საბოლოოდ დადგინდა, რას წარმოადგენს უძველესი ნამარხი, რომელიც ათწლეულებია, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა — #1tvმეცნიერება
საბოლოოდ დადგინდა, რას წარმოადგენს უძველესი ნამარხი, რომელიც ათწლეულებია, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა — #1tvმეცნიერება

90 წლის წინ, იტალიის ალპებში ადრეული პერმული ეპოქის უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს და მას შემდეგ, მეცნიერებას მსგავსი აღარაფერი უპოვია.

ის 1931 წელს აღმოაჩინეს, Tridentinosaurus antiquus-ი უწოდეს და ნამდვილად გამორჩეული აღმოჩენაა. არის 280 მილიონი წლის წინანდელი, დინოზავრებზე უფრო ძველი და მიიჩნეოდა, რომ წარმოადგენდა ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხვლიკის ნამარხს.

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ ის განსაკუთრებით კარგადაა შენახული — ცხოველის სხეულის ანაბეჭდი ქვაზე, თავის რბილი ქსოვილით.

თუმცა, ახლა უკვე ვიცით, რატომ აღარ გვიპოვია მას შემდეგ მსგავსი ნამარხი: ახალი საგულდაგულო ანალიზების მიხედვით, ეს რბილი ქსოვილი სინამდვილეში სულაც არაა რბილი ქსოვილი, უბრალოდ, საღებავია.

აღმოჩენა კორკის უნივერსიტეტის კოლეჯის პალეობიოლოგის, ვალენტინა როსის ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც ამ უჩვეულო ნამარხის შესწავლისას, შეცდომაში შემყვან დეტალს მიაგნო.

„ერთი შეხედვით, ნამარხი ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა. კოლეგებმა მითხრეს, რომ მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ. თუმცა, ნამარხები ყოველთვის ასე თუ ისე უცნაურია და ამიტომ, კვლევა ჩავატარე. მიკრონიმუშების მოლეკულური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენ წინაშე იყო არა კარბონიზებული რბილი ქსოვილი, არამედ შავი საღებავი“, — ამბობს როსი.

დიდი ხანია, Tridentinosaurus-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამარხია. რბილი ქსოვილი იშვიათად ინახება, რადგან როგორც წესი, განმარხების ხანგრძლივი პროცესის დაწყებამდევე იხრწნება.

თუმცა, როცა ის შემონახულია, ბევრ რამეს გვეუბნება იმ ცხოველის შესახებ, რომელსაც თავის დროზე ეკუთვნოდა — მაგალითად, კანის ფერსა და ტექსტურას, ანატომიისა და შინაგანი ორგანოების განლაგებას.

მეცნიერებს გარკვეული თეორიებიც ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ შემოინახა Tridentinosaurus-ის რბილი ქსოვილი, მაგრამ კანი დეტალებში არავის ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ამიტომ აიღეს ეს საქმე თავის თავზე როსიმ და მისმა კოლეგებმა.

პირველადმა ულტრაიისფერმა სკანირებამ მთლიანი ნამარხის გარშემო საფარი გამოავლინა, რაც ნამარხებისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, უფრო დეტალური ანალიზები იყო იმის დასადგენად, თუ რა იმალებოდა ამ საფარის ქვეშ.

კარბონიზებულ კანად მიჩნეული შავი მასალის ანალიზისთვის ჯგუფმა სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. მათ შორის — ელექტრონული მიკროსკოპი, ენერგიის დისპერსიული სპექტროსკოპი, მიკრო რენტგენული დიფრაქცია, რამანის სპექტროსკოპია და Atr-Ftir სპექტროსკოპია.

შედეგები რამდენიმე სხვადასხვა მასალას შეადარეს. ნიმუშები შეესაბამებოდა არა ორგანულ მასალას, არამედ ძვლისგან დამზადებულ შავ პიგმენტს, რომელიც ხშირად გვხვდება ისტორიულ ნახატებში.

აღმოჩენა უკიდურესად მოულოდნელი იყო.

„შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა არ იყოს, შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ. დღეს უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ უმძლავრესი ტექნოლოგიები, რომლებიც ნამარხების მოლეკულურ დონეზე შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო“, — ამბობს როსი.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ „კანი“ ყალბია, ნამარხის ზოგიერთი ნაწილი ნამდვილია. უკანა ფეხების ძვლები, რომლებზეც კანია დახატული, რეალურია. საღებავის ქვეშ ამ ძვლების შესწავლა უდავოდ რთული იქნება, მაგრამ ამაში შეიძლება 3D ვიზუალიზაცია დაგვეხმაროს.

შედეგად, მკვლევრებს რეალური Tridentinosaurus-ის შესწავლა შეეძლებათ. შეადარებენ იმ სხვა ნამარხებსაც, რომლებიც წარსულში ზედმეტად განსხვავებულად მიაჩნდათ, რათა ამავე სახეობის ან გვარისთვის მიეკუთვნებინათ.

პალეონტოლოგებმა შეიძლება ის ადგილიც მოინახულონ ხელახლა, სადაც ნამარხი აღმოაჩინეს, იმის იმედით, რომ იქნებ სხვა უფრო უკეთ შენახული ნიმუშებიც იპოვონ.

ამ კვლევამ შესაძლოა Tridentinosaurus-ის მთავარი საიდუმლო გამოავლინა, მაგრამ ერთი თვალსაჩინო მაინც რჩება.

„არ ვიცით, ვინ მოხატა ის და რატომ. გამომდინარე იქიდან, რომ ძვლების ნაწილი და წვრილი ძვლოვანი ქერცლები აშკარად ჩანს, აღმოჩენის ადგილის გათხრა ცდად ღირს, რადგან შეიძლება, იქ სხვა ძვლებიც ვიპოვოთ. ნამარხი სავარაუდოდ მის გასალამაზებლად მოხატეს“, — ამბობს როსი.

თუმცა, ალბათ მაინც ვერასოდეს გავიგებთ, ვინ და რატომ მოხატა ის.

კვლევა Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.