აღმოჩენილია დედამიწის ზედაპირზე ცხოველის მიერ დატოვებული ერთ-ერთი უძველესი ნაკვალევი
აღმოჩენილია დედამიწის ზედაპირზე ცხოველის მიერ დატოვებული ერთ-ერთი უძველესი ნაკვალევი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კვალი, რომელიც სავარაუდოდ, დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ცხოველების მიერ არის დატოვებული მიწის ზედაპირზე. ნაკვალევის ასაკი დაახლოებით ნახევარი მილიარდი წელია და ბოლოსდაბოლოს, შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვითხრას ისტორიის ამ შორეული მონაკვეთისა და პირველი მოძრავი ორგანიზმების შესახებ.

აღმოჩენა განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ ასევე აღმოჩენილია თავად იმ არსების ნამარხი, რომელმაც ეს ნაკვალევი დატოვა. ეს გახლავთ ციცქნა მწერები, სახელად Yilingia spiciformis (ილინგი არის ქალაქი ჩინეთში, რომლის სიახლოვესაც ეს ნამარხები აღმოაჩინეს). ამ მრავალფეხიანის მსგავს არსებათა სიგრძე 10 სანტიმეტრამდე უნდა ყოფილიყო.

ვირჯინიის მეცნიერებათა ტექნიკური კოლეჯის გეოლოგის, შუჰაი სიაოს განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ სეგმენტირებული და მოძრავი ცხოველები 550 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ. მოძრაობის შედეგად კი, ცხოველები დედამიწაზე უშეცდომო ნაკვალევს ტოვებენ.

აღმოჩენის ავტორ მკვლევრებს სჯერათ, რომ ეს აღმოჩენა იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე გვგონია, რადგან შეიძლება წარმოადგენდეს იმ ჩვენთვის ცნობილ ცხოველთა პირველ ნიმუშს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებდნენ. Yilingia spiciformis-ი შეიძლება რაღაცას გაურბოდა ან მისი მიმართულებით მოძრაობდა, რისთვისაც ის დახვეწილ ცენტრალურ ნერვულ სისტემას იყენებდა. თუმცა, ამ ასპექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ის ფაქტი, რომ ბაღლინჯოს ჰქონდა თავი და კუდი, თანაც დაყოფილი იყო სეგმენტებად, მიუთითებს, რომ მან იცოდა მიმართულება, საითაც მიდიოდა, როცა ის პირველყოფილ წებოვან ტალახში გადაადგილდებოდა.

დამატებითი ანალიზები აჩვენებს, რომ ეს არსება გზადაგზა ისვენებდა. მის მიერ დატოვებული ნაკვალევის სიგრძე 608 მილიმეტრია.

აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს უკვე არსებულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ცოცხალ ქმნილებებს განზრახ გადაადგილების უნარი ედიაკარულ ეპოქაში, 635-540 მილიონი წლის წინ განუვითარდათ.

სწორედ აქედან იწყება ბილატერალურ არსებათა ეპოქა — ორმხრივად სიმეტრიული არსებების, რომლებსაც ჰქონდათ სეგმენტირებული სხეული და მოძრაობის კონტროლის უნარი. ცხოველთა უმეტესობა, მათ შორის ადამიანიც, ბილატერალურია.

იმის უნარი, რომ თავი იქით მიმართო, საით წასვლაც გსურს, რა თქმა უნდა, უდიდესი ევოლუციური მიღწევაა, უპირატესობა, რომელიც ადამიანებს დღემდე გვაქვს.

გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ცხოველებს მოძრაობის უნარი განუვითარდათ — ორგანიზმებს გადაადგილება უკვე თავისით, საკუთარი ენერგიით შეეძლოთ.

ეს იმხელა ძალაუფლება იყო, რომ საფუძველი მოამზადა ე. წ. სიცოცხლის აფეთქებისთვის, რომელიც კამბრიულ პერიოდში, 541-485 მილიონი წლის წინ მოხდა.

სწორედ ამიტომ არიან მეცნიერები აღფრთოვანებული ამ კონკრეტული აღმოჩენით. ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი ნიშანი დედამიწაზე სიცოცხლის ცვლილებისა, რომელმაც შემდეგ გავლენა მოახდინა ადამიანთა დღეს არსებული საზოგადოების მოქმედების თითქმის ყველა ასპექტზე.

კვლევის ავტორის, შუჰაი სიაოს განცხადებით, ჩვენ დედამიწის ყველაზე გავლენიანი ცხოველები ვართ და უზარმაზარი ნაკვალევი დავტოვეთ არა მხოლოდ გადაადგილებით, არამედ გადაადგილების უნართან დაკავშირებული სხვა მრავალი ქმედითი აქტივობებით.

მისივე თქმით, იმის გარკვევა, როდის და როგორ განუვითარდათ ცხოველებს გადაადგილების უნარი, ადგენს დედამიწის ზედაპირზე ანთროპოგენული გავლენების უმნიშვნელოვანეს გეოლოგიურ და ევოლუციურ კონტექსტებს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია vt.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი