NASA-ს მისია Artemis II გაეშვა — კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება #1tvმეცნიერება
NASA-ს მისია Artemis II გაეშვა — კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება #1tvმეცნიერება

2026 წლის პირველი აპრილი სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში — წლების განმავლობაში გულმოდგინე მზადებისა და ტესტირების შემდეგ NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაუშვა; ისინი სპეციალური კაფსულით რამდენიმე დღის განმავლობაში იმოძრავებენ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო.

მისია Artemis II პირველია 1972 წელს პროგრამა „აპოლოს“ დასრულების შემდეგ, როდესაც ადამიანები მთვარეზე კვლავ ბრუნდებიან — უდიდესი ნაბიჯი საბოლოო მიზნისკენ, რომ ადამიანმა კვლავ დადგას ფეხი მთვარის ზედაპირზე. ოთხი ასტრონავტი ასევე დაამყარებს ახალ რეკორდს — გაემგზავრებიან დედამიწიდან იმაზე შორს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ადამიანი.

მისიის წევრები არიან: მეთაური რიდ უაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები — კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. მისია ათდღიანია და ასტრონავტები კაფსულა „ორიონით“ იმოძრავებენ მთვარის გარშემო. ეს იქნება პირველი შემთხვევა „აპოლოს“ პროგრამის ეპოქის შემდეგ, როცა ადამიანი დედამიწის დაბალ ორბიტას კვლავ გასცდება.

კოსმოსური ხომალდი ორი დღის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს, შემდეგ კი მთვარისკენ გაეშურება. ამ ორი დღის განმავლობაში ეკიპაჟი დატესტავს სიცოცხლისთვის აუცილებელ სისტემებს, ასევე განახორციელებენ ძველ კოსმოსურ ხომალდთან შეპირაპირებას კაფსულა „ორიონის“ ხელით მართვის გზით. ამის შემდეგ რვა დღის განმავლობაში ისინი მთვარის გარშემო იფრენენ.

ამ დროს მთვარის „ბნელი მხარის“ რაღაც ნაწილი განათებული იქნება, მაგალითად, დიდი კრატერი, სახელად მარე ორიენტალე, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ თანამგზავრების საშუალებით ვიცით.

სატესტო ფრენა პირველი ეკიპაჟიანი გაშვებაა, რომელიც NASA-ს რაკეტა Space Launch System-ით (SLS) და კაფსულა „ორიონით“ განხორციელდა. მისიის ძირითადი მიზანია, შეაფასოს, როგორ მუშაობს „ორიონი“ რეალურ გარემოში, მათ შორის, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემები, ნავიგაცია და საკომუნიკაციო სისტემები — არსებითად, ეს მთვარეზე დაშვების მომავალი მისიის გენერალური რეპეტიციაა.

Artemis I უპილოტო მისია იყო, რომელშიც რაკეტა და მოდული „ორიონი“ დაიტესტა.

Artemis II რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ბოლოს თებერვალში, თხევადი წყალბადის გაჟონვის გამო.

მისიის განმავლობაში, 6 აპრილს, როცა ორიონი მთვარის გარშემო იმოძრავებს, ეკიპაჟი მიაღწევს ისეთ მანძილზე დედამიწიდან, როგორზეც ადამიანი ჯერ არ ყოფილა — ამით მოიხსნება Apollo 13-ის 400 171-კილომეტრიანი რეკორდი.

გარდა კოსმოსური ხომალდის ტესტირებისა, მისია დაადგენს იმასაც, როგორ მუშაობენ ასტრონავტები ღრმა კოსმოსში ხანგრძლივი დროით, მათ შორის დაგვიანებული კომუნიკაციების პირობებში.

შემდეგი ეტაპი იქნება Artemis III, რომელიც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. კაფსულა „ორიონის“ ეკიპაჟი ამ მისიაში დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმოძრავებს და დატესტავენ შეპირაპირებებს კომერციულ კოსმოსურ ხომალდთან, რომლითაც იგეგმება მომავალში მთვარეზე დაშვების ოპერაციები.

პროგრამის მეოთხე ეტაპი, Artemis IV ამჟამად 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. ეკიპაჟი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვება, სადაც ასტრონავტები შეასრულებენ სამეცნიერო დაკვირვებებს და შეაგროვებენ მთვარის გრუნტის ნიმუშებს.

ყველა ეს სამომავლო მისია დამოკიდებულია Artemis II-ზე — ადამიანების მთვარეზე გაგზავნის და უკან დაბრუნების შესაძლებლობის ახალ დემონსტრირებაზე.

ახლა კი გავიცნოთ ასტრონავტები, რომლებიც დღეს მთვარისკენ გაემგზავრნენ.

 

მეთაური — რიდ უაისმენი

50 წლის რიდ უაისმენი საზღვაო ფლოტის გადამდგარი კაპიტანია ბალტიმორიდან. სამი წლის წინ გახდა NASA-ს უფროსი ასტრონავტი, როცა მას 1972 წლის შემდეგ მთვარის პირველი პილოტირებული მისიის ხელმძღვანელობა სთხოვეს. 2020 წელს მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა.

2014 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხუთ თვეზე მეტი გაატარა.

პილოტი — ვიქტორ გლოვერი

გლოვერი ერთ-ერთია NASA-ს სულ რამდენიმე შავკანიან ასტრონავტს შორის. საზღვაო ფლოტის კაპიტანი 49 წლისაა და წარსულში საბრძოლო პილოტი იყო.

აქამდე მას მხოლოდ ერთი კოსმოსური ფრენის გამოცდილება აქვს — SpaceX-ის ხომალდით ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიყვანა.

მისიის სპეციალისტი — კრისტინა კოხი

კოხი კოსმოსში ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ იმყოფებოდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

47 წლის ელექტროინჟინერი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ჯეკსონვილიდან ფლობს ადამიანის მიერ კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის რეკორდს — ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდა 328 დღის განმავლობაში.

კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი — ჯერემი ჰანსენი

კანადელი საბრძოლო პილოტისა და ფიზიკოსისთვის ეს კოსმოსური დებიუტია, საკმაოდ სტრესული, მაგრამ, ამავე დროს, ის გახდება თავისი ქვეყნის პირველი ემისარი მთვარეზე.

50 წლის ჰანსენი ონტარიოში, ქალაქ ლონდონთან ახლოს გაიზარდა, შემდეგ ინგერსოლში გადავიდა და მფრინავის კარიერას გაჰყვა. კანადის კოსმოსურმა სააგენტომ ასტრონავტად ის 2009 წელს შეარჩია, „არტემისის“ ეკიპაჟის წევრად კი 2023 წელს დაასახელა.