ქარვის ნატეხში 100 მლნ წლის წინანდელი ზღვის ბინადრები აღმოაჩინეს
ქარვის ნატეხში 100 მლნ წლის წინანდელი ზღვის ბინადრები აღმოაჩინეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში, მიანმარში მოპოვებული ქარვა წარმოუდგენლად მდიდარი რესურსია 100 მილიონი წლის წინ დედამიწაზე არსებული ბუნებრივი გარემოს შესასწავლად. ბოლო წლებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქარვაში ჩაჭედილი ბაყაყები, გველები, ლოკოკინები, ჭიანჭველები, ბუმბულებიანი ციცქნა დინოზავრები და ტკიპებიც კი. ყველა მათგანს საერთო ის აქვთ, რომ ისინი ხმელეთის ბინადარნი იყვნენ.

თუმცა ახლახან, მიანმარში ნაპოვნ ცარცული პერიოდის ქარვის პატარა ნატეხში პალეონტოლოგებმა რაღაც საკმაოდ უცნაური იპოვეს — ზღვის ბინადრები ხმელეთის ბინადართა გვერდით.

მათ შორის არის ოთხი ზღვის ლოკოკინა და ოკეანის მოლუსკი ამონიტი. მათ გვერდით არის სანაპირო ზონის იზოპოდები და პლაჟის ქვიშა.

გარდა ამისა, ქარვაში ასევე ჩაჭედილია 22 ობობა, 12 სხვადასხვა მწერი და მრავალფეხიანი. საოცარი ის არის, რომ ყველა ეს არსება მოქცეულია 33X9,5X29 მილიმეტრის ზომის ქარვის ნატეხში.

როგორც კვლევაში წერია, ქარვაში წყლის და განსაკუთრებით ზღვის ორგანიზმების პოვნა უიშვიათესია.

ქარვის ეს ნატეხი ნამდვილად იდუმალია. პალეონტოლოგები ამ დრომდე ვერ ადგენენ მის ზუსტ ასაკს.

ნატეხი ვულკანურ ქანებში იპოვეს. ამ ქანებში არსებული თუთიის ურანით დათარიღების შედეგად ირკვევა, რომ ისინი მაქსიმუმ 98,8 მილიონი წლისაა. თუმცა, ქარვის ზემოთ არსებულ ქვიშაქვის ფენაში ნაპოვნია განმარხებული მოლუსკი ამონიტი, რომელიც დედამიწაზე 113 მილიონი წლის წინ გაჩნდა და უკვე გადაშენებული იყო 100,5 მილიონი წლის წინ.

შესაძლებელია, რომ ქარვა იმ ქანებზე ძველი იყოს, რომელშიც იპოვეს, ანუ მისი ასაკი 113 მილიონ წელზე მეტი იყოს.

საბედნიეროდ, გაცილებით მარტივია იმის გარკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთ პატარა ნატეხში ერთად თავმოყრილი ამდენი სხვადასხვა არსება.

ამონიტებისა და ზღვის გასტროპოდების ნიჟარები ცოტა გაცვეთილია, ამოვსებულია ქვიშით, მოტეხილია ნიჟარის დიდი ნაწილი. არსად შეიმჩნევა მათი რბილი ქსოვილებიც.

დიდი ალბათობით, მცენარეების ფისი, რომლისგანაც ქარვა წარმოიქმნება, წყალში ჩაძირვის შედეგად არ არის გამყარებული. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფისი წყალში ჩავიდა და ცხოველები მასში ამ გზით ჩაეწებნენ.

გამომდინარე აქედან, პალეონტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქარვაში ზღვის უკვე მკვდარი არსებები ჩაეწებნენ, კონკრეტულად კი ტალღების მიერ პლაჟზე გამორიყული ნიჟარები.

კვლევაში წერია, რომ სანაპიროსთან ახლოს იზრდებოდა ტყე, შესაძლოა ზედ პლაჟზეც, რომლის ხეების ფისისგანაც ქარვა წარმოიქმნებოდა.

ხეების წვენი პლაჟზე ეცემოდა, რომელშიც ეწებებოდნენ ხმელეთის ანთროპოდები და ტალღების მიერ გამორიყული ნიჟარები.

გაქვავებული ქარვა თანდათან ქვიშაქვის ქანებმა დაფარა. სწორედ ამ გზით შემორჩნენ ეს უძველესი, განმარხებული არსებები ისტორიას მილიონობით წლის განმავლობაში.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია pnas.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.