ევროპაში გიგანტური ფრინველის ნამარხი აღმოაჩინეს - მისი წონა ნახევარ ტონამდე უნდა ყოფილიყო
ევროპაში გიგანტური ფრინველის ნამარხი აღმოაჩინეს - მისი წონა ნახევარ ტონამდე უნდა ყოფილიყო

Pachystruthio dmanisensis-ი ნამდვილი მონსტრი იყო. იწონიდა დაახლოებით 450 კილოგრამს. ამჟამინდელი მსოფლიოს უდიდესი ფრინველი, 150 კილოგრამიანი სირაქლემა მასთან შედარებით პატარა ჩიტი იქნებოდა.

დიდი ფრინველები შორეულ წარსულში ნამდვილად არსებობდნენ, მაგრამ ფრენის უუნარო ეს ფრინველი თავის ზომით მართლაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო.

მისი ნამარხი 2018 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს, როცა გზის გაყვანის დროს მუშები შემთხვევით მიწისქვეშა მღვიმეს წააწყდნენ.

მღვიმეში ასევე იპოვეს მამონტის, ბასრკბილა კატის, აფთრის, ცხენისა და პატარა მგლის ძვლები. მათ შორის იყო ბარძაყის ძვალი, რომელიც არც ერთ მათგანს არ ეკუთვნოდა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგ ნიკიტა ზელენკოვს თავდაპირველად მიაჩნდა, რომ შთამბეჭდავი ზომის ფეხის ძვალი მალაგაზურ სპილოსებრ ჩიტს ეკუთვნოდა.

თუმცა, ძვლის სტრუქტურა სულ სხვა ამბავს მალავდა.

უჩვეულო ზომები ცხოველებში, იქნება ეს მოა, სპილოსებრი ჩიტი თუ სპილო — ხშირად განპირობებულია კუნძულებზე არსებული ეკოლოგიური ძალებით.

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ახალგაზრდა ბიოლოგმა ბრისტოლ ფოსტერმა შეიმუშავა სპეციალური კანონი (ფოსტერის კანონი), რომელიც აღწერს ზოგიერთ სახეობათა ზომის ცვლილებებს რესურსებით შეზღუდულ პატარა სივრცეში.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა ევროპის კონტინენტურ ნაწილზე მოზრდილი ფრინველების განვითარების აშკარა ნიშნები, პალეონტოლოგები უბრალოდ დარწმუნებული იყვნენ, რომ ფოსტერის კანონი სიმტკიცეს ინარჩუნებდა და ევროპის ყველა ფრინველს საშუალო ზომებში ათავსებდა.

ახალი აღმოჩენა ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან წარმოადგენს იმის პირველ აშკარა ნიშანს, რომ ევროპის მიწაზე ერთ დროს ნამდვილად დააბიჯებდა ფრენის უნარის არმქონე გიგანტური ფრინველი.

ბარძაყის ძვალი დაახლოებით სპილოსებრი ფრინველის ძვლის ზომისაა, მაგრამ არის ოდნავ წვრილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ფრინველი მორბენალი უნდა ყოფილიყო.

ძვლების პროპორციაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასების მიხედვით, P. dmanisensis-ის სიმაღლე დაახლოებით 3,5 მეტრი უნდა ყოფილიყო.

ზელენკოვის განცხადებით, არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რათა გავარკვიოთ, ენათესავებოდა თუ არა ის სირაქლემებს ან სხვა ფრინველებს, მაგრამ ირკვევა, რომ მისი წონა 450 კგ უნდა ყოფილიყო.

ფრინველთა ამ კლასის უდიდესი წარმომადგენელი იყო სახეობა Vorombe titan-ი, რომელიც კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობდა, მაგრამ დაახლოებით ათასი წლის წინ გადაშენდა. ის დაახლოებით 860 კილოგრამს იწონიდა.

მკვლევართა ვარაუდით, ყირიმის მღვიმეში აღმოჩენილი ძვლები 1,5-2 მილიონი წლის წინანდელია.

კვლევა ჟურნალ Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.