აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ბაყაყი
აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ბაყაყი

შორეულ წარსულში, 99 მილიონი წლის წინ, თანამედროვე მიანმარის ტერიტორიაზე, ტყეში ბინადარი რამდენიმე ბაყაყი ხის წვენის ოქროსფერ, წებოვან ტბორში ჩაცვივდა. წლების განმავლობაში, წებოვანი ტბორი გაქვავდა და დღეს, ჩვენ წინაშეა ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ბაყაყები მათ შორის, რაც კი აქამდე აღმოგვიჩენია.


მიანმარში ნაპოვნი ქარვაში ჩაჭედილი ოთხი ნამარხი ასევე უძველესი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ნოტიო ტროპიკულ ტყეებში ბაყაყები ბინადრობდნენ.

ქარვაში ჩაჭედილი წინა უძველესი ბაყაყები აღმოჩენილია კარიბის ზღვის აუზში (40 მილიონი წლის წინანდელი) და მექსიკაში (25 მლნ წლის წინანდელი).

„დაუჯერებელია, რომ ამ პერიოდის ბაყაყი ასე კარგადაა შემონახული, თითქმის სამგანზომილებაში. ყველაზე ამაღელვებელი კი ის არის, რომ ეს ბაყაყები ტროპიკული ეკოსისტემის ნაწილი ყოფილან, ზუსტად ისე, როგორც დღესაა, თუკი გამოვაკლებთ დინოზავრებს“, — ამბობს ჰერპეტოლოგი დევიდ ბლექბარნი.

ბაყაყები პატარა და სუსტები არიან, შესაბამისად, მათი ნამარხები ხშირად ძალიან ცუდადაა შემონახული, განსაკუთრებით ტენიან წვიმის ტყეებში, სადაც ისინი სწრაფად იხრწნება.

მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი უძველესი ბაყაყის ნამარხის ასაკი 190 მილიონი წელიწადია. ნამარხთა უმეტესობა მოზრდილ, მშრალ გარემოში ბინადარ სახეობებს ეკუთვნის.


თანამედროვე ბაყაყები ტენიან გარემოში ბინადრობენ და როგორც ჩანს, ისინი წარსულშიც ასეთ გარემოს არჩევდნენ.

„ჰკითხეთ ნებისმიერ ბავშვს, დაგისახელოთ ტროპიკული ტყის ბინადარნი. ბაყაყი უდავოდ სიის სათავეში აღმოჩნდება. თუმცა საოცარია, რომ არ გვქონდა არანაირი ნამარხი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ასოციაციას დიდი ისტორია აქვს“, — ამბობს ბლეკბარნი.

მაგრამ იცით, რა დომინირებს ტროპიკულ წვიმის ტყეებში? ხეები. მათგან ჩამონადენი წებოვანი წვენი ყველაფერს ედება, ფუთავს, აქვავებს და გარემოს ფასდაუდებელ კადრს ინახავს.

მიანმარის ქარვის დეპოზიტები განსაკუთრებით მდიდარია. მათში უკვე აღმოჩენილია ობობები, ფრინველები, ქამელეონები, ვამპირი ჭიანჭველები და ბუმბულებიანი ციცქნა დინოზავრის კუდიც კი.

ამჯერად მიანმარული ქარვის ნამსხვრევები ბაყაყებს გვთავაზობენ. ამ გადაშენებულ სახეობას მკვლევრებმა Electrorana limoae უწოდეს.

ქარვის ნატეხი შეიცავს ბაყაყის თავს, წინა კიდურებს, ხერხემლისა და უკანა კიდურების ნაწილებს, ასევე გაურკვეველი სახის ხოჭოს. თავად ბაყაყის ზომა ინჩზე ნაკლებია და როგორც ჩანს, ზრდასრული არ იყო.

არსებული ძვლების საფუძველზე მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ Electrorana უნდა ყოფილიყო გომბიო ბაყაყებსა და მეან-ბაყაყებს შორის. თუმცა, თავს იჩენს ერთი პრობლემა — ევრაზიული სახეობები ზომიერ კლიმატში ბინადრობენ და არა ნოტიო წვიმის ტყეებში.

მწირია სხვა სამი ნამარხიც, რადგან ისინი შეიცავს მხოლოდ ორ კიდურს და ფისში გახსნილი ბაყაყის ანაბეჭდებს.

ნამარხები ამჟამად ჩინეთში, ქალაქ ჩაოჯოუს პალეონტოლოგიის ინსტიტუტში ინახება.

კვლევა ჟურნალ Nature Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია floridamuseum.ufl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით