მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა — ისტორიული წარმატება მიღწეულია #1tvმეცნიერება

05:30, 11.04.2026

მისის Artemis II-ის ასტრონავტები უკვე დედამიწაზე არიან. დასრულდა მოგზაურობა, რომელიც 1 აპრილს ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან დაიწყო და ისინი მთვარის გარშემო შემოატარა, გაიყვანა ყველაზე შორ წერტილში დედამიწიდან, სადაც ოდესმე ყოფილა ადამიანი. 10 აპრილს, კაფსულა ორიონი, რომელშიც ასტროვანტები ისხდნენ, წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან ჩაეშვა.

დაშვებისას, მისიის ხელმძღვანელმა რიდ უაისმენმა მართვის ცენტრს გადასცა, რომ ოთხივე ასტრონავტი თავს კარგად გრძნობდა — კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი.

ისტორიული მისია პირველი იყო 1972 წლის მისია Apollo 18-ის შემდეგ, რომელმაც ადამიანები მთვარესთან მიიყვანა. ყველაზე შორ წერტილში, კაფსულა ორიონი დედამიწიდან 406 771 კილომეტრით იყო დაშორებული, რითაც მოიხსნა 1970 წელს მისია Apollo 13-ის ეკიპაჟის მიერ დამყარებული რეკორდი და ადამიანები დედამიწიდან ყველაზე შორს მოექცნენ, სადაც ოდესმე ყოფილან.

Artemis II-ის მთავარი მიზანი მთვარის სამომავლო მისიების ტესტირება იყო, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე სამეცნიერო მიზანიც. ასტრონავტებმა გადაიღეს მთვარის და დედამიწის მრავალი ფოტო, რომელთა სამეცნიერო ღირებულებაც უდიდესია.

მაშინ, როცა კოსმოსური ხომალდი ორიონი მთვარის უკან მოექცა, არტემისის ეკიპაჟმა იხილა მზის ისეთი დაბნელება, როგორსაც დედამიწიდან ვერ ნახავ. ამ დროს, როცა მზე მთვარის ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდა, ის ცაზე მთვარეზე უფრო პატარა ჩანდა.

მისიის ერთ-ერთი სამეცნიერო მიზანი იყო მთვარის ზედაპირზე მეტეორიტების დაცემაზე რეალურ დროში დაკვირვება, რადგან ამით შეიძლება განისაზღვროს ის საფრთხეები, რასაც მეტეორიტები შეიძლება წარმოადგენდეს სამომავლოდ მთვარის ზედაპირზე დაჯდომის მისიებისთვის.

პროგრამა Artemis-ის შემდეგი მისია, Artemis III, მთვარის მონახულებას არ გულისხმობს. დედამიწის ორბიტაზე დაიტესტება კაფსულა ორიონის უნარი, მიუერთდეს ხომალდს, რომელიც მთვარის ზედაპირზე უნდა ჩაეშვას. ეს მისია 2027 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო Artemis IV, რომელიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირსზე ჩაიყვანს, 2028 წელს უნდა შედგეს.

ყველა ეს მისია წარმოადგენს ნაწილს უფრო დიდი მიზნისა, რომელიც გულისხმობს ადამიანების მდგრად ყოფნას მთვარეზე. NASA-ს გეგმებში შედის კოსმოსური სადგურის აგება მთვარის ორბიტაზე და ბაზის მშენებლობას ზედაპირზე. ასეთივე მიზნები აქვს ჩინეთის კოსმოსურ პროგრამასაც.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, რამდენიმე ათწლეულში მთვარეზე წასვლა მარტივი რუტინა გახდება, ისეთი, როგორიც ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ასვლა და ჩამოსვლაა, უფრო შემდეგ კი შეიძლება ისეთივე რუტინად იქცეს, როგორიც დღეს კონტინენტთშორისი ფრენებია.

მსგავსი