აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული 112 მილიონი წლის წინანდელი მთელი ეკოსისტემა — #1tvმეცნიერება
ეკვადორის ერთ-ერთ კარიერში აღმოაჩინეს ქარვა, რომელშიც დროში გაყინული, 112 მილიონი წლის წინანდელი მთელი ეკოსისტემაა განმარხებული. სცენა მოიცავს მწერებს, ყვავილის მტვერს და ობობას ქსელის ძაფებსაც კი.
ეს გახლავთ სამხრეთ ამერიკაში ქარვაში განმარხებული მწერების პირველი დიდი აღმოჩენა, რომელიც ცარცული პერიოდის სამხრეთ ნახევარსფეროს სიცოცხლის უპრეცედენტო ხედს გვთავაზობს.
ქარვა ეკვადორის ხენოვევას კარიერში აღმოაჩინეს და და შიგნით სულ მცირე ხუთი რიგის მწერია ჩაჭედილი, მათ შორის, ბუზების, სოკოს ხოჭოს ხოჭოების, კრაზანებისა და რუისელების სახეობები.
ასევე შეიცავს ობობასნაირების აქტივობის მტკიცებულებას ობობას ქსელის ფრაგმენტის სახით. აბლაბუდას ძაფების ორიენტაცია მიუთითებს, რომ ის თანამედროვე წრიული აბლაბუდების სტილშია მოქსოვილი, მაგრამ აკლია ამ სახის ქსელისთვის დამახასიათებელი წებოვანი წვეთები.
„აღმოჩენა გვთავაზობს პირდაპირ მტკიცებულებას ნოტიო, ფისოვანი ტყის ეკოსისტემისა და მისი ფეხსახსრიანების ფაუნისა ცარცულ-ფისოვანი პერიოდის ეკვატორულ გონდვანაში“, – წერს პუბლიკაციაში მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ბარსელონის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ხავიერ დელკოსი ხელმძღვანელობდა.
გონდვანა იყო ხმელეთის უდიდესი მასა, ანუ სუპერკონტინენტი, რომელმაც ტრიასულ და იურულ პერიოდებში დაიწყო დაშლა და წარმოქმნა დღევანდელი სამხრეთის კონტინენტები — სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია.
ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მაგრამ პლანეტის სამხრეთ ნახევარში იშვიათად პოულობენ. დაახლოებით 122 მილიონი წლის წინ, ბარემულ პერიოდში, მთელ მსოფლიოში უზარმაზარი ოდენობით ხის ფისი წარმოიქმნებოდა წიწვოვანი ხეებისგან; დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ, ეს ხეები სხვა ყველა მცენარეზე მეტი იყო.
ეს წებოვანი ნივთიერება — კარბოქსილის მჟავების, ეთერებისა და ნახშირწყალბადების ნაზავი — ხეებს ზიანისგან აღდგენაში ეხმარება და ეხმარება მათი ფესვებისა და ტოტების შეჭმის მსურველთა თავიდან აცილებაში.

ეს ფისი წარმოქმნილია არაუკარიასებრი ხეების მიერ, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული იურულ და ცარცულ პერიოდებში და რამდენიმე სახეობა დღესაც წარმოდგენილია სამხრეთ ნახევარსფეროში.
დელკლოსმა და მისმა ჯგუფმა კარიერში ორი სხვადასხვა სახის ქარვა გამოავლინა: ერთი ხის ფესვებიდან მიწაში გაჟონილი ფისისგანაა წარმოქმნილი; მეორე მიწის ზემოთ, როცა ფისი ჰაერთან კონტაქტში შევიდა და ჩაიჭირა ხეებზე მოძრავი მწერები.
მიუხედავად იმისა, რომ მწერებიანი ქარვა უფრო სახელგანთქმულია, სინამდვილეში ის უფრო იშვიათია; ქარვის დანალექთა უმეტესობა ხის ფესვებისაა, რომლებშიც ძალიან ცოტაა განმარხებული სიცოცხლის ფორმები.
თუმცა, მიწის ქვეშაც კი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქარვის ნიმუშები შეიცავს ხის ფისის მჭამელი სოკოების მტკიცებულებებს. ხენოვევას ქარვაში ეს სოკოები საოცრად მწირად იყო წარმოდგენილი.
ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ აღმოაჩინეს ამ ადგილას ასე ბევრი ფესვების ფისი. ავტორთა ვარაუდით, ალბათ ნიადაგი წყლით იმდენად იყო გაჯერებული, რომ სოკოები დათრგუნული იყო.
მიწის ზემოთ ქარვა წებოვანი ხაფანგივით მოქმედებს — მილიონობით წლის განმავლობაში, დღემდე ინახავს უხერხემლო პოპულაციათა თითქმის ხელუხლებელ ნიმუშებს.
„ეს აღმოჩენა და მასთან დაკავშირებული მცენარეული ნაშთები ქარვის შემცველ ქანებში, ზრდის ჩვენს გაგებას გონდვანის ტყეების ფეხსახსრიანთა ფაუნისა და ფლორის შესახებ ეკოსისტემის დიდი ტრანსოფრმაციის პერიოდში“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ შემდეგი საველე სამუშაოები მეცნიერებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ როგორ იყო სამხრეთ ამერიკის ფლორა და ფაუნა დაკავშირებული გონდვანის იმ სხვა ნაწილებთან, სადაც ქარვა ასევე აღმოჩენილია.
კვლევა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.