აღმოჩენილია 16 მილიონი წლის ქარვაში განმარხებული ნელამავალის ახალი სახეობა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 16 მილიონი წლის ქარვაში განმარხებული ნელამავალის ახალი სახეობა — #1tvმეცნიერება

დომინიკელთა რესპუბლიკაში აღმოაჩინეს ქარვაში განმარხებული ნელამავალი, რომელიც ამ უცნაური, უდრეკი არსების ოჯახური ხის იშვიათ შტოს მიეკუთვნება.

ნამარხი დაახლოებით 16 მილიონი წლის წინანდელია, ეკუთვნის მიოცენის ეპოქას და ამ დროისათვის ქარვაში განმარხებული მხოლოდ მესამე ნელამავალია, რომელიც სრულად აღწერეს და სახელიც მიანიჭეს. მეცნიერთა განცხადებით, ასეთი იშვიათობის მიზეზი ის არის, რომ ეს არსებები ძალიან პატარები არიან და მათი სხეული არ წარმოქმნის იმ მინერალებს, რომლებიც წლებს უძლებს.

ციცქნა ნამარხი ახალ სახეობას წარმოადგენს და შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს ნელამავალთა ევოლუციური ისტორიის შევსებაში; ცხოველთა ეს ტიპი როგორღაც გადაურჩა ჩვენთვის ცნობილ ყოველ მასობრივ გადაშენებას. აღმომჩენებმა მას Paradoryphoribius chronocaribbeus-ი უწოდეს და თანამედროვე ნელამავალთა სუპეროჯახს, სახელად იზოჰიპსიბიოიდებს მიაკუთვნეს.

„ნამარხი ნელამავალის აღმოჩენა ნამდვილად ისეთი მოვლენაა, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება. ეს მოვლენა იმით არის ზედმეტად გამორჩეული, რომ ნელამავალები ყველგანმყოფი უძველესი ხაზია, რომელიც მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, დინოზავრების გადაშენებიდან პლანეტის სახმელეთო კოლონიზაციის აღმასვლამდე“, — ამბობს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგი ფილ ბარდენი.

მისი განცხადებით, ისინი პალეონტოლოგებისთვის მოჩვენებასავით ხაზია, რომლის ნამარხებიც თითქმის არ არსებობს. ნელამავალის რაიმე სახის ნამარხის აღმოჩენა ფრიად ამაღელვებელია, რადგან მეცნიერებს ემპირიულად შეუძლიათ ნახონ მათი პროგრესი დედამიწის ისტორიაში.

ნელამავალებს გადარჩენის საოცარი უნარი აქვთ. გარემო პირობების გაუარესებისას, მათ შეუძლიათ გამოშრობა, სხეულის რეკონფიგურაცია და მიძინების რეჟიმში წლობით გადასვლა.

შეგიძლიათ ფაქტობრივად ნებისმიერი რამ დამართოთ: გაყინოთ, გამოულიოთ ჟანგბადი, მოათავსოთ მაღალი წნევის ქვეშ, კოსმოსის ვაკუუმშიც კი, კოსმოსური რადიაციის ქვეშ, მოხარშოთ და თოფიდანაც კი გაისროლოთ — მაგრამ მაინც გადარჩნენ. მათი ევოლუციური ისტორია ბურუსით არის მოცული.

დომინიკურ ქარვაში აღმოჩენილი ციცქნა ნელამავალი მიკროსკოპული ზომისაა, სიგრძეში სულ რაღაც ნახევარი მილიმეტრი. შესაბამისად, ჩვეულებრივი მიკროსკოპით მისი შესწავლა შეუძლებელი იყო და ის კონფოკალური მიკროსკოპით შეისწავლეს.

ნელამაბალის აპკი ქიტინოვანი შემადგენლობისაა და მისი აღგზნება ადვილია კონფოკალური მიკროსკოპის ლაზერებით.

