ზოოლოგებმა ყველა დროის უდიდესი ფრინველი დაასახელეს
ზოოლოგებმა ყველა დროის უდიდესი ფრინველი დაასახელეს

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მტკიცებულებათა კონფლიქტისა და მრავალი პუბლიკაციის შემდეგ, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების (ZSL) მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ბოლოსდაბოლოს დაასახელა უდიდესი ფრინველი, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე. ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ტიტული Vorombe titan-ს (Vorombe მალაგასიურ ენაზე ნიშნავს „ფრინველს“, titan ბერძნულად „დიდს“) ერგო, რადგან ის 800 კგ-ს იწონიდა, სიმაღლეში კი სამ მეტრს აღწევდა. ეს უჩვეულო არსება შორეულ წარსულში კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობდა. მეცნიერები ამ ქმნილებას სპილო-ფრინველსაც უწოდებენ.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ არსებობდა სპილო-ფრინველის ორი გვარის 15 სხვადასხვა სახეობა, მაგრამ ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მოსაზრება ძლიერ მცდარია.

სხვადასხვა ხელსაწყოებით შეიარაღებულმა დოქტორმა ჯეიმზ ჰენსფორდმა, მთელი მსოფლიოს მუზეუმებში გამოფენილი სპილო-ფრინველების ასობით ნამარხი შეისწავლა. შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სინამდვილეში მათი ტაქსონომია ვრცელდება სამ გვარში და სულ მცირე ოთხ სხვადასხვა სახეობაში.

სპილო-ფრინველები (მიეკუთვნება ეპიორნისის ჯგუფს) ამჟამად გადაშენებულ უზარმაზარ არამფრინავ ფრინველთა ჯგუფია. ბინადრობდნენ კუნძულ მადაგასკარზე, დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ.

კვლევის ავტორის, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მეცნიერის, დოქტორ ჯეიმზ ჰენსფორდის განცხადებით, სპილო-ფრინველები მადაგასკარის მეგაფაუნის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს კუნძულის ევოლუციის ისტორიაში, უფრო დიდი, ვიდრე ლემურებმა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ დიდსხეულიან არსებებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ ფართო ეკოსისტემაზე, რადგან მცენარეების ჭამის შედეგად აკონტროლებდნენ ვეგეტაციას — დეფეკაციის გზით ავრცელებდნენ ბიომასასა და თესლებს. მადაგასკარი ამ გადაშენებული ფრინველების გავლენას დღემდე განიცდის.

კვლევის თანაავტორის, პროფესორ სამუელ ტუვერის განცხადებით, წარსულში არსებულ სახეობათა მრავალფეროვნების გარკვევის გარეშე, ძალიან ძნელია ისეთი უნიკალური ეკოსისტემების შესწავლა, როგორიც მადაგასკარია. მისივე თქმით, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების ცოდნა გადამწყვეტია ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა კონსერვაციისთვის.

მომზადებულია zsl.org-ის მიხედვით.