ქარვაში განმარხებული უძველესი, ციცქნა ფრინველი სინამდვილეში აქამდე უცნობი ხვლიკი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
ქარვაში განმარხებული უძველესი, ციცქნა ფრინველი სინამდვილეში აქამდე უცნობი ხვლიკი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება

შარშან ერთი პატარა ნამარხი მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის უძველეს ქარვაშია განმარხებული და მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ იყო მინიატურული, კოლიბრის მსგავსი, ბასრი კბილების მქონე დინოზავრის თავის ქალა; ჰქონდა გადმოკარკლული თვალები და საოცრად მტკიცე ძვლები.

არ ჰგავდა აქამდე აღმოჩენილ არც ერთ სხვა ფრინველსა თუ დინოზავრს. იმიტომ, რომ სინამდვილეში არც ერთი მათგანი არ იყო.

იმავე რეგიონში ახლახან აღმოჩენილი ასეთივე ჩონჩხი მიუთითებს, რომ ე. წ. თვალკბილა ჩიტი (Oculudentavis khaungraae) სინამდვილეში ხვლიკია. მისი გრძელი დინგი დროთა განმავლობაში ისეა გასრესილი, რომ უფრო ნისკარტს წააგავს.

„წარმოიდგინეთ ხვლიკი, რომელსაც ცხვირს სამკუთხედის ფორმაზე გაუწელავთ; უფრო ჩიტს დაემსგავსება“, — განმარტავს ფლორიდის ბუნების მუზეუმის დირექტორი ედუარდ სტენლი.

მიუხედავად ასეთი ნისკარტის მსგავსი დინგისა, ზოგიერთ ექსპერტს მაინც ეჭვი ეპარებოდა. 2020 წელს, მისი აღმოჩენიდან მალევე, ამ დარგის მეცნიერებმა ნამარხის კლასიფიკაციის განხილვა დაიწყეს.

კბილებით სავსე პირის მგონე ადრეულ დინოზავრთა ნამარხები აქამდეც არის აღმოჩენილი, რაც მათ დინოზავრებისგან ერგოთ მემკვიდრეობად, მაგრამ მათი კბილები ძირითადად ფოსოებში ზის და პირდაპირ ყბის ძვალზე არ არის მიბმული; ამას გარდა, არც ერთ სხვა ადრეულ ფრინველში არ იყო შემჩნეული ასე ხვლიკის მსგავსი თვალები.

საბოლოოდ, ეს არგუმენტები საკმარისი აღმოჩნდა სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორებისთვის, რათა Oculudentavis-ის კვლევა ჟურნალიდან ამოეღოთ და მცდარ კლასიფიკაციად გამოეცხადებინათ. მართალია, თავდაპირველი კვლების ზოგიერთი ავტორი კვლავ ჯიუტობდა, მაგრამ ახლომახლოს აღმოჩენილი სხვა ხვლიკის ნამარხი ახლა უკვე მიუთითებს, რომ ისინი მართლაც ცდებოდნენ.

ახალ ნამარხსაც უცნაური შესახედაობა აქვს, რაც არაფერში ჯდება. ერთი შეხედვით, ის შარშან აღმოჩენილ თავის ქალას დიდად არ ჰგავს. მაგრამ ორივე ქარვიდან ძვლების იზოლირებისა და შედარების შემდეგ, მკვლევრებმა მათ შორის რამდენიმე საკვანძო მსგავსება იპოვეს.

ორივე ნამარხი დაახლოებით ერთნაირი ზომისაა, აქვთ ყბის ძვალზე მიკრული კბილები და ერთნაირი ზომისა და ფორმის, ხვლიკის მსგავსი თვალის ბუდეები. გარდა ამისა, ახლად აღმოჩენილ ნამარხს ასევე აქვს აშკარა ქერცლები და უფრო სრული თავის ქალა, ჰოკეის ჯოხი მსგავსი სკვამოზური ძვალი, რომელიც ყველა ქერცლოვან რეპტილიაშია წარმოდგენილი.

ორი ციცქნა ნამარხი ერთი და იგივე სახეობის არ არის, მაგრამ როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია მიუთითებს, ეკუთვნიან ხვლიკის ერთსა და იმავე გვარს, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ მსოფლიოს იმ რეგიონში არსებობდა. ახალ სახეობას Oculudentavis naga უწოდეს.

„ნამდვილად უცნაური ცხოველია, არ ჰგავს დღეს არსებულ არც ერთ ხვლიკს. ვფიქრობთ, მიეკუთვნება ქერცლიანთა ჯგუფს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით“, — ამბობს სემ ჰიუსტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგი ხუან დიეგო დასა.

სწორედ ასეთ უჩვეულო მახასიათებელთა გამო გაჭირდა ამ ორივე ხვლიკის მოთავსება ცხოველთა სამეფოში კუთვნილ ადგილას. ამას ემატება ისიც, რომ პირველად აღმოჩენილი Oculudentavis-ის თავის ქალას ოდნავ მიჭყლეტილი დინგი აქვს.

ნამარხების თავდაპირველი ფორმების აღდგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ აჩვენა, რომ O. khaungraae-ს დინგი განმარხების პროცესშია გასრესილი.

ასე რომ არ ყოფილიყო, მას მეორე ხვლიკის, O. naga-ს მსგავსი გრძელი დინგი ექნებოდა და არა უფრო ნისკარტის მსგავსი წარმონაქმნი.

სახეობა O. naga იმდენად კარგად არის შემონახული, რომ მისი დინგის ზედაპირზე და ნიკაპის ქვეშ მეცნიერებმა რბილ ქსოვილებსაც მიაგნეს.

მკვლევრები ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, ზუსტად სად თავსდება პირველად აღმოჩენილი Oculudentavis-ი ხვლიკების ოჯახში, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ის ნამდვილად არ იყო ფრინველი.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია floridamuseum.ufl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.