აღმოჩენილია 99 მლნ წლის წინ ქარვაში განმარხებული „ჯოჯოხეთის ჭიანჭველა“, რომელსაც პირში მსხვერპლი უჭირავს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 99 მლნ წლის წინ ქარვაში განმარხებული „ჯოჯოხეთის ჭიანჭველა“, რომელსაც პირში მსხვერპლი უჭირავს — #1tvმეცნიერება

დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერი, რომელსაც სხვაგვარად „ჯოჯოხეთის ჭიანჭველასაც“ უწოდებენ, 99 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში განმარხებული აღმოაჩინეს. ცელის მსგავს ყბებში ჭიანჭველას მსხვერპლი ჰყავს მოქცეული.

მეცნიერთა განცხადებით, ეს ულმობელი მტაცებელი მიეკუთვნება პრეისტორიულ ჭიანჭველათა ახლად იდენტიფიცირებულ სახეობას, რომელსაც Ceratomyrmex ellenbergeri-ს უწოდებენ; აღსანიშნავია, რომ კვების პროცესში მყოფი ჯოჯოხეთის ჭიანჭველას ნამარხი პირველად აღმოაჩინეს. მისი მსხვერპლი ტარაკნების ამჟამად გადაშენებული ნათესავია.

„განმარხებული ქცევა წარმოუდგენლად იშვიათია, მტაცებლობა კი მით უმეტეს“, — ამბობს ფილიპ ბარდენი, რომელიც ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სოციალურ მწერთა ევოლუციას სწავლობს.

მისივე თქმით, როგორც წესი, პალეონტოლოგები უძველეს ადაპტაციათა ფუნქციას არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სწავლობენ, მაგრამ გადაშენებული მტაცებლის მოქმედებაში ხილვა, როდესაც მას მსხვერპლი ყბებით უჭირავს, ფასდაუდებელია.

ჭიანჭველები ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქმნილებები არიან პლანეტა დედამიწაზე. ამ დრომდე, მეცნიერებს იდენტიფიცირებული აქვთ მათი 12 500-ზე მეტი სახეობა და ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს კიდევ 10 000-მდე სხვა სახეობა, რომლებიც ჯერ აღმოჩენილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწაზე ამდენი სახეობის ჭიანჭველაა, არც ერთი მათგანი არ ჰგავს იმათ, რომლებიც მეცნიერებს ქარვის დეპოზიტებში განმარხებული აქვთ აღმოჩენილი მიანმარში, კანადასა და საფრანგეთში.

უფრო მეტიც, ბარდენი აღნიშნავს, რომ ამ ჯოჯოხეთის ჭიანჭველების (haidomyrmecine) პირის ნაწილები არც ერთი ამჟამინდელი მწერისას არ ჰგავს. ახლად იდენტიფიცირებული ჯოჯოხეთის ჭიანჭველები ქვედა ვერტიკალურად ამოძრავებდნენ და მსხვერპლს მის ზემოთ ამოსულ რქის მსგავს გამონაზარდზე აცვამდნენ.

ასეთი რქა ადრე აღმოჩენილ ჯოჯოხეთის ჭიანჭველებსაც აქვთ. მეცნიერები აქამდეც ფიქრობდნენ, რომ ის ერთგვარი კავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 99 მილიონი წლის წინანდელი ეს ნამარხი ამის პირველი მტკიცებულებაა.

ამ უძველესი ჭიანჭველებისგან განსხვავებით, თანამედროვე ჭიანჭველებისა და თითქმის ყველა სხვა ექვსფეხიანი მწერის ქვედა ყბა მხოლოდ ჰორიზონტალურად მოძრაობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჯოჯოხეთის ჭიანჭველას პირველი ნამარხი დაახლოებით ასი წლის წინ აღმოაჩინეს, იდუმალებით რჩებოდა მოცული, რატომ განსხვავდებოდნენ ეს გადაშენებული ცხოველები დღევანდელი ჭიანჭველებისგან ასე ძალიან“, — ამბობს ბარდენი.

მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი ნამარხი გვიმხელს მექანიზმს, რომელსაც ევოლუციური ექსპერიმენტიც შეიძლება ვუწოდოთ; მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ექსპერიმენტი მრავლად გვაქვს ნანახი ნამარხებში, ხშირად არ გვაქვს იმ ევოლუციური გზის სრული სურათი, რამაც ის გამოიწვია.

ჯოჯოხეთის ჭიანჭველები წინ უსწრებდნენ დღეს არსებული ყველა ჭიანჭველას საერთო წინაპარს და ამავე დროს, ივყნენ წარმოუდგენლად მრავალფეროვანნი.

ქარვაში განმარხებულ და აღმოჩენილი ზოგიერთი სხვა სახეობა აღჭურვილია პირის წვეტიანი ნაწილებით, რომლებითაც სავარაუდოდ, მსხვერპლის სისხლს წოვდნენ.

მეორე მხრივ, თანამედროვე ჭიანჭველები ძლიერ სხვანაირნი არიან. აქვთ წინ მიმართული პირი, რაც მათ თავს ზედაპირთან მიმართებაში პარალელურობას უნარჩუნებს; თუმცა, ასევე შეუძლიათ მაღლა ახედვა და ირგვლივ მიმოხედვა.

ჯოჯოხეთის ჭიანჭველებს ასეთი მოძრაობები ასე კარგად არ შეეძლოთ და სავარაუდოდ, მსხვერპლს დაბლა მიმართული პირით იჭერდნენ.

„მიუხედავად მწერების საოცარი ანატომიური მრავალფეროვნებისა, ლარვული მოცურალასებრი ხოჭოები და ჯოჯოხეთის ჭიანჭველები ჩვენთვის ცნობილი ორად-ორი მაგალითია, რომლებიც მსხვერპლის დასაჭერად ქვედა ყბა-თავის კონტაქტს იყენებენ; ორივე მათგანს ვერტიკალურად გამოკვეთილი პირის აპარატის ნაწილები აქვს“, — წერენ კვლევის ავტორები.

უცნობია, რატომ გადაშენდნენ ჯოჯოხეთის ჭიანჭველები არსებობის 20 მილიონი წლის შემდეგ, მაგრამ ეს შეიძლება კავშირში იყოს მათ სპეციალიზებულ მტაცებლურ ქცევაზე.

როგორც ფილიპ ბარდენი აღნიშნავს, ეს მაგალითია იმისა, რომ დედამიწის ყველაზე მრავალფეროვანი და ყველგან გავრცელებული სახეობებიც კი შეიძლება გადაშენდეს. ისეთი ყველასათვის ნაცნობი არსებაც კი, როგორიც ჭიანჭველაა.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.