იურული პერიოდის ოთხი ნამარხი გვიჩვენებს, როგორ ჩამოუყალიბდათ ძუძუმწოვრებს კბილები და ყურები — #1tvმეცნიერება
იურული პერიოდის ოთხი ნამარხი გვიჩვენებს, როგორ ჩამოუყალიბდათ ძუძუმწოვრებს კბილები და ყურები — #1tvმეცნიერება

ჩინელ, ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა მიერ იურული პერიოდის ნამარხებზე ჩატარებული ორი ახალი კვლევა ახალ ცნობებს გვაძლევს იმის შესახებ, როგორ განვითარდნენ ძუძუმწოვრები, თუნდაც ადამიანები. კონკრეტულად კი, როგორ შეიძინეს ყურები და კბილები.

ჯამში, ორ კვლევაში 164 მილიონი წლის წინანდელი ოთხი ნამარხი შეისწავლეს. ისინი მამალიაფორმებს ეკუთვნის, ჯგუფს, რომელიც მოიცავს ძუძუმწოვრებსა და მათ გადაშენებულ უახლოეს ნათესავებს. ოთხიდან სამი ნამარხი Shuotheriidae-ს ეკუთვნის — პატარა, თაგვის ზომის არსებებს, რომლებიც დინოზავრების პერიოდში ბინადრობდნენ.

ამ არსებების კბილებისა და ყურების კონფიგურაციის საფუძველზე, მკვლევრებს აინტერესებდათ დაედგინათ, როგორ განვითარდა ეს წარმონაქმნები დინოზავრების პერიოდიდან დღემდე, როდესაც ძუძუმწოვრები დომინირებენ და როგორ უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა ევოლუციური განშტოებები.

„ჩვენი კვლევა კითხვის ნიშანს უსვამს ამჟამინდელ თეორიებს და მამალიაფორმების ევოლუციური ისტორიის ახალ ხედვას გვთავაზობს. მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ცნობები shuotheriid-ების ფილოგენეტიკური კავშირებისა და ევოლუციური ტრაექტორიების შესახებ, რაზეც თითქმის არაფერი ვიცოდით ბოლო დროს ჩინეთში გაკეთებულ აღმოჩენებამდე“, — ამბობს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პატრისია ვისკერს-რიჩი.

shuotheriid-ები პალეონტოლოგებს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან აგდებს საგონებელში — მათი ცალკეული კბილების ფორმა დღევანდელი ეკვივალენტი ძუძუმწოვრებისას არ ემთხვევა.

ახალ კვლევაში, დეტალური ანალიზების შედეგები მამალიაფორმების კიდევ ერთი ჯგუფის, დოკოდენტების ფორმას დაემთხვა, რომლებიც ადრევე გამოეყვნენ ძუძუმწოვრების იმ ჯგუფს, რომელიც საბოლოოდ ჩვენი წინაპარი გახდა. შესაბამისად, ახალ ნამარხებზე დაყრდნობით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ shuotheriid-ები დოკოდონტანებთან უფრო ახლოს უნდა დავაჯგუფოთ.

რაც შეეხება ნამარხების ყურებს, მკვლევრებმა გამოავლინეს შუა ყურის საკვანძო მახასიათებლები. სწორედ შუა ყური გვაძლევს ჩვენ, ძუძუმწოვრებს ერთ-ერთი ყველაზე მახვილ სმენას მთელ დედამიწაზე. მიჩნეულია, რომ შუა ყური ყბის სახსრებიდან განვითარდა. თუმცა, დამსხვრეული, ცუდად შემონახული ნამარხები ამ ამბის დეტალების დაზუსტებას ართულებს.

მეორე კვლევაში უფრო ძველი, ქვეწარმავლის მსგავსი ძუძუმწოვრის ნამარხი ახლად აღმოჩენილი shuotheriid-ის სახეობისას შეადარეს, რაც ქვეწარმავლებიდან ევოლუციური ტრანსფორმაციის დაზუსტებაში გვეხმარება; მას ერთი შუა ყური აქვს, ძუძუმწოვრებს კი სამი.

„მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, როგორ ჩამოყალიბდა ძუძუმწოვართა შუა ყური დარვინის ეპოქის შემდეგ. ამ ახალ ნამარხებს დღის სინათლეზე გამოაქვს კრიტიკული ნაკლული რგოლი და ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას ძუძუმწოვართა შუა ყურის თანდათანობითი ევოლუციის შესახებ“, — ამბობს ნიუ-იორკის ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი ჯინ მენგი.

ორივე კვლევა სახეობათა გიგანტური რუკის დახატვას ჰგავს, რომელშიც ამოღებულია shuotheriid-ებისა და სხვა ჯგუფების დამაკავშირებელი ხაზები და შექმნილია ახალი ხაზები.

რუკების ამ სახის გადაკეთება გვეხმარება იმის დადგენაში, როგორ ჩამოყალიბდა თვისებები დროთა განმავლობაში, დამოუკიდებლად თუ სინქრონულად, უკვე აქედან კი გვიჩვენებს იმ სხვადასხვა გარემოებით წნეხს, რამაც შეიძლება ამაში წვლილი შეიტანა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლევა კიდევ უფრო ავსებს ამბავს იმისა, თუ როგორ და რატომ ჩამოყალიბდნენ ძუძუმწოვრები — ასობით მილიონი წლის წინ მოხეტიალე ერთი ციცქნა არსებების წყალობით. ამას გარდა, ეს კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, როგორ შეუძლია ევოლუციურ საიდუმლოებს ახალი ნათელი მოჰფინოს ახალ ნამარხთა აღმოჩენებმა და ამ სახის კვლევებმა.

„დამატებითი ეგზემპლარები და სხვადასხვა მეთოდები სხვადასხვა ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. სწორედ ასე მუშაობს მეცნიერება“, — ამბობს მონაშის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ტომას რიჩი.

პუბლიკაციები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. შეგიძლიათ იხილოთ ამ და ამ ბმულზე.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.