აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული პრეისტორიული ფრინველი წარმოუდგენლად გრძელი თითით
აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული პრეისტორიული ფრინველი წარმოუდგენლად გრძელი თითით

მიანმარში ხშირად პოულობენ ქარვის ნატეხებს, რომლებშიც პრეისტორიული ცხოველებია განმარხებული. 99 მილიონი წლის წინანდელ ერთ-ერთ ასეთ ნატეხში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველის ახალი სახეობა, რომელსაც წარმოუდგენლად გრძელი შუა თითი აქვს.

სახეობას Elektorornis chenguangi უწოდეს და არის პატარა ჩიტი, რომელიც სრულიად განსხვავდება როგორც გადაშენებული, ისე ამჟამინდელი ფრინველებისაგან; ამის მიზეზი მისი კიდურებია. მკვლევართა განცხადებით, მისი ფეხის მესამე თითი წვივზე ორჯერ გრძელია.

პეკინის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პალეონტოლოგის, ლიდა სინგის განცხადებით, ქარვის ნახვისას ის უბრალოდ გაოცებული დარჩა; ჩანს, რომ უძველესი ფრინველები იმაზე მრავალფეროვანი იყვნენ, ვიდრე გვგონია. თავიანთ გარემოსთან შესაგუებლად, მათ მრავალი სხვადასხვა მახასიათებელი განუვითარდათ.

ნატეხი 2014 წელს მიანმარში, ჰუკავნგის ხეობაში აღმოაჩინა ადგილობრივმა ქარვით მოვაჭრემ. ფეხის ამ უჩვეულო ფრაგმენტის წარმომავლობა იდუმალებით რჩებოდა მოცული, სანამ ის პალეონტოლოგების ხელში ჩავარდებოდა.

SONY DSC

სინგის თქმით, ზოგიერთ ვაჭარს ის ხვლიკის ფეხი ეგონა, რადგან ასე გრძელი თითები სწორედ ამ არსებებს აქვთ. მისი განცხადებით, მას ფრინველის ასე გრძელი თითი აქამდე არასოდეს ენახა, მაგრამ იცოდა, რომ ის ნამდვილად ფრინველს ეკუთვნოდა, რადგან მას ოთხი თითი ჰქონდა, ხვლიკები კი ხუთი თითით არიან ცნობილი.

9,8 მილიმეტრის სიგრძის თითი ხეებზე ბინადარ პატარა ჩიტს ეკუთვნოდა, ბეღურაზე უფრო პატარას, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, დინოზავრებთან ერთად გადაშენდა. დღეს დედამიწაზე მისი მსგავსი აღარაფერი ბინადრობს.

კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ ფრინველის მესამე თითი მეორე თითზე 41 პროცენტით გრძელი იყო; უფრო მეტიც, ეს თითი წვივის ძვალს სიგრძეში 20 პროცენტით აღემატებოდა.

ეს პროპორციები კვლევის ავტორებმა 20 გადაშენებულ და 62 ამჟამინდელი ფრინველისას შეადარეს, თუმცა დამთხვევა ნულოვანი აღმოჩნდა.

კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რომ ასეთი პროპორციები არ შეიმჩნევა არც ერთ ამჟამინდელ ცხოველშიც. ხეებზე ბინადარ ზოგიერთ ფრინველს ახლაც აქვს წაგრძელებული მესამე თითი, რომელსაც ისინი ტოტზე უკეთესად მოსაჭერად იყენებენ, მაგრამ მკვლევრებმა ვერ მიაგნეს ვერც ერთ სხვა ქმნილებას, რომელსაც ასეთი ექსტრემალური თითები ექნებოდა.

ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ცხოველი, რომელსაც არაპროპორციულად გრძელი თითები აქვს, არის მადაგასკარის ბინადარი ლემური აიე-იე (ხელფეხა); იგი თითებს არა ბალანსის, არამედ მიუწვდომელ ადგილებში საკვების მოსაპოვებლად იყენებს, მაგალითად, ხეებიდან მატლებისა და მწერების ამოსაყვანად.

კვლევის ავტორებს უჭირთ იმის დაზუსტებით თქმა, რისთვის იყენებდა ეს ფრინველი ასე გრძელ თითს, მაგრამ სავარაუდოდ, ის მათ რაღაც უპირატესობას აძლევდა გარკვეულ ეკოლოგიურ ნიშაში, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.

მათი თქმით, მადაგასკარული ხელფეხას მსგავსად, ამ თითს შეიძლება ეს ფრინველიც საკვების მოსაპოვებლად იყენებდა; ასევე შესაძლებელია გარკვეულ როლს ასრულებდა ხეზე ცხოვრებაში ანდაც ორივეს ერთად.

წაგრძელებული თითები ასევე გვხვდება ხეების ბინადარ ზოგიერთ ხვლიკშიც.

აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოა ფრინველის ფეხის ნაზი ქსოვილიც. მის ბოჭკოვან სტრუქტურებს იმდენად უცნაური გადანაწილება და ზომა აქვს, რომ მკვლევრებმა ის ვერც ერთ ამჟამინდელ ფრინველს ვერ დაამთხვიეს.

მეცნიერთა აზრით, დიდი თითი გაცილებით მყარი უნდა ყოფილიყო ძირში, ბოლოში კი მგრძნობიარე თმებით დაფარული, რომელსაც პოტენციური საკვების შეგრძნების უნარი უნდა ჰქონოდა.

ავტორთა დასკვნით,შემგრძნობი ბუსუსები Elektorornis-ს სავარაუდოდ ეხმარებოდა მსხვერპლის პოვნაში, წაგრძელებული მესამე თითი კი საკვების მომპოვებელი უნიკალური სტრუქტურა უნდა ყოფილიყო.

ქარვის ნატეხებში განმარხებულ პრეისტორიულ არსებათა აღმოჩენა ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. მეცნიერებს უკვე ნაპოვნი აქვთ პატარა დინოზავრები, ჭიანჭველები, ბაყაყები, გველები, ტკიპები, სხვადასხვა მწერები, მოლუსკები, რომლებიც ოდესღაც მცენარეების წებოვანი წვენის ტბორებში ჩაიჭედნენ. დროთა განმავლობაში, ეს წვენი გაქვავდა, ქარვად გადაიქცა და თითქმის ხელუხლებლად შემოგვინახა არსებები, რომლებიც დედამიწაზე ასობით მილიონი წლის წინ დააბიჯებდნენ.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.