NASA მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს — #1tvმეცნიერება
NASA-მ და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთობლივი პროექტი მთვარის ზედაპირზე ბირთვული გახლეჩის რეაქტორის განთავსების შესახებ.
კოსმოსური სააგენტოს განცხადების თანახმად, ორივე უწყება იმედოვნებს, რომ ამ ინფრასტრუქტურის შემუშავების ფაზას, რომელშიც ასევე შედის ტესტირება დედამიწაზე — 3030 წლისთვის დაასრულებს. რეაქტორი ისე იქნება დაპროექტებული, რომ მთვარის ზედაპირზე დაგეგმილი მისიები წლების განმავლობაში უზრუნველყოს უწყვეტი ენერგიით, რაც მოხსნის დედამიწიდან საწვავის გამუდმებული მიწოდების საჭიროებას.
„ეს შეთანხმება NASA-ს და ენერგეტიკის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც მივიღებთ კოსმოსური კვლევისა და აღმოჩენების ოქროს ხანის დასაწყებად საჭირო შესაძლებლობებს“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ჯარედ ისააკმენი.
მათ წინ ნამდვილად ბევრი სამუშაო აქვთ. უსაფრთხო და საიმედო ბირთვული რეაქტორის აგება დედამიწაზეც რთულია. მთვარეზე სრულიად სხვანაირი გარემოა. მისი გარემო პირობები უზარმაზარ პრობლემებს წარმოადგენს გახლეჩის რეაქტორის დიზაინისთვის, რომელთაგან უდიდესი არის ნარჩენი სითბოს მენეჯმენტი.
აქ, დედამიწაზე, რეაქტორის გამაგრილებელი კოშკები წყალს იყენებს, რომელიც ჭარბ ენერგიას ატმოსფეროში ორთქლის სახით გამოყოფს. თუმცა, დაბალი გრავიტაციისა და დაბალი წნევის გარემოში სითხეები სხვანაირად იქცევა; მთვარეზე თითქმის ვაკუუმია, არ აქვს რეალური ატმოსფერო, რომელიც რეაქტორის სითბოს გაფანტავდა.
შესაძლო გამოსავლებს შორისაა იონური ელექტროგამტარობა (მყარი მდგომარეობა) და თხევად-ლითონური გამაგრილებლები, მაგრამ თითოეული ეს ვარიანტი პროექტს დამატებით სირთულეს მატებს.
ამავე დროს, მთვარე მტვრითაა დაფარული. არ ჰგავს მარსს, თავისი მძვინვარე, გლობალური მტვრის ქარიშხლებით, მაგრამ მთვარის მტვერი აბრაზიული და მზის რადიაციით ელექტრულად დამუხტულია. ეკვრის ყველაფერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარეზე გამოყენებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი აპარატურა სიფრთხილით უნდა დაპროექტდეს, რათა მთვარის მტვერმა მუშაობაში ხელი არ შეუშალოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ახლომახლო მომუშავე ნებისმიერ ადამიანს დასჭირდება რადიაციისგან ძლიერი დამცავი აღჭურვილობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამძლე და საჭიროებდეს მინიმალურ მოვლას.
ამ ტექნიკურ პრობლემებზე მეცნიერები უკვე წლებია მუშაობენ და შესაბამისად, NASA და ენერგეტიკის დეპარტამენტი საქმეს ნულიდან არ იწყებენ.
ამჟამინდელი გეგმები გულისხმობს დაპროექტებას და აშენებას რეაქტორისა, რომელსაც სულ მცირე 40 კილოვატი ენერგიის გამომუშავება შეეძლება, რაც საკმარისია 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 სახლის უწყვეტი მომარაგებისთვის. თუმცა, ჯერ არ არსებობს ზუსტი ვადები, თუ როდის შეიძლება ასეთი სისტემის მთვარეზე განთავსება.
საწყისი დიზაინის ფაზა უკვე დასრულებულია. თუმცა, ამ დიზაინის ფრენისთვის მზად მყოფ აპარატურად გარდაქმნა ნელი პროცესია და დამოკიდებულია როგორც დაფინანსებასა და რეგულაციებზე, ისე ინჟინერიაზე.
მთვარეზე ბირთვული გახლეჩის რეაქტორი ნამდვილად საოცარი რესურსი იქნება კოსმოსური კვლევებისთვის. თუმცა, ალბათ ეს უფრო გრძელვადიანი ამბიციაა, ვიდრე მოახლოებული რეალობა.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.