როგორ დადიან პლანეტის ყველაზე ამტანი არსებები, მიკროსკოპული ნელამავალები — #1tvმეცნიერება
როგორ დადიან პლანეტის ყველაზე ამტანი არსებები, მიკროსკოპული ნელამავალები — #1tvმეცნიერება

ნელამავალები ნამდვილად უცნაურები არიან. გაუწყლოებისას მინად გადაიქცევიან, შემდეგ თოფიდან გაისროლეთ, მაგრამ როგორც კი წყალს დაასხამთ, ისინი კვლავ ცოცხალ არსებებად გადაიქცევიან. მათი უცნაურობა ამით არ მთავრდება — შარშან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ქმნილებებს დნმ-ის სპეციალური ჯავშანი ცილებიც აქვთ.

თუმცა, თუკი მათ ასეთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს დავივიწყებთ, ნელამავალები კიდევ ბევრ სხვა საიდუმლოს მალავენ. მაგალითად, როგორ გადაადგილდებიან?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი იმ ერთ-ერთ უიშვიათეს, რბილსხეულიან პატარა ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც სიარული შეუძლიათ; გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცხოველები არიან, რომლებსაც ფეხები აქვთ.

„ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და თავდაპირველად გასაკვირი რამ ნელამავალთა სიარულის შესახებ იყო ის, რამდენად კარგად ახერხებენ ისინი ამას. აქვთ რეგულარული სვლა, რითაც აშკარად ჰგვანან გაცილებით დიდ ცხოველებს“, — ამბობს როკფელერის უნივერსიტეტის ბიოლოგი ჯასმინ ნიროდი.

ამიტომ, ნიროდიმ და მისმა კოლეგებმა ნელამავალთა სახეობა Hypsibius dujardini-ს სიარული ჩაიწერეს, რათა შეესწავლათ მათი სვლა და ფეხების კოორდინაცია. შედეგები საოცარია.

„მათთვის არაფერი დაგვიძალებია. ზოგჯერ ისინი უბრალოდ სუბსტრატის გარშემო დადიოდნენ, ზოგჯერ კი თითქოს რაღაცას ხედავდნენ და მისკენ მიიჩქაროდნენ“, — ამბობს ნიროდი.

ჯგუფმა საკვლევი ნელამავალები სხვადასხვა ზედაპირზე ატარა და დაადგინა, რომ მათი სვლის მახასიათებლები ძალიან ჰგავს მწერებისას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ჯგუფი ძლიერ სხვადასხვა ზომისაა და სრულიად სხვადასხვაგვარი აგებულება აქვთ.

იმის გასარკვევად, როგორ იცვლებოდა მათი სიარული სხვადასხვა გარემოში, მკვლევრებმა გადაიღეს ამ ციცქნა არსებათა სვლა გლუვ მინაზე (რომელზეც დიდად შორს ვერ წავიდნენ) და ორი სხვადასხვა სიმყარის მქონე გელზე.

„დავადგინეთ, რომ ნელამავალები „ჭენების“ მსგავსი მახასიათებლით გადაადგილდებიან რბილ სუბსტრატებზე. ასეთი სტრატეგია ასევე შემჩნეულია ფეხსახსრიანებში, რათა უფრო ეფექტიანად იარონ დენად ან გრანულირებულ ზედაპირებზე“, — წერენ მკვლევრები.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ჰგავს ნელამავალების სიარული მწერებისას ასე ძლიერ. მკვლევრებმა ჯერ დაზუსტებით არც ის იციან, ამის მიზეზი მათი პოტენციური საერთო წინაპარია თუ სიარულის თვისება ამ ორ ორგანიზმში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.