Artemis II — ყველაზე შორს დედამიწიდან, სადაც ოდესმე ყოფილა ადამიანი #1tvმეცნიერება
Artemis II — ყველაზე შორს დედამიწიდან, სადაც ოდესმე ყოფილა ადამიანი #1tvმეცნიერება

მისია Artemis II-მა ოფიციალურად წაიყვანა ადამიანები დედამიწიდან იმაზე შორს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ვინმე.

6 აპრილს, ორიონის ტიპის კოსმოსურმა ხომალდმა Integrity-მ, რომელშიც ოთხი ასტრონავტი იჯდა, მოხსნა 1970 წელს მისია Apollo 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი — ადამიანები 400 171 კილომეტრის მანძილზე დედამიწიდან.

NASA-ს განცხადებით, Artemis II-მა დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილს, 406,771 კილომეტრს მაშინ მიაღწია, როცა ხომალდი მთვარის უკანა მხარეს (ე. წ. ბნელი მხარე) მოექცა. ეს მაჩვენებელი 6161 კილომეტრით მეტია Apollo 13-ის რეკორდზე.

შედარებისათვის გეტყვით, რომ საშუალო მანძილი დედამიწიდან მთვარემდე არის 384 400 კილომეტრი, ანუ ორიონი ამაზე ათეულობით ათასი კილომეტრით შორს გაფრინდა.

როდესაც ხომალდი მთვარის უკან მოექცა, დედამიწასთან კონტაქტი დაახლოებით 40 წუთით გაწყდა, რადგან სიგნალს თავად მთვარე ბლოკავდა.

ამ მომენტში, როდესაც ორიონი დედამიწასთან კონტაქტზე კვლავ გამოვიდა, ასტრონავტებმა იხილეს ის, რაც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს ნანახი — დედამიწის ამოსვლა მთვარის კიდეზე.

აღდგა კომუნიკაცია ხომალდთან და მის ოთხ ასტრონავტთან — მისიის ხელმძღვანელი რიდ უაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, და მისიის სპეციალისტები — კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

NASA-ს ცნობით, ყველა სისტემა ნომინალურია, რაც საინჟინრო ტერმინია და მოსალოდნელ პარამეტრებში მუშაობას ნიშნავს.

რეკორდი განსაცვიფრებელი და შთამაგონებელია, მაგრამ ხომალდი Integrity სხვა ბევრი რამით არის გამორჩეული. მისია მთვარის ზედაპირზე ადამიანთა დაბრუნებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია და პროგრამა Artemis-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა; Artemis II არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი.

ვინაიდან ის ღრმა კოსმოსის პირველი პილოტირებული მისიაა 1972 წელს Apollo-ს პროგრამის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელობა ბევრ დეტალს გაიგებს იმ ეფექტებზე, რაც ასეთ მოგზაურობას აქვს ადამიანებზე.

მთვარის უკანა მხარეს გადაფრენისას, ასტრონავტები ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირიდან სულ რაღაც 6545 კილომეტრით იყვნენ დაშორებული. ამ დროს ისინი ხედავდნენ ზედაპირზე მიმოფანტულ ცალკეულ კრატერებს და ორი მათგანისთვის NASA-ს ახალი სახელიც შესთავაზეს. ერთი სახელია Integrity — ორიონის იმ ხომალდის პატივსაცემად, რომლითაც ისინი დაფრინავენ, მეორე კი მისიის მეთაურის, რიდ უაისმენის გარდაცვლილი ცოლის — კეროლი. ეს სახელები განსახილველად საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს გადაეცემა.

ასტრონავტებმა ასევე იხილეს მზის დაბნელება, როცა მთვარემ მათ ხომალდსა და მზეს შორის გაიარა.

და რა თქმა უნდა, მივიღეთ დედამიწის ახალი საკულტო ფოტოც, სახელად „გამარჯობა, მსოფლიო“, რომელიც რიდ უაისმენმა 3 აპრილს გადაიღო.

ეს ფოტო აპოლოს ეპოქის შემდეგ პირველია, რომელიც ადამიანმა გადაიღო და რომელზედაც პლანეტა მთლიანად მოჩანს.

პროგრამის შემდეგი ეტაპი, Artemis III ამჟამად 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ის დედამიწასთან ახლოს განხორციელდება, რაკეტა SLS კაფსულა ორიონით ეკიპაჟს დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიყვანს, რათა გამოცადონ შეპირაპირებები და შეერთების პროცედურები იმ კომერციულ ხომალდებთან, რომლებითაც მომავალში მთვარეზე ადამიანების დასმაა დაგეგმილი.

მეოთხე ეტაპი, Artemis IV დაგეგმილია 2028 წლისთვის. ასტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებიან, ჩაატარებენ სამეცნიერო დაკვირვებებს და შეაგროვებენ გრუნტის ნიმუშებს, რომელსაც დედამიწაზე ჩამოიტანენ.

თუმცა, პირველ რიგში საჭიროა, რომ ახლა Integrity-მ ეკიპაჟი უსაფრთხოდ დააბრუნოს დედამიწაზე — ეს მისიის ყველაზე სახიფათო ფაზაა, რადგან ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა, ორ ეტაპზე გამოიყენებს პარაშუტებს და 10 აპრილს ჩაეშვება წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სიახლოვეს.