დინოზავრებზე უფრო ძველი ხის იშვიათი, 3D ნამარხი დედამიწაზე არსებულ უცნაურ ტყეებზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
დინოზავრებზე უფრო ძველი ხის იშვიათი, 3D ნამარხი დედამიწაზე არსებულ უცნაურ ტყეებზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

ძნელია დედამიწა ტყეების გარეშე წარმოიდგინო, მაგრამ გეტყვით, რომ პლანეტის პირველი ხე მიწიდან პირველად დევონურ პერიოდში, დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ამოიზარდა.

უძველესი ხეების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით და ისიც ძირითადად ქვებში განმარხებული კუნძებისა და ფესვების, უძველეს ქანებში მიმოფანტული გაქვავებული ტოტებისა და ფოთლების საფუძველზე.

კანადის ნიუ-ბრუნსვიკის მუზეუმში დაცული 2,3 მეტრის სიმაღლისა და 2 მეტრის სიგანის ქვის ბლოკი იშვიათ ნიმუშებს შეიცავს, რაც მკვლევრებს უიშვიათეს ცნობებს აწვდის — სამგანზომილებიან ხედს იმ უძველესი სახეობებისა, რომლებიც დედამიწაზე ხეების მსგავსი ფლორის გამოჩენიდან 15 მილიონი წლის წინ ხარობდნენ.

ქვის ეს ბლოკი 2017 წელს, ნიუ-ბრუნსვიკის ერთ-ერთ მაღაროში ნიუ-ბრუნსვიკის მუზეუმის პალეონტოლოგებმა, ოლივია კინგმა და მეთიუ სტიმსონმა აღმოაჩინეს. მასში შემორჩენილია ერთმანეთთან ახლოს მდგარი ხუთი გატოტილი მცენარის ნაშთები, რომლებშიც ზედა ფოთლების განლაგება უცნაური დეტალებით არის წარმოდგენილი.

„მოკლე და წვეტიანი სხეულის გარშემო, ეს ხე უცნაურად ისხამდა უზარმაზარ, გრძელ ფოთლებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, აშშ-ის კოლბის კოლეჯის გეოლოგი რობერტ გასტალდო.

მიუხედავად იმისა, პალმის ხეები მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს ნამარხი მცენარე, რომელსაც დღეს Sanfordiacaulis densifolia-ს უწოდებენ, საოცრად ჰგავს დღეს უდაბნოებსა და ტროპიკულ კუნძულებზე გავრცელებულ პალმებს. თუმცა, რაღაც უფრო უცხოპლანეტურს.

დევონური პერიოდის შემდეგ კარბონული ეპოქა დაიწყო. ამ დროს გამოჩნდა და გამრავლდა მცენარეები, რომლებიც გარკვეულწილად შეიძლება ვაღიაროთ, როგორც წიწვოვნები, ციკასები და გინკო. უფრო ძნელია ამ პერიოდის სხვა დანარჩენი მცენარეების შესწავლა.

„ყველას გვაქვს მენტალური კონცეპტი ხის იერსახის შესახებ, რაც იმაზეა დამოკიდებული, პლანეტის რომელ ნაწილში ვცხოვრობთ და გვაქვს ისეთი ხედვა, რაც ჩვენთვის ნაცნობია. ჩვენ მიერ შესწავლილი ნამარხი უნიკალურია და ზრდის უცნაური ფორმაა სიცოცხლის ისტორიაში. ის ევოლუციის ერთ-ერთი ექსპერიმენტია იმ პერიოდში, როცა ტყის მცენარეები ბიოდივერსიფიკაციას განიცდიდნენ და როგორც ჩანს, ეს ის ფორმაა, რომელიც ცოტა ხანს არსებობდა“, — ამბობს გასტალდო.

მეცნიერთა აზრით, პატარა კორომი, რომელიც ტბის პირას, მიწისძვრებით გამორჩეულ ტერიტორიაზე იზრდებოდა, ბიძგების გამო მოწყდა და თავის მცენარეულობით სუფთა ტალახში ჩაიმარხა.

მკვლევართა შეფასებით, ამ ხის სიმაღლე სამ მეტრამდე უნდა ყოფილიყო, ხშირი ფოთლები სხეულიდან 2-3 მეტრზე იყო გამოზრდილი და წვერთან წარმოქმნიდა ფოთლების ხშირ გვირგვინს, რომლის მოცულობაც 30 კვადრატული მეტრი იყო.

გაუვალი ტყეების ქვეშ მზარდი მრავალი სხვა ხის მსგავსად, რომლებიც სინათლისთვის იბრძვიან, Sanfordiacaulis-ს ასეთი ვრცელი ანატომია იმიტომ უნდა გამოემუშავებინა, რათა რაც შეიძლება მეტი სინათლე მიეღო სხვა, დიდ მცენარეებში ჩაფლულს.

დიდი ხნის წინ გადაშენებული ხეების ასე კარგად შემონახული ნაშთები მეცნიერებს მათი ევოლუციის კვლევის უნიკალურ შანსს აძლევს.

„შორეულ წარსულში მოქმედმა ევოლუციურმა მექანიზმებმა განაპირობა ორგანიზმები, რომლებიც უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებითა და ტრაექტორიით წავიდა მათი ფორმები, ზრდის არქიტექტურა და სიცოცხლის ისტორიები. ნიუ-ბრუსნვიკში აღმოჩენილი ნამარხი ევოლუციის ერთ-ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის ბრწყინვალე ნიმუშია“, — ამბობს კვლევის ავტორი, აშშ-ის კოლბის კოლეჯის გეოლოგი რობერტ გასტალდო.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.