შედეგად, მკვლევრებმა ნელამავალის ნამარხის ამ დროისათვის საუკეთესო სურათები მიიღეს. ფოტოებზე აშკარად ჩანდა ნელამავალის პატარა ბრჭყალები, მისი პირის აპარატი, ანუ წინა ნაწლავი, რაც ცხადყოფდა, რომ ისინი ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თანამედროვე ნელამავალებს ჰგავს, კონფოკალური ლაზერ-მიკროსკოპით დავინახეთ, რომ მას აქვს წინა ნაწლავის უნიკალური ორგანიზება, რამაც დაგვარწმუნა, რომ გამოგვეყო ახალი გვარი ნელამავალთა სუპეროჯახის ამ დღემდე მოღწეულ ჯგუფში“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ნელამავალთა სპეციალისტი მარკ მაპალო.

მისი განცხადებით, Paradoryphoribius-ი იზოჰიპსიბიოიდების სუპეროჯახის ერთადერთი გვარია, რომელსაც ასეთი სპეციფიკური ხასიათის განლაგება აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეუძლიათ უკეთ შეისწავლონ ის ევოლუციური ცვლილებები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში განიცადეს ნელამავალებმა.

Paradoryphoribius-ი ნელამავალის ერთადერთი ნამარხია, რომელიც ამჟამინდელ ეპოქას, კაინოზოურს მიეკუთვნება. დანარჩენი ორი უფრო ძველია: 2000 წელს აღწერილი Milnesium swolenskyi დაახლოებით 90 მილიონი წლის წინანდელია, 1964 წელს აღწერილი Beorn leggi კი დაახლოებით 72 მილიონი წლის წინანდელი, ანუ, ორივე მათგანი მეზოზოურ ხანას ეკუთვნის.

ნამარხთა მცირე რაოდენობის გამო, ერთი ნამარხის აღმოჩენაც კი უამრავ ცნობას გვაძლევს. მხოლოდ ქარვის დათარიღებითაც კი, მკვლევართა ჯგუფმა მისი მინიმალური ასაკის დადგენა შეძლო.

„თუკი ნელამავალთა გარე მორფოლოგიას შეხედავთ, შეიძლება გეგონოთ, რომ მათ სხეულს რაიმე ცვლილება არ განუცდია. თუმცა, შიდა მორფოლოგიის ვიზუალიზაციისთვის კონფოკალური ლაზერ-მიკროსკოპის გამოყენებით, დავინახეთ მახასიათებლები, რომლებიც გადარჩენილ სახეობებში არ შეიმჩნევა, მაგრამ ნანახი გვაქვს ნამარხებში“, — ამბობს მაპალო.

მისი განცხადებით, ეს იმის გაგებაში გვეხმარება, რა ცვლილებები მოხდა სხეულში მილიონობით წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ნელამავალებს გარეგნულად შეიძლება რაიმე ცვლილება არ ჰქონდეთ, მაგრამ შინაგანად იყვნენ შეცვლილი.

აღმოჩენა ადასტურებს იმასაც, რომ ქარვა შეიძლება ნელამავალთა ნამრხების ხელუხლებელი რესურსი იყოს. ვინაიდან ეს არსება ნესტიან გარემოში ბინადრობს, სადაც ხეებიც არის, და თანაც მათი ციცქნა სხეულის განმარხება ადვილი არ არის, ქარვა საუკეთესო წყარო ჩანს.

თუმცა, რადგან ისინი ასეთი პატარები არიან, არ არის გამორიცხული, რომ ნელამავალთა ნამარხებს ქარვაში უბრალოდ ვერ ვამჩნევთ.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა სხვებს ქარვის ნიმუშთა უკეთესად შემოწმებას შთააგონებს, რათა უფრო მეტი ვისწავლოთ ამ უცნაური, უმტკიცესი არსებების შესახებ.

„ცოცხალ ნელამავალთა შესწავლის თვალსაზრისით, ჯერ მხოლოდ აისბერგის წვეტზე ვართ, განსაკუთრებით კარიბის ზღვის აუზში, სადაც მათ გადარჩენა ვერ შეძლეს“, — აღნიშნავს ბარდენი.

მისივე განცხადებით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნელამავალთა ნამარხების სიმწირეს რომ თავი დავანებოთ, მათი დღეს არსებული სახეობების შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით.

კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.njit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი