნაწილი იყო და ეს ქანები სწორედ იმ პერიოდისაა. არა, ვითარება სულ სხვაგვარია.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, გამოიკვეთა მტკიცებულებები, რომ მთვარიდან ჩამოტანილ დიდი კლდოვანი ნამტვრევი დედამიწისეული წარმოშობის ქანებს შეიცავს — 2 გრამამდე კვარცს, მინდვრის შპატებსა და ცირკონს. ეს მინერალები უიშვიათესია მთვარეზე, მაგრამ საკმაოდ ბლომადაა დედამიწაზე.

როგორც ქიმიურმა ანალიზებმა აჩვენა, ეს მინერალები დედამიწის მსგავს ოქსიდირებულ სისტემაშია წარმოქმნილი და არა მთვარის ტემპერატურულ გარემოში. თუკი ისინი მთვარეზე წარმოიქმნა, მოითხოვს ისეთ გარემოს, რომელზეც მთვარეზე აღებულ ნიმუშებს აქამდე არასოდეს მიუთითებია.

შესაბამისად საინტერესოა, როგორ მოხვდა ეს ქანები მთვარეზე?

მეცნიერთა განცხადებით, ეს ქანები დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მოსწყდა, როცა ჩვენს ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 540 მილიონი წლის პლანეტას ასტეროიდი ან კომეტა დაეჯახა და მისი კლდოვანი ფრაგმენტები კოსმოსში გატყორცნა.

გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის მთვარე დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყო, ამჟამინდელზე დაახლოებით სამჯერ ახლოს, დიდი შანსი იყო, რომ ჩვენი პლანეტიდან გატყორცნილი ნარჩენები სწორედ იქ მოხვედრილიყო.

პლანეტარული მეცნიერის, დევიდ კრინგის თქმით, ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენა საკმაოდ კარგ სურათს ხატავს ადრეული დედამიწისა და იმ კოსმოსური ბომბარდირების შესახებ, რომელმაც ჩვენი პლანეტა ძლიერ შეცვალა.

ჯგუფმა ქანების დეტალური ანალიზი შეძლო. განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა ნიმუშებში ცირკონის არსებობა, რადგან როგორც ცნობილია, ცირკონი შეიცავს ურანს, რომლის ნახევრად-დაშლის პერიოდიც ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა.

გაირკვა, რომ ეს ქანები წარმოქმნილია დაახლოებით 4-4,1 მილიარდი წლის წინ, პლანეტის ზედაპირიდან 20 კმ სიღრმეში, სადაც ის მანამ დარჩა, სანამ სასტიკი შეჯახება კოსმოსში გატყორცნიდა.

საბოლოოდ, კოსმოსში ფარფატი ქანებმა მთვარეზე დაცემით დაასრულა, სადაც დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის წინ, შემდგომმა დარტყმებმა გაადნო და ზედაპირქვეშ ჩამარხა.

დაახლოებით 26 მილიონი წლის წინ, მთვარეს გიგანტური კოსმოსური სხეული შეეჯახა, წარმოიქმნა უზარმაზარი კრატერი და ეს ქანები კვლავ ზედაპირზე ამოიტანა. სწორედ ამ კრატერზე დასხდნენ 1971 წელს აპოლო 14-ის ასტრონავტები და ქანების ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანეს.

არ არის გამორიცხული, ეს ქანები მთვარეზეც წარმოქმნილიყო, მაგრამ საჭირო იყო ისეთი გარემო, რომლის არსებობაც ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე ჯერ არ დასტურდება. ამ შემთხვევაში, უნდა წარმოქმნილიყო ზედაპირიდან 30-70 კმ სიღრმეზე, უჩვეულოდ ოქსიდირებულ მაგმურ გარემოში, რომელშიც ჟანგბადის დონე იმაზე გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე 4 მილიარდი წლის წინ მთვარის მანტიაში იყო.

სამაგიეროდ, მისი წარმოქმნისთვის გაცილებით ხელსაყრელი ჩანს დედამიწის გარემო. უცნაური და ამაღელვებელია, რომ ამ ქანების თუნდაც ციცქნა ნაწილი ამდენი მილიარდი წლის შემდეგ კვლავ მშობლიურ პლანეტას დაუბრუნდა.

კვლევა ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.usra.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი